26-27 სექტემბრის ღამეს რუსეთის არმიამ უკრაინაში, ვინიცის ოლქში, მასშტაბური თავდასხმა განახორციელა დრონებით, განაცხადა რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის პირველმა მოადგილემ, ნატალია ზაბოლოტნაიამ.
„ვინიცის ოლქში წუხელ მტრის მიერ განხორციელებული მასშტაბური თავდასხმის შედეგად კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის ობიექტი დაზიანდა“, აღნიშნა ზაბოლოტნაიამ. მისი თქმით, ჭურვებმა საცხოვრებელი შენობა დააზიანა, შეჩერდა მატარებლების მოძრაობა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ვინიცის რეგიონში დარტყმებში გამოყენებულ იქნა „შაჰედის“ ტიპის საბრძოლო დრონები.
დნეპროპეტროვსკის ოლქში ღამით დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად 39 წლის ქალი დაშავდა, ასევე დაზიანდა ადმინისტრაციული შენობა, მუზეუმი, საწარმო, მაღაზია, საცხოვრებელი და დამხმარე შენობები.
რეგიონის ხელმძღვანელის, ივან ფედოროვის თქმით, ზაპოროჟიეში თავდასხმის შედეგად თითქმის 9000 ოჯახი დარჩა ელექტროენერგიის გარეშე.
წუხელ მატარებლების მოძრაობა შეჩერდა ოდესის ოლქშიც. „არის დაზიანებები. საბედნიეროდ, რკინიგზის მუშაკებსა და მგზავრებს შორის მსხვერპლი არ ყოფილა - სწრაფი რეაგირების წყალობით, ყველა სამგზავრო მატარებელი დარტყმების ადგილებიდან უსაფრთხო მანძილზე იქნა გაჩერებული“, ნათქვამია უკრაინის რკინიგზის მიერ ტელეგრამში გავრცელებულ განცხადებაში.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, უკრაინაზე ღამით განხორციელებულ თავდასხმაში 115 რუსული დრონი მონაწილეობდა. მათგან 97, როგორც იტყობინებიან, ჩამოაგდეს. მიზანში მოხვედრა 17 ადგილას დაფიქსირდა, ხოლო ნამსხვრევები კიდევ ორ ადგილას ჩამოვარდა.
იმავე ღამეს უკრაინულმა დრონმა ჩუვაშეთის ცივილსკის რაიონის სოფელ კონართან ახლოს ნავთობის სატუმბ სადგურზე მიიტანა იერიში, განაცხადა რეგიონის გუბერნატორმა ოლეგ ნიკოლაევმა. მისი თქმით, სადგურს „მცირე ზიანი“ მიადგა და მისი მუშაობა „შეჩერებულია“. მსხვერპლი არ ყოფილა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ღამით ჩამოაგდეს 55 უკრაინული დრონი, რომელთაგან 27, სავარაუდოდ, როსტოვის ოლქში განადგურდა.