სააკაშვილი: შევთანხმდით, შემოვიერთოთ ნანუკა ჟორჟოლიანი. ჟორჟოლიანი: მოლაპარაკების ეტაპია

2 days ago 5

პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი, „ნაციონალური მოძრაობის“ დამფუძნებელი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ „ერთობლივად შეთანხმდნენ“, რომ პარტიას შემოუერთდეს ყოფილი ტელეწამყვანი „ნანუკა ჟორჟოლიანი“ - „რეფორმირების მიზნით“.

თავად ნანუკა ჟორჟოლიანი კი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილისგან წინადადება მიიღო, რასაც საინტერესოდ აფასებს, თუმცა ხაზს უსვამს, რომ ეს „ფიქრის და მოლაპარაკების ეტაპია“.

რა თქვა სააკაშვილმა?

„მე არამხოლოდ ვარცხნილობა შევიცვალე, არამედ ვგეგმავ რადიკალურ ცვლილებებს ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“, - დაწერა მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუკზე 10 ივნისს.

მან განმარტა, რომ პარტიის ლიდერების - მათ შორის საკუთარი თავის, ასევე ყოფილი თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილის - პატიმრობაში ყოფნის პირობებში, ენმ-ს „სჭირდება გაცოცხლება, ფუნდამენტური განახლება და გააქტიურება“.

„ამ მიზნით ჩვენ ერთობლივად შევთანხმდით რომ პარტიის რეფორმირებისთვის შემოვიერთოთ ბრწყინვალე ნანუკა ჟორჟოლიანი და მისი შესანიშნავი გუნდი“, - დაწერა სააკაშვილმა.

მისი თქმით, ნანუკა ჟორჟოლიანს 25 წელია იცნობს, „მას არასდროს უღალატია იდეისთვის“, გამოირჩევა „უკიდურესი სიმამაცით და ინოვაციურობით“ და „აქვს დიდი ავტორიტეტი ქვეყნის შიგნით და გარეთ“.

„თინა ბოკუჩავასთან ერთად“

მიხეილ სააკაშვილი ამავე პოსტში ახსენებს პარტიის მოქმედ თავმჯდომარეს, თინა ბოკუჩავას.

„ნანუკას აქვს ჩემი სრული ნდობა და მანდატი ჩვენს მრავალრიცხოვან წევრებთან და პარტიის თავმჯდომარე თიკა ბოკუჩავასთან ერთად ცვლილებების განსახორციელებლად“, - წერს სააკაშვილი.

თინა ბოკუჩავა 2024 წლის ივნისიდან არის პარტიის თავმჯდომარე. მან ამ პოსტზე ლევან ხაბეიშვილი ჩაანაცვლა. ჯერ ის ამ სიახლეს არ გამოხმაურებია.

ჯერჯერობით უცნობია, რა როლში და მანდატით შეუერთდება ნანუკა ჟორჟოლიანი - თუკი მიიღო ეს გადაწყვეტილება - „ნაციონალურ მოძრაობას“.

რას ამბობს ჟორჟოლიანი?

ნანუკა ჟორჟოლიანმა 10 ივნისსვე დაწერა, რომ „საინტერესო წინადადება“ მიიღო მიხეილ სააკაშვილისგან და „ნაციონალურ მოძრაობაში უნდა მოხდეს რევოლუციური ცვლილებები“.

„რა ეტაპზე ვართ? მოლაპარაკების. წინადადება საინტერესოა, გამოწვევა, გააზრებული მაქვს, რომ არც ისე მარტივი იქნება, მაგრამ ასევე მგონია, რომ შანსია დიდი ცვლილებების“, - წერს ტელეწამყვანი.

„მოკლედ, ფიქრის და მოლაპარაკების ეტაპია. შეხვედების, სხვების მოსაზრებების მოსმენის… ვაფასებ მიშას საჯარო განცხადებას რომ დიდი ცვლილებებისთვის მზადაა“, - წერს „ნანუკას ფონდის“ დამფუძნებელი.

ის ამბობს, რომ პირად საუბრებშიც „ესაა მთავარი თემა“: „კარი გაეხსნათ ახალ სახეებს, ახალგაზრდებს, იდეებით და ახლებული ხედვებით, საქართველო დიდი ჭაობიდან სწორედ ახალგაზრდულმა ხედვებმა უნდა ამოიყვანოს“.

„პარტია მეტად უნდა ენდოს მათ, როგორც თავის დროზე, მიშას ენდობოდა და ქვეყნის მართვის საჭეს აძლევდა. ახლაც ამის დროა, ახალგაზრდება უნდა შექმნან დღის წესრიგი. ამ ნაწილში ვაფასებ მიშას ნდობას“, - დაწერა მან.

სააკაშვილის წერდა, რომ „პარტია უნდა გაიხსნას ახალი ხალხისთვის“:

„ძველი გამოცდილი კადრების დაფასების ფონზე უნდა შემოვიღოთ მოქნილობა, დეცენტრალიზაცია, სასწრაფოდ ავითვისოთ ახალი ტექნოლოგიები, შევქმნათ თანამედროვე ფანდრაიზინგის სისტემა“, - დაწერა სააკაშვილმა.

სრულად წაკითხვა