რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ულტრანაციონალისტი კანდიდატი იმარჯვებს - ეგზიტპოლის შედეგები

5 days ago 8

რუმინეთში განმეორებით გამართული საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ულტრანაციონალისტი კანდიდატი, 38 წლის ჯორჯე სიმიონი იმარჯვებს. ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, "რუმინელთა ერთობის ალიანსის" (AUR) ლიდერს ამომრჩევლების 30-33% უჭერს მხარს.

წინასწარი მონაცემებით, მეორე ტურში მისი მეტოქეები იქნება ან კრინ ანტონესკუ - მმართველ კოალიციაში შემავალი სამი პარტიის საერთო კანდიდატი [23%] და ან ბუქარესტის მერი ნიკუშორ დანი [ერთი გამოკითხვით -20.9%, მეორეთი - 23%].

რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები დიდ ინტერესს იწვევს, მათ შორის - ქვეყნის ფარგლებს გარეთაც, მას შემდეგ, რაც 2024 წლის ნოემბერში ჩატარებული არჩევნების პირველ ტურში ყველასათვის მოულოდნელად, ყველაზე მაღალი შედეგი ულტრამემარჯვენე, პრორუსმა პოლიტიკოსმა -კალინ ჯორჯესკუმ აჩვენა.

ნოემბრის არჩევნების შედეგები საკონსტიტუციო სასამართლომ დეკემბერში გააუქმა, მეორე ტურის ჩატარებამდე ორი დღით ადრე; მიზეზად კი დასახელდა არჩევნებში რუსეთის ჩარევა. გავრცელებული ინფორმაციით, ჯორჯესკუს საარჩევნო კამპანიაში ჩართული იყო TikTok-ის ათობით ათასი ანგარიში. სპეცსამსახურები მიუთითებდნენ ასევე კიბერშეტევებზე, ინფორმაციის გაჟონვასა და დივერსიებზე.

4 მაისს გამარჯვებული ჯორჯე სიმიონი სადავო, ხმაურიანი განცხადებებით გამოირჩევა. ის გარკვეულ პრეტენზიებს აცხადებს უკრაინის მიწებზე და კიევისთვის იარაღის მიწოდების წინააღმდეგია. სიმიონი ემხრობა რუმინეთისა და მოლდოვის გაერთიანებას, რისთვისაც მას აკრძალული აქვს მოლდოვაში შესვლა. უკრაინაში ის ასევე პერსონა ნონ გრატად არის გამოცხადებული. ულტრანაციონალისტი კანდიდატი ცნობილია თავისი ევროსკეპტიკური და ჰომოფობიური გამონათქვამებით.

24 აპრილს, რუმინეთის საარჩევნო ადმინისტრაცია, საარჩევნო კამპანიის დაფინანსების წესების შესაძლო დარღვევებთან დაკავშირებით, სიმიონის პარტიის წინააღმდეგ გამოძიებით დაინტერესდა.

სიმიონს ბრალდება 1.5 მილიონი დოლარის გადახდა ამერიკული ლობისტური კომპანიისთვის - ვაშინგტონში, სტივ ბენონის WarRoom პოდკასტსა და ჯეკ პოსობიკის სატელევიზიო გადაცემაში მონაწილეობის ორგანიზებისთვის.

ვარაუდობენ, რომ ამაში სახელმწიფოს თანხები დაიხარჯა. სიმიონი ბრალდებებს უარყოფს.

სრულად წაკითხვა