WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

რუსეთის Amazon-ად წოდებული, უმსხვილესი მარკეტპლეისის, Wildberries-ის და მასთან მომუშავე გამყიდველების მიერ დრონებით მიტანილი იერიშების შედეგად განცდილი დანაკარგები შესაძლოა გაუტოლდეს 600-800 მილიარდ რუბლს (დაახლოებით 7-9,5 მილიარდი ამერიკული დოლარი). ამ მონაცემს აქვეყნებს გამოცემა Forbes-ი, რომელიც ეყრდნობა კვლევითი სააგენტოს, Data Insight-ის მთავარ ანალიტიკოსს, სერგეი სემკოს.

ექსპერტის დათვლებით, საწყობების და ინფრასტუქტურის აღსადგენად კომპანია RWB-მა შესაძლოა 147-დან 223 მილიარდ რუბლამდე დახარჯოს. იმ შემთხვევაში, თუ აუცილებელი გახდება სრული დემონტაჟი და ტერიტორიის რეკულტივაცია, მაშინ, შესაძლოა, ხარჯი გაუტოლდეს 278,9 მილიარდ რუბლს. სემკოს წინასწარი შეფასებით, გამყიდველების პოტენციური დანაკარგები შესაძლოა იყოს 445-507,8 მილიარდი რუბლის ოდენობით.

უკრაინის შეიარაღებული ძალები ივლისის შუა რიცხვებიდან რეგულარულად ახორციელებენ დრონებით დარტყმებს Wildberries-ის ლოგისტიკურ ცენტრებზე, სხვადასხვა რეგიონში. სააგენტო Reuters-ის მიერ ჩატარებული სატელიტური სურათების კვლევით, კომპანიამ, შესაძლოა, დაკარგა თავისი სასაწყობე მოცულობის დაახლოებით 20 პროცენტი.

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებდა, რომ კომპანიის საწყობებს იყენებენ დრონების, სანავიგაციო აღჭურვილობის და სხვა საბრძოლო მოწყობილობების ნაწილებისთვის, რაც სანქციების ქვეშ მყოფი პროდუქციაა.