უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა სტამბოლში ჩატარებული მოლაპარაკებების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსული უკრაინული მხარეები შეთანხმდნენ ტყვეების გაცვლაზე ფორმულით “ათასი-ათასზე”. მისი თქმით შეთანხმებულია კონკრეტული თარიღი, თუმცა მას ჯერ არ დაასახელებს.
მისივე ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს ცეცხლის შეწყვეტის შესაძლებლობა “ყველა მოდალობით” და რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრის შესაძლებლობა. რუსტან უმეროვი ამ შეხვედრაზე უკრაინულ მხარეს ხელმძღვანელობდა.
რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის თანაშემწე ვლადიმირ მედინსკიმ დაადასტურა, რომ შეთანხმება ტყვეთა გაცვლის შესახებ შედგა და რომ ის “მომდევნო დღეებში” განხორციელდება. მანვე თქვა, რომ რუსეთის მხარემ “აღნიშნა” უკრაინის მოთხოვნა ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრის შესახებ და განაცხადა, რომ ორივე მხარე წარადგენს “მომავალში ცეცხლის შესაძლო შეწყვეტის საკუთარ ხედვას”.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელიც ალბანეთში მიმდინარე ევროპის პოლიტიკური საზოგადოების სამიტში იღებს მონაწილეობას განაცხადა, რომ უკრაინა „მზადაა მაქსიმალურად სწრაფი ნაბიჯები“ გადადგას მშვიდობის დასამყარებლად.
სტამბოლში, თურქეთის პრეზიდენტის სამუშაო რეზიდენცია დოლმაბაჰჩეში მიმდინარე მოლაპარაკებამ უკრაინის და რუსეთის დელეგაციებს შორის ორ საათზე ნაკლებ ხანს გასტანა.
უკრაინის და რუსეთის წარმომადგენლებმა პირისპირ მოლაპარაკება პირველად ჩაატარეს 2022 წლის მარტის შემდეგ. უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან მალევე სტამბოლში დაიწყო მხარეთა მოლაპარაკება, რომელიც უშედეგოდ დასრულდა.
სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის მოლაპარაკება გუშინ, 15 მაისს, უნდა დაწყებულიყო, მაგრამ არ შედგა. პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოითხოვდა თურქეთში პირადად რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრას. პუტინი თურქეთში არ ჩავიდა.
15 მაისს ზელენსკიმ ანკარაში გამართა მოლაპარაკება თურქეთის პრეზიდენტ ერდოანთან და დღის ბოლოს თურქეთი დატოვა.