„ქართული ოცნების“ მიერ პარლამენტში შექმნილმა დროებითმა კომისიამ, რომელიც სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შესწავლის მიზნით შეიქმნა, მუშაობა დაასრულა და დასკვნა გამოაქვეყნა.
კომისიის დასკვნაში აღნიშნულია, რომ საქართველოში საცალო სექტორის მომგებიანობის მაჩვენებლები გადაჭარბებულ მარჟებზე არ მიუთითებს და საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება.
სასურსათო პროდუქციის ფასები
კომისიის დასკვნის თანახმად, სწრაფი მოხმარების პროდუქტების სექტორში ფასის ფორმირება წარმოადგენს კომპლექსურ, მრავალფაქტორულ პროცესს, რომელიც განისაზღვრება ღირებულებათა ჯაჭვის ყველა რგოლის – მწარმოებლების, იმპორტიორების/დისტრიბუტორებისა და საცალო ქსელების ერთობლივი გავლენით.
შესაბამისად, კომისია ამბობს, რომ ფასი არ ყალიბდება მხოლოდ თვითღირებულებაზე ან მარჟებზე დაყრდნობით, არამედ მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული საბრუნავი კაპიტალის ღირებულებაზე, კომერციულ პირობებზე, ლოგისტიკაზე და გარე ეკონომიკურ ფაქტორებზე.
კომისიის დასკვნის თანახმად, სექტორის ანალიზი მიუთითებს, რომ:
- საცალო ბაზარი ხასიათდება კონკურენტული დინამიკით და დაბალი კონცენტრაციის დონით;
- საცალო სექტორის მომგებიანობის მაჩვენებლები შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და არ მიუთითებს გადაჭარბებულ მარჟებზე;
- ფასის ფორმირების პროცესში გადამწყვეტ როლს ასრულებს კომერციული ურთიერთობები და საბრუნავი კაპიტალის პირობები;
- ბაზარზე ფართოდ გამოიყენება მაღალი-დაბალი ფასების (Hi–Lo) მოდელი, რომლის ფარგლებში პროდუქციის მნიშვნელოვანი ნაწილი რეალიზდება ფასდაკლებებით, რაც ნიშნავს, რომ რეალური საშუალო ფასი სისტემურად დაბალია სტანდარტულ (თაროს) ფასთან შედარებით.
კომისიის დასკვნის თანახმად, იდენტიფიცირებული გამოწვევები ძირითადად უკავშირდება:
- ღირებულებათა ჯაჭვში კომერციული ძალების ასიმეტრიას;
- მაღალი საბრუნავი კაპიტალის მოთხოვნას და გადახდების გახანგრძლივებულ ვადებს;
- მიწოდების ჯაჭვის ეფექტიანობასა და ლოგისტიკურ ხარჯებს;
- ბაზრის არასაკმარის გამჭვირვალობას, განსაკუთრებით კომერციული პირობების ნაწილში.
როგორც დასკვნაშია ნათქვამი, აღნიშნული ფაქტორები ერთობლივად ქმნის ფასის ფორმირების სისტემურ გარემოს და ზღუდავს ფასების შემცირების შესაძლებლობას სტრუქტურული ცვლილებების გარეშე.
ფასების კომისიის დასკვნის თანახმად, ეფექტიანი პოლიტიკა უნდა იყოს მიმართული არა ფასების ადმინისტრაციულ კონტროლზე, არამედ ბაზრის სტრუქტურული გაუმჯობესებისკენ, გამჭვირვალობის ზრდისკენ და ღირებულებათა ჯაჭვის ეფექტიანობის ამაღლებისკენ.
კომისიის დასკვნით, ამ მიზნით რეკომენდებულია:
- საშუალოვადიან პერიოდში – ინსტიტუციური ჩარჩოს გაძლიერება, კომერციული ურთიერთობების სტანდარტიზაცია და სექტორული მონიტორინგის სისტემის განვითარება;
- გრძელვადიან პერიოდში – ლოგისტიკური ეფექტიანობის ზრდა, ასევე კერძო ეტიკეტის (Private Label) განვითარება კონკურენციის გაძლიერებისთვის;
- მოკლევადიან პერიოდში – მიზნობრივი და დროებითი ინტერვენციების გამოყენება, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებლისთვის გარკვეული კატეგორიის პროდუქტებზე ფასის შემცირებას ბაზრის ფუნქციონირების მნიშვნელოვანი დარღვევის გარეშე.
„საქართველოს სწრაფი მოხმარების პროდუქტების (FMCG) სექტორში ფასების დინამიკა განპირობებულია სისტემური ფაქტორებით. შესაბამისად, პოლიტიკის ეფექტიანობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად შეძლებს ის ბაზრის სტრუქტურული პრობლემების გადაწყვეტას, გამჭვირვალობის ზრდას და ღირებულებათა ჯაჭვის ეფექტიანობის გაუმჯობესებას. ამ პროცესში მიზნობრივი, პროპორციული და ეტაპობრივი პოლიტიკის განხორციელება წარმოადგენს აუცილებელ წინაპირობას როგორც ფასების სტაბილიზაციისთვის, ისე სექტორის მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად“, – ნათქვამია კომისიის დასკვნაში.
კომისიის დასკვნის თანახმად, საქართველოში სასურსათო კალათის მნიშვნელოვანი ნაწილის ფასი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან შედარებით უფრო დაბალია.
„საველე კვლევის შედეგები ადასტურებს, რომ საბაზისო პროდუქტების ფასებზე საუბრისას მხოლოდ თაროს ფასის შეფასება არასაკმარისია. რეალური სურათი მდგომარეობს იმაში, რომ ბაზარზე მოქმედებს აქტიური ფასდაკლების და პრომო მექანიზმები (ბაზრის მოთამაშეების კომერციული ურთიერთობების საფუძველზე), რომლებიც ამცირებს მომხმარებლისთვის საბოლოო ფასს. რომ შევაჯამოთ, საქართველოს ბაზარზე საბაზისო სასურსათო კალათის მნიშვნელოვანი ნაწილი დაბალ ფასობრივ ნიშნულზეა წარმოდგენილი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან შედარებით“, – ნათქვამია კომისიის დასკვნაში.
მედიკამენტების ფასები
ფასების კომისიის დასკვნაში ვკითხულობთ, რომ საქართველოს ფარმაცევტული ბაზარი სწრაფად მზარდია, ამასთანავე, გამოირჩევა მაღალი კონსოლიდაციითა და იმპორტზე მნიშვნელოვანი დამოკიდებულებით.
„ფარმაცევტულ სექტორში ფასის ფორმირება ეფუძნება ორ ძირითად რგოლს: მწარმოებელს/იმპორტიორს და სააფთიაქო ქსელს. აღნიშნული სტრუქტურა განპირობებულია იმით, რომ მსხვილ სააფთიაქო ქსელებს გააჩნიათ საკუთარი ლოგისტიკური ცენტრები, სადაც კონცენტრირდება მედიკამენტების მიწოდება და საიდანაც ხდება მათი შემდგომი გადანაწილება ქსელის მიერ საკუთარ აფთიაქებში. შედეგად, დისტრიბუციის ფუნქცია ინტეგრირებულია ქსელის დონეზე, რაც ამცირებს დამატებითი შუამავალი რგოლების საჭიროებას, ამარტივებს მიწოდების პროცესს და ზრდის ოპერაციულ ეფექტიანობას, რაც თავის მხრივ გავლენას ახდენს მომხმარებლისთვის საუკეთესო ფასის შეთავაზებაზე“, – ნათქვამია დასკვნაში.
კომისიის შეფასებით, საქართველოს ფარმაცევტული ბაზრის სეგმენტური ანალიზი აჩვენებს, რომ მედიკამენტები, ბიოლოგიურად აქტიური დანამატები, ბავშვთა კვების პროდუქტები და პარაფარმაცია ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავებული ეკონომიკური ლოგიკით ფუნქციონირებს.
„ბაზარზე საბოლოო ფასი ფორმირდება რამდენიმე პარალელური მექანიზმის ერთობლიობით – რეფერენტული ფასების სისტემა, GMP და GDP სტანდარტები, ასევე მიწოდების ჯაჭვის სიგრძე და სტრუქტურა, გარე ფაქტორები და კომერციული სტრატეგიები.
მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით კომისიის დასკვნა შემდეგ რეკომენდაციების გასცემს:
- რეფერენტული ფასების სისტემის გაფართოება
- ქრონიკული დაავადებების მართვის პროგრამის გაფართოება
- რეგისტრაციის მექანიზმების ოპტიმიზაცია და ეროვნული რეჟიმის გაძლიერება
- მონიტორინგის და დეფიციტების პრევენციის ინტეგრირებული სისტემა
- ბავშვთა კვების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება.
საწვავის ფასი
კომისიის დასკვნის თანახმად, საწვავის ფასების ფორმირებაზე გადამწყვეტ გავლენას ახდენს საერთაშორისო ნავთობის ფასი, გაცვლითი კურსი და ლოგისტიკური ხარჯები.
როგორც დასკვნაშია აღნიშნული, საქართველოში საწვავზე აქციზი ევროპულ ქვეყნებთან შედარებით მნიშვნელოვნად დაბალია, ამიტომ მისი შემცირება ფასების მდგრადი კლების ეფექტიან მექანიზმად ვერ ჩაითვლება.
დასკვნის თანახმად, ფასებზე უფრო დიდი გავლენა აქვს გარე შოკებს, იმპორტის წყაროების კონცენტრაციას, ლოგისტიკას და მარაგების მართვას.
„საქართველოს საწვავის სექტორის მთავარი სტრუქტურული გამოწვევა არის მიწოდების წყაროების შეზღუდული დივერსიფიკაცია. 2025 წელს იმპორტის მნიშვნელოვანი ნაწილი მოდიოდა რუსეთზე, ბულგარეთზე, რუმინეთსა და აზერბაიჯანზე, რაც ბაზარს მოწყვლადს ხდის გეოპოლიტიკური, სანქციური ან ლოგისტიკური შეფერხებების მიმართ“, – ნათქვამია დასკვნაში.
საწვავის ფასებთან დაკავშირებით კომისიის მთავარი რეკომენდაციებია:
- სტრატეგიული მარაგების მართვის გაუმჯობესება
- იმპორტის წყაროების დივერსიფიკაცია
- ლოგისტიკური ჯაჭვის ოპტიმიზაცია და თვითმომსახურების მოდელების ეტაპობრივი დანერგვა.
„საერთო ჯამში, საწვავის ფასების სტაბილურობა საქართველოში უფრო მეტად მიიღწევა კონკურენციის გაღრმავებით, მიწოდების უსაფრთხოებითა და ბაზრის გამჭვირვალობით, ვიდრე ფასების ადმინისტრაციული კონტროლით“, – ნათქვამია დასკვნაში.
ფასების კომისიის დასკვნას მხარს არ უჭერს პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრები, რომლებიც კომისიაში შედიოდნენ.
„რამდენიმე თვის წინ თავად „ოცნებამ“ აღიარა, რომ საქართველოში ფასები ევროპაზე ძვირია და ირაკლი კობახიძემ გასცა ფუჭი დაპირება, რომ აპრილში ფასები შემცირდებოდა. დღეს 1 მაისია, ირაკლი კობახიძე კი TV იმედის ცნობითაც – მატყუარა პრემიერ-მინისტრი. ფასები კი არ შემცირდა – გაძვირდა. ფასების კომისიაზე მუშაობა „ოცნებამ“ დაასრულა ერთადერთი დასკვნით – რომ მათი ჯადოსნური ჯოხი მხოლოდ მათ ჯიბეებს ზრდის, მაგრამ ფასებს ვერ ამცირებს. ვეთანხმებით „ოცნებას“. მათ ნამდვილად არაფრის გაიაფება არ შეუძლიათ, რადგან გაძვირებული ცხოვრება სწორედ ოცნების კორუფციითა და გაუმაძღობითაა გამოწვეული“, – განაცხადა გახარიას პარტიის წევრმა, შალვა კერესელიძემ.
ამ ეტაპზე დასკვნას მხარს არ უჭერს „ქართული ოცნების“ სატელიტი „ხალხის ძალაც“. როგორც „ხალხის ძალის“ წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, მათ დასკვნა გვიან მიეწოდათ და ფიზიკურად ვერ მოახერხეს სრულფასოვნად გასცნობოდნენ.
„დოკუმენტზე რატომ გვიჭირს მხარდაჭერა?- ამ მცირე დროის გამო. ჩვენ ვერ შევძელით, ეს სრულფასოვნად აგვეთვისებინა. ეს არ არის მხატვრული ლიტერატურა და საკმაოდ რთული დოკუმენტია, ამას სჭირდება ჩაღრმავება. უფრო მეტად რაც შევამჩნიეთ, ეს ჰგავს უფრო სამეცნიერო ნამუშევარს, რაც საფუძვლად კარგი გამოსაყენებელია, რომ სწორი რეკომენდაციები იქნას შემუშავებული. 100-გვერდიანი დოკუმენტი, ვერ ვიტყვი, რომ გამოუსადეგარია, ან ნაშრომი არ არის, თუმცა რეკომენდაციები ნაკლებ წონადად არის წარმოდგენილი.
კარგი დოკუმენტია, მაგრამ მინიმუმ სჭირდება დრო, რომ გავეცნოთ და ასევე, აუცილებლად საჭიროა, რომ უფრო მეტი კონკრეტული რეკომენდაციები იქნას გაცემული. ახლა მხარს არ ვუჭერთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამას საერთოდ მხარს არ დავუჭერთ. შესაძლოა, დიდი ალბათობით, მხარს დავუჭერთ, მაგრამ მას შემდეგ, რაც გავეცნობით“,- განაცხადა ხუნდაძემ.

3 days ago
2






English (US) ·
Georgian (GE) ·