23 ივლისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა შეხვედრა გამართეს ფილიპინების დედაქალაქ მანილაში. მათი შეხვედრა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სახელმწიფოთა ასოციაციის მინისტერიალის ფარგლებში შედგა. საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინა იყო.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, „უკრაინის პრობლემატიკის“ განხილვისას ლავროვმა რუბიოს გააცნო „რეალური მდგომარეობა საბრძოლო შეხების ხაზზე“ და აქცენტი გააკეთა იმაზე, რომ დაუშვებელია „კიევის რეჟიმისთვის" იარაღის შემდგომი მიწოდება და ევროპული ქვეყნების მხრიდან „დესტაბილიზაციის“ გამომწვევი პოლიტიკა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობითვე, ლავროვმა დაადასტურა, რომ რუსეთი მზად არის კონფლიქტის პოლიტიკურ-დიპლომატიური მოგვარებისთვის და ერთგულია იმ წინადადებების, რომლებიც ამერიკულმა მხარემ წამოაყენა ანკორიჯში, პრეზიდენტების, პუტინისა და ტრამპის შეხვედრისას.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს ჯერჯერობით არაფერი უთქვამს რუბიოსა და ლავროვის შეხვედრის შინაარსის შესახებ.
ლავროვთან შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, 22 ივლისს რადიო თავისუფლების კორესპონდენტ ალექს რაუფოღლუს შეკითხვას, გეგმავს თუ არა ვაშინგტონი მოსკოვზე ზეწოლას, სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ უპასუხა, რომ არ არის დარწმუნებული, რომ სიტყვა ზეწოლა ამ შემთხვევაში სწორია.
22 ივლისს სააგენტო Bloomberg-მა კრემლთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ პუტინი აპირებს არა მხოლოდ დონბასზე სრული კონტროლის მოპოვებას, არამედ უკრაინის სუმის და ხარკოვის ოლქებში დაპყრობილი ტერიტორიების რუსეთის კონტროლქვეშ დატოვებას, როგორც ე.წ. ბუფერული ზონების.
რუსეთის პრეზიდენტმა უარი თქვა უკრაინისთვის ტერიტორიების დათმობის იდეაზე, რადგან კრემლში მიიჩნევენ, რომ შეერთებულმა შტატებმა უარი თქვა პრეზიდენტებს, ტრამპს და პუტინს შორის 2025 წლის აგვისტოში, ალასკის შტატის ქალაქ ანკორიჯში გამართულ შეხვედრაზე მიღწეულ არაფორმალურ შეთანხმებაზე.
აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ანკორიჯში მხოლოდ წინადადებები გამოითქვა და არანაირი შეთანხმება არ ყოფილა. დასავლეთის მედიასაშუალებების ინფორმირებული წყაროების თანახმად, აშშ-ის წინადადება იყო ომის შეწყვეტა დონბასზე რუსეთის სრული კონტროლის სანაცვლოდ. უკრაინამ არაერთხელ განაცხადა, რომ რუსეთისთვის ტერიტორიების დათმობას არ აპირებს.
- უკრაინაში ომის დასრულების პირობებზე, აშშ-ის ინიციატივით 2026 წლის იანვარში დაიწყო აშშ-უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებები.
- იანვარსა და თებერვალში გაიმართა სამი რაუნდი. პირველი ორი რაუნდი არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში, ხოლო მესამე - შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში.

1 week ago
29







English (US) ·
Georgian (GE) ·