სალომე ზურაბიშვილის სახლთან სროლა იყო - დაჭრეს ორი ადამიანი

1 week ago 13

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის საცხოვრებელ სახლთან, თბილისში, გუდიაშვილის ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს, 3 მაისს გამთენიისას სროლა იყო. როგორც ზურაბიშვილი „ფეისბუკში“ წერს გაისროლეს რვა ტყვია, საიდანაც ერთი მის ეზოში დავარდა. დაჭრილია ორი ადამიანი.

ზურაბიშვილის მონათხრობის მიხედვით, ჩხუბი 40-მდე ადამიანს შორის დაახლოებით 04:20 საათზე მოდა - იყო „მუშტი-კრივი, წივილ-კივილი და ბოლოს სროლა“.

„ამ ღამეს მომხდარი ამბები უშუალოდ ჩემი ფანჯრების წინ სხვანაირად დამაფიქრებელია... ეს უკვე ჩემი უსაფრთხოების საკითხიც არაა, ეს ქალაქში უსაფრთხოების საკითხია...

ეს ქალაქის ცენტრია, სადაც კაფე ბარები გვიანამდე მუშაობს, სადაც ახალგაზრდები ღამით სეირნობენ, უცხოელების დიდი რაოდენობა ირევა“, - წერს ზურაბიშვილი და ავრცელებს ფოტოსურათებს, რომელზეც, მისი თქმით, მონიშნულია ნასროლი ტყვიების ადგილი.

რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ შელაპარაკება მოხდა უცნობ პირებს შორის, რა დროსაც იარაღით დაიჭრა ორი ადამიანი.

„საქმეზე გატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად სამართალდამცველების მიერ დადგენილია დანაშაულის ჩამდენი პირი, რომლის დაკავების მიზნით,
საქმეზე მიმდინარეობს ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება“, - აღნიშნავენ შსს-ში.

გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების კვალიფიკაციით დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის ორი (236-ე და 118-ე) მუხლით.

სრულად წაკითხვა