პერიფერიული არტერიების დაავადების გამო, უმეტესწილად მესამე და მეოთხე სტადიაში მიმართავენ ხოლმე ექიმს ადამიანები, რადგან, კიდურის ტკივილს ყველაფერს მიაწერენ, დაავადების გარდა, – გადაღლას, ბევრ საქმეს, უამინდობას და ა.შ. არადა, პერიფერიული დაავადებისას ფეხის ტკივილი იმდენად განსხვავდება სხვა მიზეზით გამოწვეული ტკივილისგან, რომ დიაგნოზის დასმის დროსაც კი ეხმარება მისი სწორად აღწერა ექიმს. სამწუხაროდ, უკვე შორსწასულ შემთხვევებში, დაავადება ძალიან ვერაგია და ფატალურადაც კი სრულდება.
სიმპტომები, რომელთა დროსაც, გადაუდებლად უნდა მივმართოთ სპეციალისტს, პრევენცია, დიაგნოსტიკა და მკურნალობაა – „ალიას“ ამ და სხვა თემებზე, ნიუ ჰოსპიტალსის ანგიოლოგი, მარიამ გრძელიძე ესაუბრება.
– რა არის პერიფერიული არტერიები, როგორ მუშაობს? და რა ხდება, როცა აღარ მუშაობს როგორც საჭიროა, ანუ, როცა პერიფერიული არტერიების დაავადება იწყება? რა ცვლილებებს განიცდის?
– პერიფერიული არტერიები არის ის სისხლძარღვები, რომლებსაც სისხლი გულიდან მიაქვთ ზედა და ქვედა კიდურებში, ფეხებში და ხელებში.
პერიფერიული არტერიების დაავადებაა ამ არტერიების შევიწროება ან დაკეტვა, როგორც წესი, „ათეროსკლეროზული ფოლაქის“, ანუ ცხიმოვანი, ქოლესტერინული ჩანართების გამო. პერიფერიული არტერიების დაავადებებიდან ყველაზე ხშირად გვხვდება – ათეროსკლეროზი.
მაღალი ქოლესტერინი, მჯდომარე და არააქტიური ცხოვრების წესი, შაქრიანი დიაბეტი, მაღალი წნევა – ამ მიზეზთა გამო, ქოლესტერინული ჩანართები იზრდება და ავიწროებს ან კეტავს სისხლძარღვს. დაავდება ki ვითარდება იმის მიხედვით, თუ რა კალიბრის და რა ლოკალიზაციის სისხლძარღვია შევიწროებული ან გადაკეტილი. არტერიების შევიწროება და გადაკეტვა თავის
მხრივ იწვევს იმ ადგილის სისხლით მომარაგების შემცირებას, რომლებსაც ამარაგებდა.
– მართალია, რომ უმეტესად ქალებში გვხვდება? და აქვე გკითხავთ გავრცელების სტატისტიკას, როგორია ბოლო წლებში, მზარდია?
– ვარიკოზული დაავადებისგან განსხვავებით, პერიფერიული არტერიების დაავადება უფრო მამაკაცებში გვხვდება, ვიდრე ქალებში, თუმცა, ქალებში განსაკუთრებით აგრესიულად მიმდინარეობს.
გავრცელებას რაც შეეხება მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში, შეიძლება ითქვას, რომ მომატებულია. პირველ რიგში, დიაგნოსტიკა უკეთესად ხდება და უფრო მეტი შემთხვევები ვლინდება, ბევრად უფრო ადრეულ ასაკში. ასევე, ოფიციალური მონაცემებით, დღეს მსოფლიოში უფრო მეტი ხანდაზმული ადამიანი გვყავს, ვიდრე მანამდე, ხანდაზმულ ადამიანებში კი ეს დაავადება უფრო ხშირად არის გამოხატული, ანუ რაოდენობრივად უფრო მეტი პერიფერიული არტერიების დაავადება ვლინდება და ეს სტატისტიკაზეც
მოქმედებს.
საქართველოს მონაცემიც მსგავსია, ერთი ის განსხვავებაა, რომ ჩვენ უფრო მაღალი რისკის ჯგუფები გვყავს, როგორც გულსისხლძარღვთა დაავადების, ასევე – ათეროსკლეროზის, გამომდინარე ჩვენი ცხოვრების წესიდან, ჩვენი სამზარეულოს თავისებურებებიდან და ასე შემდეგ.
სტატისტიკის ზრდა ასევე დამოკიდებულია მკურნალობაზე დამყოლობასთან. მაგალითად, ვთქვათ, კარდიოლოგიის გაიდლაინებით, პაციენტის კონკრეტულ მონაცემებზე ინიშნება,
ქოლესტერინის საწინააღმდეგო წამლები – სტატინები. სხვა საქმეა, რამდენად იცავს ადამიანი ამ რეკომენდაციებს.
– თქვით, რომ ხანდაზმულებში გვხვდება ყველაზე ხშირად, რა ასაკიდან იზრდება რისკი?
– ქოლესტერინის დარღვევები, ზოგადად მეტაბოლური დარღვევები, შაქრიანი დიაბეტი, მაღალი წნევა უმეტესად გვხვდება შუა ხნის და ხანდაზმულ ასაკში. თუმცა. ბიურგერის დაავადება, ანუ მაობლიტირებელი თრომბანგიტი, რომელსაც ასევე სისხლძარღვების შევიწროება იწვევს, ემართებათ ახალგაზრდა, მწეველ მამაკაცებსაც.
რაც შეეხება რისკ ჯგუფებს:
- პერიფერიული არტერიული დაავადების რისკ ჯგუფში პაციენტები ხვდებიან
კომბინაციით, რომელიც მოიცავს ასაკს, ცხოვრების წესს და თანხლებ ქრონიკულ
დაავადებებს. - ყველაზე მაღალი რისკის პაციენტები არიან თამბაქოს მომხმარებლები, შაქრიანი
დიაბეტის მქონე პაციენტები, ის პაციენტები ვისაც აქვთ სხვა სისხლძარღვოვანი
დაავადებები, მაგალითად, გულსისხლძარღვთა, ტვინის სისხლძარღვების
დაავადებები ან უკვე აქვთ ინფარქტი ან ინსულტი გადატანილი. - ასევე პაციენტები რომლებსაც აღენიშნებათ თირკმლის ქრონიკული დაავადება.
- შედარებით დაბალი რისკის ჯგუფს განეკუთვნებიან პაციენტები, რომლებსაც
აქვთ მაღალი წნევა, მაღალი ქოლესტერინი, სიმსუქნე, მჯდომარე ცხოვრების
წესი, არააქტიური ცხოვრების წესი, შესაბამისად კუნთის დაბალი მასა, ანუ
კუნთოვანი მასის სიმცირე. - მემკვიდრეობითი ფაქტორი დიდ როლს თამაშობს, იმ პაციენტებში, ვის ოჯახის წევრებსაც აღენიშნებოდათ ვთქვათ ინფარქტი, ინსულტი ან პერიფერიული არტერიული დაავადება, ისინი უფრო დიდ რისკ–ჯგუფში არიან სხვა პაციენტებთან შედარებით.
– რომელია სიმპტომები, რომლებიც მიანიშნებენ რომ სპეციალისტთან უნდა მიხვიდე? ხშირად ფეხის ტკივილს ასაკს ან დაღლას აბრალებენ ხოლმე, ან უამინდობას, როგორ გავარჩიოთ მსგავსი ტკივილი დაავადების სიმპტომისგან?
– რა თქმა უნდა ფეხის ტკივილი და დაღლა მრავალი ფაქტორით შეიძლება იყოს გამოწვეული, მაგრამ ის სიმპტომი, რომელიც მიგანიშნებთ რომ აუცილებლად ანგიოლოგის სამკურნალო არის თქვენი ფეხის ტკივილი და ვთქვათ არა რევმატოლოგის ან ნევროლოგის, არის ეგრეთ წოდებული ხანგამოშვებითი კოჭლობა. ხანგამოშვებითი კოჭლობა ნიშნავს, როცა ადამიანს სიარულის დროს სწრაფად ეღლება ფეხის კუნთები, ან აქვს მოჭერის და ტკივილის შეგრძნება,
იძულებულია გაჩერდეს და ფეხი დაასვენოს, დასვენებისას ძალიან მალე გადის ეს ტკივილი და შემდეგ აგრძელებს სიარულს.
დაავადების სიმძიმეს ჩვენ განსაზღვრავთ უმტკივნეულოდ ან გაუჩერებლად გავლილი მანძილის დისტანციით, მაგალითად:
- პირველი სტადია არის როცა კილომეტრი შეუძლია პაციენტს გაიაროს გაჩერების გარეშე,
- მეორე სტადია არის – კილომეტრიდან 500- მეტრამდე და 500- მეტრიდან ქვევით,
- მესამე სტადია არის ტკივილი მოსვენების დროს, როცა არ დადის პაციენტი და ტკივილი მაინც, ასევე როცა აღენიშნება ფეხის გაციება, ფეხის დაბუჟება, მამაკაცებში აღენიშნება წვივზე თმიანი საფარველის გაცვენა იშემიის გამო.
- მეოთხე სტადია არის შეუხორცებელი წყლულის არსებობა, როცა ვთქვათ ან კოჟრის მოჭრის, ან ფრჩხილის ღრმად მოჭრის, ან ცოტა პატარა ფეხსაცმლით მიოტრავმატიზაციისას, ან აბსოლუტურად სპონტანურად გაჩენილი პატარა ჭრილობა ან წყლული არ ხორცდება დიდი ხნის განმავლობაში. და არის მტკივნეული,
– რა შემთხვევებში შეიძლება შეგვხვდეს უსიმპტომოდ?
– უსიმპტომო მიმდინარეობა არის იშვიათი და გვხვდება კონკრეტული ჯგუფის პაციენტებში. დიაბეტის მქონე პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ეგრეთ წოდებული ნეიროპათია და ისედაც დაბუჟების შეგრძნება აქვთ ფეხებში, ხანდახან ამ შეუხორცებელი წყლულების ადგილას ტკივილის შეგრძნება არ აღინიშნება.
ასევე იმ პაციენტებში, რომლებიც მჯდომარე ცხოვრების წესს ეწევიან და მაინცდამაინც კილომეტრს არ გადიან დღის განმავლობაში და არც ას მეტრს არ გადიან, მაგალითად, ხანდაზმული ბებია-ბაბუები, რომლებიც ყოველდღიურად მხოლოდ საყოფაცხოვრებო სამკუთხედში მოძრაობენ – საძინებელი, სამზარეულო, სააბაზანო. ისინი არ გადიან დღის მანძილზე დიდ მანძილს, რის გამოც მათ ხანგამოშვებითი კოჭლობა არ აღენიშნებათ ან ჩივილი არ აქვთ.
აგრეთვე იმ პაციენტებში, რომელთაც გადატანილი აქვთ ინსულტი და აქვთ, ასე ვთქვათ, ჰემიპარეზი – დამბლა ან დაბუჟება რომელიმე ჯგუფის კიდურებში, ან მარცხენა მხარეს, ან მარჯვენა მხარეს.
– პრევენციული, პროფილაქტიკური ზომები თუ არსებობს?
– პრევენცია-პროფილაქტიკა თავისთავად იქნება ანგიოლოგის მეთვალყურეობა და დაავადების პირველადი დიაგნოსტიკა, მაგალითად, როცა ხანდაზმული პაციენტები მიმართავენ მკურნალ კარდიოლოგს და თერაპევტს, როგორც წესი კარდიოლოგმა და თერაპევტმა სისხლძარღვების გამოკვლევის ფარგლებში, პერიფერიულ არტერიებზეც უნდა გაამახვილოს ყურადღება. პირველადი დიაგნოსტიკა მოიცავს ქვედა კიდურების დუპლექს სკანირებას, ანუ ექოსკოპიურ კვლევას და ამითი შეიძლება მკურნალმა ექიმმა გამოავლინოს დაავადება.
სამწუხაროდ, როგორც წესი, პაციენტები უკვე მიდიან ხოლმე უკვე შორს წასული დაავადებით, როგორიც არის შეუხორცებელი ჭრილობების წყლული, ან უკვე ნეკროზის და განგრენის არსებობა, რაც, სამწუხაროდ, გვიზღუდავს მკურნალობის ვარიანტების რაოდენობას და არეალს.
დაავადების პროგრესირების შემთხვევაში ვითარდება ისეთი შეუქცევადი ცვლილებები, რომელთა მოტრიალებაც და ქსოვილების გადარჩენაც რთულდება. სისხლის მიწოდება როცა ფერხდება რომელიმე კიდურში, იგი განიცდის ჟანგბადოვან შიმშილს. ეს ჟანგბადოვანი შიმშილი რაღაც ეტაპზე არის აბსოლუტურად შექცევადი და გამოსწორებადი, თუმცა, თუ გაგრძელდა ან იმატა ინტენსივობით, შეიძლება დაიწყოს უკვე შეუქცევადი ცვლილებები და ამ
ნაწილების კვდომა გამოიწვიოს. ამ შემთხვევაში, მკურნალობა უფრო რთულდება და გამოსავალიც არის საკმაოდ ცუდი.
– შეიძლება ითქვას, რომ ფეხის დაკარგვამდეც შეიძლება მიგვიყვანოს?
– სამწუხაროდ, დიახ, მკურნალობის გარეშე პერიფერიული არტერიული დაავადება მიზეზი ხდება კიდურის, ფეხის დაკარგვის. შეუხორცებელი ჭრილობები ამ დაავადების დროს არის იშემიური ქსოვილები, რომელთა არეალიც ნელ-ნელა იზრდება, ქსოვილები კვდება და რეალურად დგება ან განგრენა იმის გამო, რომ ეს იშემიური ქსოვილები ინფიცირდება და ინფექციის მიმართ მეტად მოწყვლადია, ან, პირიქით, შრება, მუმიფიცირდება და, სამწუხაროდ, პროცესი ყველაზე მძიმე შედეგამდე – კიდურის ამპუტაციამდე შეიძლება მივიდეს.
– როგორ ხდება ნიუ ჰოსპიტალსში პერიფერიული არტერიების დაავადების დიაგნოსტიკა და მკურნალობა?
– ნიუ ჰოსპიტალში ამ დაავადების დიაგნოსტიკა ხდება ყველა არსებული თანამედროვე, მეთოდით, მაღალტექნოლოგიური გამოკვლევებით, რომლებიც გვეხმარება განვსაზღვროთ დაზიანების ლოკალიზაცია, დაზიანების სიგრძე, ხარისხი და ოპერაციის ტაქტიკისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორები, როგორიც არის ანატომია, მდებარეობა, გავრცელება და ასე შემდეგ.
პირველადი დიაგნოსტიკა მოიცავს ექოსკოპიურ კვლევას და ეგრეთ წოდებულ გოჯ მხრის ინდექსს, როცა ხდება წნევა იზომება მხარზე და კოჭთან, წვივის ქვედა ნაწილში და ამ გაზომილი წნევების თანაფარდობით გამოითვლება ინდექსი, რომლის დაქვეითებაც მიგვანიშნებს, რომ ფეხებს უფრო ნაკლები სისხლი მიეწოდება, ვიდრე ხელებს.
როგორც კი ეს ინდექსი მცირდება და 0.9-ზე ქვევით ჩამოდის, საფიქრებელია პერიფერიული არტერიების დაავადება და პაციენტი უფრო ღრმად და დაწვრილებით არის გამოსაკვლევი. რა თქმა უნდა კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია, რომელიც ტაქტიკის განსაზღვრაში გვეხმარება, ხელმისაწვდომია ნიუ ჰოსპიტალში უახლოესი აპარატურით.
ნიუ ჰოსპიტალში გვყავს გუნდი დიდი გამოცდილებით პერიფერიული არტერიების მენეჯმენტში. ჩვენი განყოფილების ხელმძღვანელი გიგი ბრეგაძე უკვე მრავალი წელია ამ სფეროში მოღვაწეობს საკმაოდ წარმატებულად.
პროფესიონალიზი, სწრაფი და ზუსტი დიაგნოსტიკა, თანამედროვე გაიდლაინებით მკურნალობა, – ესაა ის ჩამონათვალი, რაც კარგ შედეგს განაპირობებს.
– პრევენციული რეკომენდაციები – არ მოწიო, არ დალიო, ივარჯიშე, კარგი
რჩევებია, მაგრამ რთულია, არსებობს რამე „ჯადოქრობა“?
– სამწუხაროდ, პრევენციული რეკომენდაციები პერიფერიული დაავადების თავიდან აცილების ან მისი პროგრესირების შენელების მხრივ არის ძალიან ზოგადი, გადაღეჭილი და ბანალური, როგორიც არის თამბაქოს მოწევისგან თავის შეკავება კი არა და საერთოდ აკრძალვა, საკვებში მეტი მცენარეული კომპონენტების, ჯანსაღი ზეთების, როგორიც არის ომეგა-3 და მცენარეული ზეთების არსებობა, ცხოველური ცხიმების შეზღუდვა და რაც მთავარია ფიზიკური აქტივობა ზომიერად, ფეხით სიარული. ფეხით სიარული ააქტიურებს კუნთებს, კუნთისკენ სისხლის მიდინებას ზრდის და მნიშვნელოვნად აფერხებს ფეხის სისხლის მომარაგების დაქვეითებას. კუნთი რაც უფრო მეტად მუშაობს, მას მეტი სისხლი მიეწოდება და მოცულობაშიც უფრო დიდია, შესაბამისად მეტ სისხლს იტევს და მეტი სისხლი მოეხმარება სხეულის ნაწილებს. ფიზიკურად არააქტიურ ადამიანებში კუნთის მასა მცირდება, კუნთი, რომელიც არ მუშაობს, ატროფირდება; შესაბამისად ატროფირებულ კუნთს იმხელა სისხლი არ სჭირდება და ნაკლები სისხლი მიეწოდება კიდურებისკენ. ამიტომ ფიზიკური აქტივობა და კუნთების შენარჩუნება მნიშვნელოვანი ფაქტორია იმისათვის, რომ პერიფერიული არტერიების დაავადების პროგრესირება შევაჩეროთ.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანია იმ ქრონიკული დაავადებების ადეკვატური მკურნალობა და მიხედვა და არ მიტოვება, როგორიც არის არტერიული ჰიპერტენზია, შაქრის მაჩვენებლების კონტროლი, წონის კონტროლი, მუდმივად ქოლესტერინის კონტროლი, იმიტომ რომ პერიფერიულ არტერიებამდე ქოლესტერინის მომატება იწვევს გულსისხლძარღვთა
დაავადებების – როგორიც არის გულის ინფარქტი. ეხლა შეიძლება ფეხი გტკივა, მაგრამ თუ ქოლესტერინს არ მიხედავ, ამ ფეხებს გული გაასწრებს და გული უფრო მალე გამოიწვევს ფატალურ შედეგს, ვიდრე ამ ფეხის შეუხორცებელი ჭრილობა. ამიტომ წნევის კონტროლი, შაქრის კონტროლი, ქოლესტერინის კონტროლი აუცილებელი პირობაა იმისთვის, რომ პერიფერიული არტერიების დაავადების პროგრესირება და სავალალო შედეგები არ მივიღოთ.
(R)

4 hours ago
5







English (US) ·
Georgian (GE) ·