საფრანგეთის ლტოლვილებისა და მოქალაქეობის არმქონე პირების უწყებამ (OFPRA) დაიწყო პროცედურა რუსი მხატვრისთვის და აქტივისტისთვის, პიოტრ პავლენსკისთვის ლტოლვილის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ. ამ ცნობას თავად პავლენსკი ავრცელებს და აქვეყნებს შესაბამის ცნობას, რომელიც 2026 წლის 26 მაისითაა დათარიღებული.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ პავლენსკისთვის 2017 წელს მინიჭებული ლტოლვილის სტატუსი შესაძლოა გაუქმდეს ორი განაჩენის გამო, რომლებიც პავლენსკის მანამდე საფრანგეთში გამოუტანეს. ამ განაჩენების საფუძველზე ხელისუფლება შესაძლოა "მივიდეს დასკვნამდე, რომ საფრანგეთის ტერიტორიაზე თქვენი ყოფნა სერიოზულ საფრთხეს უქმნის საფრანგეთის საზოგადოებას" - ვკითხულობთ წერილში. პავლენსკის სთავაზობენ 21 დღის განმავლობაში წარმოადგინოს ახსნა-განმარტება სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე და ასევე წარმოადგინოს დოკუმენტები და სხვა მტკიცებულებები ლტოლვილის სტატუსის შესანარჩუნებლად.
"როგორც ჩანს, საფრანგეთის ხელისუფლებას საერთოდ არ მოსწონს სუბიექტ-ობიექტური ხელოვნება" - წერს პავლენსკი წერილზე კომენტარის სახით.
პიოტრ პავლენსკიმ სახელი გაითქვა აქციებით, რომლებსაც რუსეთში დგამდა. მის გახმაურებულ აქციებს შორის იყო ცეცხლის წაკიდება რუსეთში კა-გე-ბე-ს მემკვიდრე ორგანიზაციის შტაბბინის კარისათვის, ტუჩების ამოკერვა პანკი აქტივისტების მხარდაჭერის დემონსტრირებისთვის და საკუთარი ყურის ბიბილოს მოჭრა ფსიქიატრიულ კლინიკასთან.
ორი აქციის გამო პავლენსკის წინააღმდეგ რუსეთში სისხლის სამართლის საქმეები აღიძრა. 2014 წელს საქმე აღძრეს ვანდალიზმის მუხლით, პეტერბურგის ხიდზე საბურავების დაწვის გამო, 2016 წელს მან რამდენიმე თვე დაჰყო საგამოძიებო იზოლატორში, მას მერე, რაც მოსკოვში ეფესბეს შენობის კარს წაუკიდა ცეცხლი. მოგვიანებით მას ჯარიმა გამოუწერეს, კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის დაზიანების მუხლით.
მას მერე, რაც საფრანგეთში მიიღო თავშესაფარი, პავლენსკის პირობითი პატიმრობა მიესაჯა პარიზში ბანკის შენობის კარისთვის ცეცხლის წაკიდებისთვის. იგი აცხადებდა, რომ ეს იყო მხატვრული აქცია. 2023 წლის ოქტომბერში პავლენსკის წელიწადნახევრით მიესაჯა პირობითი პატიმრობა, პარიზის მერობის ყოფილი კანდიდატის, ბენჟამენ გრივოს ინტიმური ვიდეოჩანაწერის გამოქვეყნების საქმეზე.
პავლენსკის წინააღმდეგ სხვადასხვა დროს ისმოდა ბრალდებები სექსუალური შევიწროებისა და ძალადობის შესახებ. თავად პავლენსკი ამ ბრალდებებს პოლიტიკურად მოტივირებულად აცხადებდა, ან ფაქტებს აღიარებდა, თუმცა უარყოფდა მათ ინტერპრეტაციას.

4 days ago
7







English (US) ·
Georgian (GE) ·