პატარა კახის მეფობის შავი ლაქა – სასტიკი განაჩენი, რომელსაც ერეკლე II მთელი ცხოვრება ნანობდა

8 hours ago 5

პატარა კახის მეფობის შავი ლაქა - სასტიკი განაჩენი, რომელსაც  ერეკლე II მთელი ცხოვრება ნანობდა„სარკე“, ლიკა ოსაძე

მონარქიას ყველგან და ყოველთვის თან სდევს სისხლის ლაქები, ინტრიგები, გაუგონარი სისასტიკე. სამწუხაროდ, ამ მხრივ, არც საქართველო იყო გამონაკლისი. ტახტისთვის ბრძოლა დაუნდობელი იყო და არც ძმათამკვლელი ომი იყო იშვიათობა. ქართველთა საყვარელი მეფის, ერეკლე II-ის ცხოვრებასაც ერთი დიდი შავი ლაქა გასდევს, რომელსაც თურმე პატარა კახი სიცოცხლის ბოლომდე ნანობდა.

ეს სამარცხვინო ისტორია კი ასე დაიწყო. ვახტანგ VI-ის ვაჟმა, პაატა ბატონიშვილმა, ტახტიდან ერეკლე მეფის ჩამოგდება განიზრახა და შეთქმულებისთვის დაიწყო მზადება. მეფის მოწინააღმდეგენი თბილისში, ვინმე მარკოზაშვილის სახლში იკრიბებოდნენ, ამიტომ 1765 წლის შეთქმულება ისტორიაში მარკოზაშვილის დარბაზის სახელით არის შესული.

ბატონიშვილს გეგმის განხორციელება არ დასცალდა, შეთქმულება გამჟღავნდა, მის მონაწილეებს კი გაუგონარი სისასტიკით გაუსწორდნენ.

„მარკოზაშვილის დარბაზის” სახელით ცნობილი ისტორიული ფაქტის შესახებ ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი გულიკო მჭედლიძე გვიამბობს:

– 1765 წლის შეთქმულება ძალიან ცუდი ფურცელია ერეკლე მეფის ცხოვრებაში. ის შეთქმულებს დაუნდობლად მოექცა. ერეკლე მეფე თურმე ისე განიცდიდა ამ განაჩენს, რომ თავის ტკივილები დაეწყო და გარდაცვალებამდე ამ სენით იტანჯებოდა.

– სანამ შეთქმულებას შევეხებით, მკითხველს პაატა ბატონიშვილზე ვუამბოთ, რომელიც ამ სისხლიანი ისტორიის სათავეში დგას.

– ის გახლდათ ვახტანგ VI-ის ვაჟი, რომელიც ხარჭისგან შეეძინა. ხარჭა ქართველი იყო, მაგრამ მისი ვინაობა უცნობია. ვახტანგ მეფეს ოთხი ვაჟი ჰყავდა. მეუღლისგან, რუსუდან ჩერქეზთა ბატონის ასულისგან, ორი ვაჟი შეეძინა – ბაქარი და გიორგი, ხოლო ხარჭისგან – პაატა და ვახუშტი (ცნობილი ისტორიკოსი, გეოგრაფი და კარტოგრაფი). ქალიშვილებზე აღარ ვისაუბრებ.

ვახტანგ მეფე ვახუშტის და პაატას ბაქარისგან და გიორგისგან არ არჩევდა. მათ კარგი განათლებაც მისცა. მისი გარდაცვალების შემდეგ რუსეთის საიმპერატორო კარმა კანონიერ მემკვიდრეებად ბაქარ და გიორგი ბატონიშვილები აღიარა, ვახუშტი და პაატა – არა. ბაქარმა და გიორგიმ მამის ქონება ისე გაიყვეს, რომ პაატას არაფერი შეხვდა.

– არც ვახუშტი ბატონიშვილს?

– ის დიდი მეცნიერო გახლდათ და დიდი ავტორიტეტი ჰქონდა. ვახუშტის გაცილებით მეტი პენსია და ფულადი დახმარება დაუნიშნეს, ვიდრე პაატას.

პაატა ბატონიშვილი სამხედრო სამსახურში შევიდა, მაგრამ, როგორც უკანონო შვილმა, მაღალ სამხედრო წოდებას ვერ მიაღწია. მაგალითად, თუ გიორგი ბატონიშვილი გენერლის წოდებას ატარებდა და დანიშნული ჰქონდა 2 ათასი მანეთი, პაატა ბატონიშვილს არც წოდება და არც ფულადი დახმარება გააჩნდა. ის თვეში მხოლოდ 200 მანეთს იღებდა. ამის გამო პაატა ბატონიშვილი ყოველთვის უკმაყოფილო გალხდათ. ნიჭით და ცოდნით ვახუშტი და პაატა უფრო გამოირჩეოდნენ, ვიდრე ბაქარი და გიორგი.

პაატა ბატონიშვილმა ჯერ არტილერიის სასწავლებელი დაამთავრა, შემდეგ პრუსიაში ჩავიდა, მერე – გერმანიაში, იტალიაში, საფრანგეთში. პაატა ბატონიშვილი ბრწყინვალედ ფლობდა რუსულ და ფრანგულ ენებს. ამ მოგზაურობის შემდეგ გადაწყვიტა, საქართველოში დაბრუნებულიყო და ქართლის ტახტი დაესაკუთრებინა.

– მისი ძმები არ უწევდნენ მეტოქეობას?

– ბაქარი 1750 წელს გარდაიცვალა 50 წლის ასაკში. ამ დროს პაატა ბატონიშვილი კონსტანტინეპოლში იმყოფებოდა. გიორგი ბატონიშვილს გენერალ-ადიუტანტის წოდება ჰქონდა და საკმაოდ დიდი ხელფასი და დახმარებაც. თუმცა ის პაატა ბატონიშვილს ტახტის მეტოქედ არც მიიჩნევდა.

ბაქარის გარდაცვალების შემდეგ პაატა ბატონიშვილი მიხვდა, რომ შესაძლებელი იყო, თავად ასულიყო ქართლის ტახტზე. ამისთვის გეგმაც მოამზადა.

1752 წელს საქართველოში დაბრუნდა. თეიმურაზ II-ს და ერეკლე II-ს ძალიან გაუხარდათ მისი ნახვა. ვახტანგ VI-ის ასული, თამარი, ცოლად ჰყავდა თეიმურაზ II-ს, ანუ თამარი ერეკლე მეფის დედა გახლდათ, ხოლო პაატა ბატონიშვილის – ნახევარდა, ანუ პაატა თეიმურაზ II-ის ცოლის ძმა და ერეკლე II-ის ბიძა იყო.

პაატას საქართველოში ჩამოსვლა თეიმურაზს და ერეკლეს იმიტომაც გაუხარდათ, რომ არტილერიის საქმე საქართველოში ძალიან ცოტამ იცოდა. მათ ეგონათ, რომ ბატონიშვილი ამ სფეროს განვითრებაში დაეხმარებოდათ. რაღაც პერიოდი ასეც იყო, მაგრამ 1752 წელს, როცა ერეკლემ ბრძოლაში მონაწილეობა შესთავაზა, მისგან უარი მიიღო. ეს კი მეფემ შეურაცხყოფად ჩათვალა და მეტეხის ციხეში ჩასვა.

პაატა ბატონიშვილის დაპატიმრება ქართლის დიდებულებს არ ესიამოვნათ, რადგან მას ქართლის ტახტის კანონიერ მეკვიდრედ მიიჩნევდნენ. 1754 წელს ერეკლე მეფემ ის ციხიდან გაათავისუფლა და კახეთში წაიყვანა. ისტორიკოსები წერენ, რომ ერეკლე მეფე ბატონიშვილს ანებივრებდა, მაგრამ არ ენდობოდა.

პაატა ბატონიშვილი ერეკლემ ქიზიყის მოურავს, თამაზ ადრონიკაშვილს ჩააბარა. ბატონიშვილი იმერეთში გაიპარა და ლევან აბაშიძესთან მივიდა. იქიდან რაჭის ერისთავს დაუკავშირდა. იმ დროს იმერეთის ტახტზე სოლომონ I იჯდა. არსებობს წყაროები, სადაც აღწერილია, რომ პაატა ბატონიშვილი სოლომონ I-ის წინააღმდეგ აჯანყებაში მონაწილეობდა. როგორც აღმოჩნდა, მას იმერეთშიც აღარ ედგომებოდა და რუსეთში წავიდა.

– როგორი რეაქცია ჰქონდა ერეკლე მეფეს, პაატა ბატონიშვილი რომ გაეპარა?

– განრისხდა. თამაზ ანდრონიკაშვილს მოურავობა ჩამოართვა. პაატა ბატონიშვილი რუსეთში რომ წავიდა, იმ დროს ანტონ კათალიკოსიც იქ იყო. ერეკლე მეფე და ანტონი ბიძაშვილ-მამიდაშვილები იყვნენ და ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. ერეკლემ ანტონ კათალიკოსს წერილი მისწერა, რომ ბატონიშვილი საქართველოში ჩამოეყვანა.

– ანუ ერეკლე მეფეს ეშინოდა, პაატა ბატონიშვილს რუსეთის დახმარებით ქართლის ტახტი არ დაესაკუთრებინა?

– დიახ, ერეკლე II ფიქრობდა, რომ პაატა ბატონიშვილი რუსეთის დახმარებით მას ტახტიდან ჩამოაგდებდა. კათალიკოსმა რუსეთიდან პაატაც ჩამოიყვანა.

– რა იყო შეთქმულების მთავარი პირობა, რატომ აჰყვნენ ქართველები პაატა ბატონიშვილს?

– როგორც გითხარით, ქართლის დიდებულები კანონიერ მემკვიდრედ პაატა ბატონიშვილს თვლიდნენ, რადგან ის მუხრანბატონთა შტოს ეკუთვნოდა. მოგეხსენებათ, მუხრანბატონთა შტო მომდინარეობს ბაგრატიონთა უძველესი სამეფო დინასტიიდან.

საქართველოში დაბრუნებულ პაატა ბატონიშვილს უკვე მოფიქრებული ჰქონდა ერეკლე მეფის წინააღმდეგ შეთქმულების მოწყობა. გეგმა საკმაოდ სერიოზული იყო. პაატა ბატონიშვილი თბილისში რომ ჩამოვიდა, ის ვინმე მარკოზაშვილის სახლში დაბინავდა. შეთქმულების მონაწილეებიც ამ სახლში იკრიბებოდნენ, ამიტომ დაერქვა შეთქმულებას “მარკოზაშვილის დარბაზი”.

– შეთქმულებს რა ჰქონდათ გამიზნული?

– ერეკლე მეფის ოჯახი მთლიანად უნდა ამოეწყვეტათ, ქართლის ტახტზე პაატა ბატონიშვილი დაესვათ და სხვადასხვა რეფორმები გაეტარებინათ.

– მეფის ოჯახის ამოწყვეტას როგორ აპირებდნენ?

– სასახლეში რომ შესულიყვნენ, საჭირო იყო შიგნიდან კარის გაღება, ამიტომ ისინი დაუკავშირდნენ შინდისელ გლეხს, დათუნა ფეიქარს. მისი მეუღლე ერეკლე მეფის მცირეწლოვანი ვაჟის, თეიმურაზის (შემდგომში კათალიკოსი ანტონ II), ძიძა გახლდათ. დათუნა ფეიქარი ქართველი იყო, მაგრამ გრიგორიანელი. ძველ თბილისში კაცი ვაჭართა და ხელოსანთა გილდიის წევრი ვერ გახდებოდა, თუ სომეხთა რელიგიაზე არ გადავიდოდა.

მოკლედ, დათუნა ფეიქარს შეთქმულების მონაწილეებისთვის სასახლის კარი უნდა გაეღო. ამის სანაცვლოდ პაატა ბატონიშვილი მას აზნაურობას და 3 ათას მანეთს ჰპირდებოდა, თუ, რა თქმა უნდა, ტახტზე ავიდოდა. ის იმდენად ენდობოდა დათუნა ფეიქარს, რომ შეთქმულების მონაწილეებთან წერილებსაც კი ატანდა, მაგრამ დათუნამ შეთქმულები გასცა.

მან შეთქმულთა ჩანაფიქრი მეუღლეს გაანდო. ქალი შეწუხდა, რადგან პატარა თეიმურაზი ძალიან უყვარდა. ქმარს სთხოვა, ყველაფერი მეფისთვის მოეყოლა. დათუნა ფეიქარმა ერეკლე მეფესთან თქმა ვერ გაბედა და სასახლის კარის და მეფის მოძღვარს, ქრისტესიას გაანდო.

მოძღვარმა მეფეს ყველაფერი მოუყვა და 1765 წლის 5 დეკემბერს შეთქმულების ყველა მონაწილე მეტეხის ციხეში გამოამწყვდიეს. ერეკლე მეფემ საქმის გამოძიება მდივანბეგებს დაავალა. მათ დაადგინეს, რომ მარკოზაშვილის დარბაზის წევრების მიზანი იყო კახეთის ბაგრატიონთა (იგულისხმება ერეკლე II-ის ოჯახი) ამოწყვეტა და მუხრანბატონთა შტოს წარმომადგენლის, პაატა ბატონიშვილის, გამეფება.

სასამართლოს დროს ერეკლე II-მ ცოტა თეატრალიზებული სცენაც დადგა.

– როგორი იყო ეს “თეატრალიზებულ სცენა”?

– მოსამართლეების წინ დაიჩოქა და ისე მოახსენა პაატა ბატონიშვილის მუხანათური გეგმა. მუხლებზე დადგომამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, რადგან მეფისგან ამგვარი რამ მაშინ წარმოუდგენელი იყო.

ერეკლე მეფემ სასამართლოს წარუდგინა შეთქმულების მონაწილეების წერილებიც, რამაც სიტუაცია უფრო დაძაბა. სასამართლო დარბაზში მყოფმა მთიულებმა მაშინვე გადაწყვიტეს შეთქმულების მონაწილეთა სიკვდილით დასჯა.

სასამართლომ ისეთი მკაცრი განაჩენი გამოუტანა შეთქმულებს, რომ შემდეგ ამას ერეკლე მეფეც კი ნანობდა. საქართველოში სასჯელის უმაღლესი ზომა ექსორია – სამშობლოდან გაძევება იყო. ეს სასჯელი კი სისასტიკის საზღვრებს სცდებოდა.

განაჩენი 15 დეკემბერს მოიყვანეს სისრულეში. შეთქმულების მონაწილეები სიკვდილით დასაჯეს, ნაწილი ანჩისხატის – ეზოში, ნაწილი – მეტეხის ციხის წინ. პაატა და დავით ბატონიშვილებს თავები მოჰკვეთეს. ელიზბარ თაქთაქიშვილი, რომელიც პაატა ბატონიშვილის მეგობარი იყო, ცოცხლად დაწვეს. წალმით და თივით კოშკი ააგეს, ელიზბარი შიგნით შეიყვანეს და წალამს და თივას ცეცხლი წაუკიდეს.

ელიზბარ თაქთაქიშვილის შვილს, არდაშელს, მარჯვენა ხელი მოაჭრეს და თვალები დათხარეს. გლახა ციციშვილს ენა ამოაგლიჯეს. ალექსანდრე ამილახვარს ცხვირი მოაჭრეს და ბარძაყის მყესი გადაუჭრეს, რომ სამუდამოდ დაკოჭლებულიყო.

დემეტრე ამილახვარი ჯორზე უკუღმა შესვეს, თავზე ნაცარი დააყარეს და რიყეზე აღმა-დაღმა ატარეს. ეს მისთვის ისეთი სამარცხვინო განაჩენი იყო, რომ სამუდამოდ თავის მამულში, ჭალაში ჩაიკეტა და გარეთ აღარ გადიოდა. ასეთ სასჯელს სიკვდილი ერჩია.

გლეხები და ხელოსნები არ დასაჯეს. დასჯილი ფეოდალების მამულები მეფემ თავის მიწებს შეუერთა.

– ერეკლე და დემეტრე ამილახვარი მანამდეც მტრობდნენ ერთმანეთს, მიზეზი კი მეფის დის ქორწინება იყო.

– დიახ, გადამტერების მიზეზი დელიკატური გახლდათ. ერეკლე მეფის და, ელისაბედი, მიათხოვეს დემეტრეს ვაჟს, გიორგის. იმის გამო, რომ გიორგი ამილახვარი იმპონტენტი იყო, ერეკლე მეფემ მას ელისაბედი წაართვა და მეორედ გაათხოვა კაცია დადიანზე.

– რა წყალობა უბოძა ერეკლე მეფემ დათუნა ფეიქარს შეთქმულების გამოაშკარავებისთვის?

– 3 ათასი თუმანი, აზნაურის წოდება და სოფელი.

– სხვა დიდგვაროვნები, რომლებიც ამ შეთქმულების მონაწილენი არ იყვნენ, პაატა ბატონიშვილს არ გამოესარჩლნენ?

– ბატონიშვილს ძალიან კარგი სახელი ჰქონდა ქართველებში და ამიტომ ქართლელ თავადთა ნაწილმა ერეკლე მეფეს სთხოვა, სიკვდილით არ დაესაჯა. მეფე დათანხმდა, შიკრიკიც აფრინეს, მაგრამ უკვე გვიანი აღმოჩნდა. შიკრიკი რომ მივიდა, პაატას თავი მოკვეთილი ჰქონდა.

– იქნებ შეგნებულად დაიგვიანა შიკრიკმა?

– არ ვიცი.

– პაატა ბატონიშვილმა რა შანსი გაუშვა ხელიდან, რა იყო მისი წარუმატებლობის ძირითადი მიზეზი?

– ის პირველად რომ ჩამოვიდა საქართველოში, მაშინ რომ მოეწყო შეთქმულება, აუცილებლად გაიმარჯვებდა, რადგან ქართლის დიდებულები და მოსახლეობის დიდი ნაწილი თვლიდა, რომ ტახტი კახეთის ბატონიშვილებს არ ეკუთვნოდათ. პაატა კი პირდაპირი შთამომავალი იყო ქართლის ბაგრატიონების.

სანამ ბატონიშვილი გადატრიალების გეგმით მეორედ ჩამოვიდა საქართველოში, მანამდე ერეკლე მეფემ ბევრი რამის გაკეთება მოასწრო ქვეყანაში. ჭკვიანური პოლიტიკით ქართლელების გული მოიგო. ქვეყანა ფეხზე დააყენა, სტამბა და ზარაფხანა აღადგინა, ქარხნები დააარსა. რაც მთავარია, გლეხობის ქომაგი იყო. როდესაც გლეხი ბატონს უჩიოდა, ერეკლე გლეხის მხარეს იჭერდა.

და კიდევ, ქართლელებს ღალატად მიაჩნდათ ვახტანგ VI-ის წასვლა რუსეთში და მთელი განძის წაღება. ეს იყო შეცდომა, მათ არ იცოდნენ, რა გარემოცვაში იმყოფებოდა ვახტანგ მეფე რუსეთში.

– ერეკლე მეფე ნანობდაო, ბრძანეთ. რითი გამოიხატებოდა მისი სინანული?

– 1773 წელს ერეკლე მეფე დემეტრე ამილახვარს ეახლა მამულში. ამ პერიოდში დემეტრეს შვილები ერეკლეს შიშით რუსეთში იყვნენ გადახვეწილი. მეფემ დემეტრეს ბოდიში მოუხადა და პატიება სთხოვა. ამილახვარმა ამაზე მიუგო, ღმერთი თუ გაპატიებს, მეც გაპატიებო.

იმავე წელს ერეკლემ დემეტრეს ყველაფერი დაუბრუნა, რაც წაართვა. მის შვილებს რუსეთში წერილი მისწერა, სადაც სამშობლოში დაბრუნებას და თავიანთ მამულში ცხოვრებას სთავაზობდა, მაგრამ არ ჩამოვიდნენ, რადგან მეფეს აღარ ენდობოდნენ.

ერეკლეს ერთი რომ ეთქვა, შევიწყალებო, შეიძლებოდა განაჩენი შეცვლილიყო. იმას კი არ ვამბობ, შეთქმულების წევრები არ უნდა დაესაჯათ, უბრალოდ ასეთი სისასტიკე საჭირო არ იყო. ეს გახლდათ ერეკლე მეფის შეცდომა.

ამ საკითხს თუ სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან შევხედავთ, შეთქმულების განხორციელება დიდ მსხვერპლს მოიტანდა. მეფის ოჯახის ამოწყვეტით კახელები ქართლელებს გადაემტერებოდნენ, დაიწყებოდა ძმათა სისხლისღვრა, ამით ისარგებლებდა გარეშე მტერი და საქართველო ისევ დაქუცმაცდებოდა. უბრალოდ, ვიმეორებ, ასეთი სისასტიკე საჭირო არ იყო.

სრულად წაკითხვა