WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი სეიედ ალი მოჯანი, - რომელიც 2024 წელს თალიბანის მთავრობამ ავღანეთიდან გააძევა, - წერს, რომ ესაუბრა „ავღანელ მეგობარსა და წარმატებულ ბიზნესმენს“, რის შემდეგაც საქართველო-ავღანეთის „სავაჭრო მარშრუტის პოტენციალს“ საჯაროდ განიხილავს.

დიპლომატი წერს, რომ საქართველომ 2024 წელს $30.5 მლნ-ის ავტომობილები გაყიდა ავღანეთში, თუმცა, საქსტატის თანახმად, საქართველოდან ავღანეთში ბოლო ექვსი წლის განმავლობაში - 2021 წლიდან დღემდე - 60 ავტომობილიც კი არ გაყიდულა.

ელჩის თქმით, ავღანეთი, - პაკისტანთან „ურთიერთობებისა და შეზღუდვების გათვალისწინებით“, - ალტერნატიულ სავაჭრო-ლოჯისტიკურ მარშრუტებს ეძებს და ასეთაც საქართველოს ჩართვის შესაძლებლობას განიხილავს.

13 აგვისტოს ირანის საელჩოს ფეისბუკზე გამოქვეყნებული წერილის სათაურია „საუბარი ავღანეთზე, საქართველოსა და ბიზნესშესაძლებლობებზე, რომელიც შესაძლოა უფრო სერიოზული იყოს, ვიდრე წარმომედგინა“.

„შეხვედრა მეგობართან“

ალი მოჯანი წერს, რომ წინა დღეს შეხვდა „ავღანელ მეგობარსა და წარმატებულ ბიზნესმენს“, რომელთანაც, - მისი თხოვნით, - განიხილა „საქართველოს ბიზნესგარემო, ექსპორტის შესაძლებლობები“.

„განსაკუთრებით [სურდა], ავღანეთის ბაზრის საჭიროებების უზრუნველყოფის თაობაზე დამატებითი ინფორმაცია მიეღო“, - წერს ელჩი მოჯანი და ამ „მეგობრის“ ვინაობას არ ასახელებს.

წერილში ყურადღება ეთმობა შესაძლებლობას, რომ შავი ზღვის გავლით ავღანეთთან სავაჭრო მარშრუტი შეიქმნას.

„ამ შაბათ-კვირას ჩემი მუშაობის ნაწილი ავღანეთსა და საქართველოს შორის ვაჭრობის, ასევე შავი ზღვიდან ავღანეთამდე რეგიონული ვაჭრობის შესახებ ძირითადი ინფორმაციის შეგროვებას დაეთმობა“, - წერს ელჩი.

„ავღანეთის სავაჭრო ქსელის ნაწილი“

იგი სხვადასხვა ტიპის საქონელს ასახელებს, რითაც, მისი თქმით, შეიძლება საქართველომ და ავღანეთმა ივაჭრონ და ვაჭრობის მოცულობა გაზარდონ:

„ერთი მხრივ, ავღანეთი შეიძლება გახდეს ბაზარი მანქანა-დანადგარების, კომერციული სატრანსპორტო საშუალებების, სატვირთო მანქანების, სამრეწველო აღჭურვილობის, სასოფლო-სამეურნეო, საკვებისა და წარმოების საშუალებებისათვის.

მეორე მხრივ, ავღანეთიდან ისეთი პროდუქტები, როგორიცაა ხმელი ხილი, ზაფრანა, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები და ზოგიერთი დამატებითი ღირებულების მქონე საქონელი, შეიძლება ახალ ბაზრებზე მოხვდეს საქართველოს გავლით“, - წერს იგი.

„შეგვიძლია კიდევ უფრო შორს წავიდეთ. ამგვარად საქართველოს ლოჯისტიკური შესაძლებლობები შეიძლება მომავალში ავღანეთის სავაჭრო ქსელის ნაწილი გახდეს შავი ზღვისა და მის მიმდებარე ბაზრებთან“, - აცხადებს ალი მოჯანი.

როგორც პირად გვერდზე გამოქვეყნებული რუკიდან ჩანს, ელჩს წარმოუდგენია, რომ ეს მარშრუტი გაივლის სომხეთისა და აზერბაჯანის ტერიტორიას, საიდანაც დაუკავშირდება ირანს, ირანის გავლით კი - ავღანეთს.

მანქანების რეექსპორტი და არაზუსტი სტატისტიკა

ელჩი წერს, რომ მისმა დაუსახელებელმა მეგობარმა ბიზნესმენმა „ყურადღება გაამახვილა 2024 წელს საქართველოდან ავღანეთში ავტომობილების რეექსპორტზე და თქვა, რომ როგორც გამოცდილებამ აჩვენა, ავღანეთის ბაზარი შეიძლება მნიშვნელოვანი მიმართულება იყოს ქართული ბიზნესისთვის“.

შემდეგ მას მოჰყავს 2024 წელს საქართველოდან ავღანეთში მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის სტატისტიკა და წერს, რომ ამ რიცხვმა „დაახლოებით 30.5 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა“.

სინამდვილეში, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საუბარია არა $30.5 მილიონზე, არამედ მხოლოდ $30.5 ათასზე - სულ სამ ავტომობილზე 2024 წელს.

ელჩი მოჯანი კვლავ ციტირებს აღნიშნულ „მეგობარს“: „როგორც მან აღნიშნა, საქმე მხოლოდ მსუბუქ ავტომობილებს არ ეხება: ტრაქტორები, მძიმე სატვირთო მანქანები და კომერციული მანქანები ასევე შეიძლება იყოს ავღანეთის ბაზრისთვის მნიშვნელოვანი საჭიროება“.

საქსტატის მონაცემებით:

  • 2023 წელს საქართველოდან ავღანეთში $25 000-ის ღირებულების ერთი ავტომობილი გაიტანეს.
  • 2024 წელს მოცულობა გაიზარდა - $30.5 ათასის ღირებულების სამი ავტომობილი.
  • 2025 წელს კი წინა წლის მაჩვენებელი თანხაში გაოთხმაგდა და $128.4 მლნ შეადგინა - ავტომობილების რაოდენობამ 20-ს მიაღწია.
  • 2026 წლის პირველ 6 თვეში უკვე $69 ათასის ღირებულების 11 ავტომობილია გატანილი.
  • ამავე პერიოდში - 2026 წლის პირველ ექვს თვეში - საქართველოდან ავღანეთში სულ $3.1 მლნ-ის საქონელი გაიყიდა.
  • ყველაზე მსხვილი საექსპორტო საქონელი შაქარია - $2.34 მლნ-ის ღირებულებისა, რასაც მოჰყვება ტრაქტორები - $452 ათასის.
  • მესამე ადგილზეა მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები, მათი ნაწილებით - $154 ათასის, რასაც სატვირთო ავტომობილები მოსდევს - 109 ათასის ღირებულების.
  • მსუბუქი ავტომობილები საექსპორტო ხუთელის ბოლოშია.

ბოლო ექვს წელიწადში, - 2021 წლიდან 2026 წლის ივნისის ჩათვლით, - საქართველოდან ავღანეთში გაიტანეს 57 ერთეული მსუბუქი ავტომობილი, რამაც ჯამში ნახევარ მილიონ დოლარზე მცირედით მეტი, $529 ათასი შეადგინა.

ელჩი მოჯანი, „მეგობრის“ კიდევ ერთხელ ციტირებით, წერს, რომ 2025 წელს „ავღანეთის საგარეო ვაჭრობის მოცულობა, დაახლოებით, 13.9 მილიარდ დოლარს შეადგენდა“, - საიდანაც „12.1 მილიარდ დოლარზე მეტი იმპორტი იყო“.

ელჩის თანახმად, აღნიშნულმა მეგობარმა უთხრა, რომ „შავი ზღვის გავლით ავღანეთში სავაჭრო მარშრუტის შექმნა სურდა და ამის გამო დაინტერესდა საქართველოს პოტენციალით, - რა სახის საქონლის მიწოდებაა შესაძლებელი, რომელი საქონლის რეექსპორტი, ან რა კომპანიებისა და ბიზნესმენების ქსელი არსებობს და შესაძლებელია თუ არა საქართველოს ჩართვა ავღანეთის ბაზრის უზრუნველყოფის ჯაჭვში“.

ალი მოჯანი - ქაბულიდან თბილისამდე

2025-26 წლების მიჯნაზე, ირანში მასშტაბურ საპროტესტო დემონსტრაციებს, რომლის დროსაც, უფლებადამცველი ჯგუფების ცნობით, ასობით ადამიანი დახოცეს, დაემთხვა საქართველოში ირანის ახალი ელჩის გამოგზავნა. წინა ელჩს დეკემბრის ბოლოს ამოეწურა უფლებამოსილების ვადა.

ახალდანიშნული ელჩი სეიედ ალი მოჯანი აცხადებდა, რომ პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა დაავალა საქართველოსთან „ორმხრივი და მრავალმხრივი დიალოგის“ გაძლიერება და „კონსტრუქციული ტრანსრეგიონული თანამშრომლობის“ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

ირანის საელჩომ ახალი ხელმძღვანელის დანიშვნის შემდეგაც გააგრძელა ტრადიციული საქმიანობა, მათ შორის ქართულ ენაზე ცენტრალური მთავრობის გზავნილების აქტიურად გაზიარება. მის განცხადებებს არაერთხელ მოჰყვა კრიტიკა ქართულ პოლიტიკურ და საექსპერტო წრეებში.

გასულ წლებში სეიედ ალი მოჯანი მუშაობდა ირანის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლად ავღანეთის საკითხებში.

ამ პოზიციაზე მუშაობისას, 2024 წელს, ავღანეთის თალიბანის მთავრობამ ის ქვეყნიდან გააძევა და პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.

ამის საფუძვლად თალიბანმა დაასახელა ავღანეთის ქალაქ ყანდაარში მომხდარი ინციდენტი რელიგიურ საკითხთან დაკავშირებით, რა დროსაც, თალიბანის პოზიციით, სეიედ ალი მოჯანმა „საზღვრები გადალახა“.