რუსეთში პარტიამ "როდინა" უზენაეს სასამართლოში სარჩელი შეიტანა, სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებიდან პარტია "იაბლოკოს" მოხსნის მოთხოვნით. ამ ცნობას ავრცელებს სააგენტო ტასსი, "როდინის" თავმჯდომარეზე, დეპუტატ ალექსეი ჟურავლიოვზე დაყრდნობით. სარჩელის მიღებას ადასტურებს სასამართლოც.
ჟურნალისტებთან ლაპარაკში ჟურავლიოვმა პარტია "იაბლოკოს" უწოდა "ერის მოღალატე".
"ესაა ხალხი, რომელიც დასავლეთისთვის მუშაობს. ხალხი, რომლებისთვისაც დასავლური ღირებულებებია ახლობელი. ესაა ხალხი, ვინც ჩვენს კაპიტულაციას მოითხოვს. მაგრამ რაც ძალიან მნიშვნელოვანია - იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ დემოკრატიული ქვეყანა გვაქვს, არ შეგვიძლია ასეთი რაღაცეების გამო [არჩევნებიდან] მოვხსნათ, რადგან ჩვენთან, როგორც იცით, სიტყვის თავისუფლებაა. თუმცა ასეთი სიტყვა კარგი იქნებოდა ჩაიხშოს" - ამბობს დეპუტატი.
ჟურავლიოვი აცხადებს, რომ პარტია "როდინამ" აღმოაჩინა კანონის "უამრავი დარღვევა" პარტია "იაბლოკოს" მხრიდან, უწინარესად დაფინანსებასთან დაკავშირებით. მას არ დაუკონკრეტებია რას გულისხმობს.
ოთხშაბათს ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი, ლეონიდ სლუცკი გამოვიდა მოწოდებით "იაბლოკო" გამოცხადდეს "არასასურველ ორგანიზაციად".
მანამდე რუსეთის საზღვრებს გარეთ მცხოვრებმა რუსმა ოპოზიციონერებმა, ჟურნალისტებმა, უფლებადამცველებმა, აქტივისტებმა და ბლოგერებმა კამპანია დაიწყეს "იაბლოკოს" მხარდასაჭერად სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებზე. კამპანიის ავტორები მხარდაჭერის მიზეზად ასახელებენ იმ გარემოებას, რომ "იაბლოკო" არის არჩევნებში მონაწილე ერთადერთი პარტია, რომელიც ღიად გამოდის უკრაინაში მშვიდობისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოწოდებებით.
პარტია "იაბლოკოს" თავმჯდომარემ, ნიკოლაი რიბაკოვმა 6 აგვისტოს, საღამოს სოციალური მედიით დაწერა, რომ ბოლო დღეებში პარტიას მხარდაჭერა გამოუცხადეს "მათ, ვისმა მხარდაჭერამაც შექმნილ პირობებში შესაძლოა ჩვენს პარტიას არჩევნებიდან მოხსნა მოუტანოს".
რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 29 ივლისს გაატარა რეგისტრაციაში პარტია "იაბლოკოს" ფედერალური სია, სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებისთვის. სია მოიცავს 269 კანდიდატს, კიდევ 135 პირი პარტიამ წარადგინა ერთმანდატიან ოლქებში.

1 hour ago
4







English (US) ·
Georgian (GE) ·