იტალიის საუკეთესო და ყველაზე პრობლემური საავადმყოფოები AGENAS-ის ვერსიით

17 hours ago 4

ჯანდაცვის რეგიონული სამსახურების ეროვნულმა სააგენტომ (Agenas) 2024 წელს ჩატარებული მკურნალობის შედეგების ეროვნული პროგრამის მონაცემები (PNE) წარმოადგინა. კვლევის თანახმად, იტალიის საავადმყოფოების შეფასებისთვის რვა კლინიკური სფერო განიხილებოდა: გულ-სისხლძარღვთა სისტემა, ნერვული სისტემა, რესპირატორული სისტემა, ზოგადი ქირურგია, ონკოლოგიური ქირურგია, მეანობა და მშობიარობა, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა და ნეფროლოგია. ყველა სფეროში უმაღლესი შეფასება (8 ქულა) მხოლოდ ორმა საავადმყოფომ დაიმსახურა: პიემონტში მდებარე Ospedale di Savigliano-მ და ვენეტოში მდებარე Ospedale di Mestre-მ.

კვლევაში მონაწილეობდა 1117 საჯარო და კერძო დაწესებულება, საავადმყოფოდან გაწერის ჩანაწერების, სამედიცინო მომსახურების მონაცემებისა და სასწრაფო დახმარების სერვისების გათვალისწინებით. ამ ბმულზე მოცემულია ანგარიშის დეტალები.

საერთო სურათი: ხარისხი გაუმჯობესდა, მაგრამ რეგიონული უთანასწორობა რჩება

Agenas-ის დასკვნით, მომსახურების ხარისხი საერთო ჯამში გაუმჯობესდა, თუმცა ქვეყნის ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის ღრმა უფსკრული ისევ არსებობს. რთული ონკოლოგიური ოპერაციები, გადაუდებელი კარდიოლოგიური ჩარევა და პერინატალური მზრუნველობა – ის სფეროებია, სადაც განსხვავებები ყველაზე თვალშისაცემია.

პრობლემები განსაკუთრებით მწვავეა ონკოლოგიაში (პანკრეასის და მსხვილი ნაწლავის ოპერაციები), სასწრაფო სამედიცინო დახმარების მართვაში და დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სფეროში.

იტალიის 15 საუკეთესო საავადმყოფო, სადაც სამედიცინო მომსახურება თითქმის სრულყოფილია

Agenas-ის მიზანი არ ყოფილა საავადმყოფოების პირდაპირი კლასიფიკაცია, მისი ვიზუალური რუკის ინსტრუმენტი ავლენს დაწესებულებებს, რომლებმაც მაღალ ან ძალიან მაღალ შედეგებს მიაღწიეს კლინიკური სფეროების უმეტესობაში (სულ მცირე, ექვსში, ზემოჩამოთვლილი რვა სფეროდან).

საუკეთესო საავადმყოფოები რეგიონების მიხედვით:

ლომბარდია:

Bolognini 
Maggiore di Lodi
Fondazione Poliambulanza (ბრეშია)
Papa Giovanni XXIII (ბერგამო)
Istituto Humanitas (როცანო)

ემილია-რომანია:

Bentivoglio-ს  საავადმყოფო
Fidenza-ს საავადმყოფო

ვენეტო:

Montebelluna
Cittadella
Mestre

უმბრია:

Città di Castello

ტოსკანა:

Lotti (პონტედერა)

მარკე:

Stabilimento Umberto I 

პიემონტი

Savigliano

კამპანია (ერთადერთი რეგიონი სამხრეთში):

Federico II (ნეაპოლი)

198 დაწესებულებაში კრიტიკული პრობლემები გამოვლინდა

გაანალიზებული სტრუქტურების დაახლოებით 22%-ში (198 საავადმყოფო) ხარისხის დაბალი დონე გამოვლინდა, ისინი მიწვეულები იქნებიან ნებაყოფლობით აუდიტში მონაწილეობისთვის.

განსაკუთრებით რთული სიტუაციაა სამხრეთში – ყველაზე მეტად დაზარალებული რეგიონებია:

კამპანია
სიცილია
აპულია
კალაბრია

თუმცა, როგორვ Agenas-ი აღნიშნავს, კრიტიკული შემთხვევები ჩრდილოეთშიც დაფიქსირდა: რეგიონული კუთვნილება აღარ იძლევა ყველა სტრუქტურაში სტაბილური ხარისხის გარანტიას.

საავადმყოფოების სექტორის მუშაობის განახლებული ანალიზი, რომელიც Agenas-მა გამოაქვეყნა, საშუალებას იძლევა, შეფასდეს ქვეყანაში ჯანდაცვის რეალური მდგომარეობა. Agnes-ი შენიშნავს, რომ ეს არ არის რეიტინგი, არამედ ანალიტიკური ინსტრუმენტი იმის გასაგებად, თუ სად მუშაობს სამედიცინო დახმარება რეალურად და სად საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას.

ჯანდაცვის მინისტრმა ფრანჩესკო ბოჩამ განაცხადა, რომ ეს მონაცემები შემდგომში აღდგენის ეროვნულ გეგმასთან დაკავშირებულ რეფორმების სტრატეგიაში შევა.

ნინო ხოშტარია

სრულად წაკითხვა