„გუშინ გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, სადაც ყველამ, ვინც იყო, ერთად გადავწყვიტეთ, რომ ჩვენ ჩავიბაროთ 26 მაისი. ჩავიბაროთ 26 მაისი ნიშნავს, რომ ყველა ერთად - პარტიები, საზოგადოება, არასამთავრობოები, საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტის წარმომადგენლები, ბიზნესი იქნება თუ კულტურა, ყველა ერთად, საქართველოს ყველა მოქალაქე ჩავიბარებთ 26 მაისს.
26 მაისი ჩვენია! 26 მაისი არის სიმბოლო დამოუკიდებლობის და დღეს საქართველოში დამოუკიდებლობა გადასარჩენია. ჩვენ გადავარჩენთ დამოუკიდებლობას, გადავარჩენთ ქვეყანას ყველანი ერთად ჯერ 9 მაისს, შემდეგ 26 მაისს“, - თქვა ზურაბიშვილმა.
ის „წინააღმდეგობის პლატფორმა“, რომლის ერთ-ერთი ლიდერიც თავადაა, ამ საკითხზე სამსჯელოდ გუშინ, 5 მაისს იყო შეკრებილი. ამ პლატფორმაში გაერთიანებული არიან: „ძლიერი საქართველო“, „დროა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ფედერალისტები“ და ა.შ.
2025 წლის 26 მაისს საქართველო 107-ედ აღნიშნავს დამოუკიდებლობის დღეს. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ამ დღეს დედაქალაქსა და მუნიციპალიტეტებში ღონისძიებებს მართავს. წელს პირველად საღონისძიებო სივრცეების ჩამონათვალში არ მოხვდა თბილისის მთავარი (რუსთაველის) გამზირი, სადაც 4 თვეზე მეტია აქციები იმართება, ახალი არჩევნების ჩატარებისა და აქციებზე დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით.