„2023 წელს ევროკავშირმა საქართველოს ევროპული ოჯახის კარი გაუხსნა და ის გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა. ეს ისტორიული მომენტი ერთად ვიზეიმეთ. დღეს კი, სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლების ქმედებების შედეგად, ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია“, - განაცხადა ელჩმა ჰერჩინსკიმ.
„თუ ეს ვითარება არ შეიცვლება, საქართველომ, შესაძლოა, დიდი ხნით დაკარგოს ევროკავშირის წევრობის შანსი. მეტიც, საქართველოს დემოკრატია ისევ საფრთხეშია“, - განაცხადა მან თბილისში, „ექსპო ჯორჯიაში“ 9 მაისს, ევროპის დღეს გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე.
ეს სიტყვები - და თავისი გამოსვლის ბოლო ნაწილი - პაველ ჰერჩინსკიმ ქართულად წარმოთქვა.
„თუკი საქართველო დაუბრუნდება დემოკრატიული განვითარების გზას, ჩვენ მზად ვართ ვიმუშაოთ ერთად, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის“, - დასძინა მან.
„ვერ ვხედავთ სურვილს“
მოგვიანებით, უკვე ჟურნალისტებთან საუბრისას, ელჩმა ჰერჩინსკიმ სინანული გამოხატა იმის გამო, რომ საქართველო არ იყო წარმოდგენილი ვარშავაში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეკრებაზე. თბილისიდან არავინ მიუწვევიათ.
„როგორც ევროკავშირის ელჩს საქართველოში, გული მწყდება, რომ გუშინ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებისა და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა საქართველოს მონაწილეობის გარეშე გაიმართა“, - თქვა მან.
„ჩვენ საქართველოს 2023 წლის დეკემბერში მივანიჭეთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი იმ მოლოდინზე დაყრდნობით, რომ არა მხოლოდ ქართველი ხალხის, არამედ ხელისუფლების ნებაა, საქართველო ძალიან სწრაფად გახდეს ევროკავშირის წევრი. ამისათვის, - როგორც ჩვენ ხმამაღლა და ნათლად განვაცხადეთ, - საქართველომ მნიშვნელოვანი რეფორმები უნდა გაატაროს“, - თქვა ჰერჩინსკიმ.
მისი თქმით, „ეს რეფორმები [სპეციალურად] საქართველოსთვის არ არის შექმნილი“: „ეს რეფორმები უნდა გატარდეს ყველა იმ ქვეყანაში, რომლებსაც სურთ ევროკავშირის წევრობა“.
„სამწუხაროდ, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მომენტიდან, ჩვენ ვერ ვხედავთ რაიმე პროგრესს, რაიმე შესაძლებლობას, რაიმე სურვილს, რომ საქართველო რაც შეიძლება სწრაფად გახდეს ერთ-ერთი ჩვენგანი. პირიქით … - საქართველოს ხელისუფლების მიერ ბოლო ერთი წლის განმავლობაში განხორციელებული ქმედებები, მიღებული გადაწყვეტილებები, კანონმდებლობა საქართველოს, ევროკავშირის წევრობასთან დაახლოების ნაცვლად, აშორებს მისგან და ამას შედეგები მოჰყვება“.
„ქართული ოცნების“ მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა „ორმაგი სტანდარტებით“ ახსნა მიზეზი, რის გამოც ვერ მოხვდა ვარშავაში საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეკრებაზე.
„ორმაგი სტანდარტია ყველგან“, - ამბობს ბოჭორიშვილი ვარშავაში მინისტრების შეკრებაზე მის არყოფნაზე
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები არ მიუწვევიათ არც „ევროპის დღეს“ თბილისში გამართულ ღონისძიებებზე.
„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მოსაწვევი არ მიუღიათ, ამასთან, ევროკავშირის საელჩო „პროტოკოლის სტანდარტების“ დარღვევაში დაადანაშაულა.
ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ამასთან დაკავშირებით თქვა, რომ „ეს არის ღია ღონისძიება“ და საელჩომ „ყველა დაპატიჟა“ მედიით, სოციალური მედიითა და სარეკლამო პოსტერებით, ხოლო პერსონალური მოსაწვევები არც ამჟამინდელი და არც ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებისათვის არ გაუგზავნიათ.