დღეს, 26 ივლისს, აქტივისტ თორნიკე თოშხუას მხარდასაჭერად გამართულ აქციაზე, პოლიციამ 10-მდე მოქალაქე დააკავა.
ფოტო: MO SEთავად თორნიკე თოშხუა რამდენიმე წუთით ადრე, საკრებულოს შენობასთან გაშლილი საპროტესტო ბანერის გამო დააკავეს. თოშხუას ბანერზე ეწერა: „ბიძინა ყ***? კი – არა“.
მისი დაკავების შესახებ ინფორმაცია აქტივისტმა, ლუკა ხიზაძემ, Facebook Live-ის საშუალებით გაავრცელა. პირდაპირი ეთერის კადრებში ჩანს, როგორ უახლოვდება საკრებულოსთან მდგომ თორნიკე თოშხუას რამდენიმე პოლიციელი, რის შემდეგაც მას პოლიციის ავტომობილში სვამენ და ადგილიდან მიჰყავთ.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ნეტგაზეთს“ განუცხადა, თორნიკე თოშხუა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
თორნიკე თოშხუას დაკავების შემდეგ, მის მხარდასაჭერად მოქალაქეები საკრებულოს შენობასთან შეიკრიბნენ და იმავე წარწერის მქონე ბანერები გაშალეს.
ფოტო: ნეტგაზეთიმალევე პოლიციამ აქციის მონაწილეების დაკავებაც დაიწყო. დაკავებულებს შორის არიან: ია მელითაური, ლაშა დგებუაძე, მარიამ მეყანწიშვილი, ვასო ბერიძე, სანდრო სეხნიაშვილი, მარინე ნანავა, შაკო ბაღდოშვილი, თორნიკე ტიკარიძე და ნატო ბოლქვაძე.
სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოებში ასევე ჩანს დაკავებისას როგორ ურტყამს ხელს პოლიციის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, დავით მამაგეიშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტ სანდრო სეხნიაშვილს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურ განცხადება გაავრცელა:
„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა თბილისის საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს 10 პირი, რომლებსაც საჯარო სივრცეში შეურაცხმყოფელი ბანერები ეჭირათ. გარდა ამისა, ისინი გამოთქვამდნენ შეურაცხმყოფელ ფრაზებს, არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს და წინააღმდეგობას უწევდნენ სამართალდამცველებს. პოლიციელებმა აღნიშნული პირები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს“, — ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლი წვრილმან ხულიგნობას, ხოლო 173-ე მუხლი სამართალდამცველი ორგანოს კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ან წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ თორნიკე თოშხუა მინდია შერვაშიძესთან ერთად 2025 წლის 16 აგვისტოს დააკავეს. მათ ბექა გოცირიძეზე ჯგუფურად ძალადობას ედავებოდნენ. თოშხუამ პატიმრობაში დაახლოებით ერთი წელი გაატარა, ვიდრე სააპელაციო სასამართლომ სასჯელი არ შეუმცირა და 1 ივლისს საპატიმროდან არ გაათავისუფლა.

1 hour ago
2







English (US) ·
Georgian (GE) ·