სააკაშვილი: პარტია არ შეიძლება იმართებოდეს ჩემი წერილებით ან ვიწრო ჯგუფის გადაწყვეტილებებით

3 months ago 14

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელიც არის „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, საჯაროდ გამოქვეყნებულ წერილში პარტიაში პროცესების წარმართვის ახალი გზების საჭიროებებზე საუბრობს.

„ადამიანებმა უნდა იგრძნონ, რომ ეს არის მათი პარტია, მათი პოლიტიკური სახლი, სადაც თვითონ არიან ბატონ-პატრონები. პარტია არ შეიძლება იმართებოდეს ჩემი წერილებით ან ვიწრო, თუნდაც ძალიან ნიჭიერი ჯგუფის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით“, - წერია მიხეილ სააკაშვილის სახელით გამოქვეყენებულ ფეისბუკპოსტში, სადაც გადაწყვეტილების მიღების პროცესში მის როლზეც არის საუბარი: „გადაწყვეტილების მიღება მოხდება ჩვენს ამომრჩევლებთან, პარტიის ლიდერშიპთან და ჩემთან კონსულტაციის შედეგად პარიტეტის პრინციპით“.

მისი თქმით, აუცილებელია პარტიის ფუნქციის ახლებურად გააზრება და წინააღმდეგობის მოძრაობად გარდაქმნა:

„ახლა, როცა აღარც არჩევნები ტარდება და რეპრესიებიც სულ უფრო ფართოვდება, პოლიტიკური პარტიების როლი მთლიანად იცვლება“.

ის პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, თინა ბოკუჩავას და წევრებს (ლევან ხაბეიშვილს, გიორგი ბარამიძეს, ირაკლი ფავლენიშვილსა და ლევან სანიკიძეს) სთხოვს პარტიაში გადაწყვეტილების მიმღები „ელექტრონული აპლიკაციის შესაქმნელად წინადადებები ჩამოაყალიბონ და ამ რეფორმის ფორმალიზება მოვახდინოთ პარტიის წესდებაში შეტანით“.

„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება „ქართულმა ოცნებამ“ 13 წლის წინ, 2012 წლის ოქტომბერში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნებით შეიცვალა. მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ ის საქართველოს სასამართლოებმა დამნაშავედ ცნეს სანდრო გირგვლიანისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე.

ის საქართველოში 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა, პოლიციამ კი არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავა. მის წინააღმდეგ მესამე განაჩენი („პიჯაკების საქმე“) 2025 წლის 12 მარტს დადგა.

ამ დრომდე მიღებული განაჩენებით მას პატიმრობაში ყოფნა ჯამში 12,5 წლით მოუწევს. მის წინააღმდეგ სასამართლოში ორი საქმის (7 ნოემბრისა და საზღვრის უკანონო კვეთა) განხილვა გრძელდება.

სრულად წაკითხვა