განაცხადი საჯარო რეესტრში 2 მაისს შევიდა, ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენის შემდეგ კი ცვლილებები დღეს, 5 მაისს აისხა.
კომპანია „რიყე დომ“ საჯარო რეესტრში 24 აპრილს დარეგისტრირდა. კომპანიის დირექტორია მიხეილ ტყეშელაშვილი. ის ამავდროულად მართავს „ქართული ოცნების“ მილიონერი დეპუტატის, გიორგი ბარვენაშვილის კომპანიების წილებს. მათ შორის, „ჯი ჯი ჯი ჯორჯიაში“, GORAGROUP-ში, Parna-სა და ა.შ.
შპს „რიყე დომ“-ის 100%-იანი მფლობელი შპს „ნ.გ.ბ“-ია, რომლის ერთადერთი მფლობელი თორნიკე კოპალიანია. რადიო თავისუფლება დაუკავშირდა მას იმის გასარკვევად, რატომ დაინტერესდა „რიყის დოქების“ შეძენით.
„ამ საკითხზე კომენტარს არ გავაკეთებ“, - თქვა მან კითხვის პასუხად.
„რიყის დოქენი“ სახელმწიფოს საკუთრებაში 2022 წლის მარტის შემდეგ აღარ არის. ის მეექვსე მცდელობაზე, თავდაპირველ ფასზე 10-ჯერ უფრო იაფად, 10 020 000 ლარად გაიყიდა. მყიდველი „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული ბიზნესმენ დავით ხიდაშელის კომპანია იყო.
კომპანიამ ვალდებულებად აიღო, რომ 36 თვის განმავლობაში 14 591 კვ.მ მიწის ნაკვეთი გამოეყენებინა ღვინის, ციფრული ხელოვნების და ტექნოლოგიების მუზეუმი, ასევე საგამოფენო და საკონფერენციო სივრცეები მოსაწყობად.
„რიყის დოქების“ მშენებლობა 2012 წელს დასრულდა. შენობა ეკონომიკის სამინისტროს ბალანზე ირიცხებოდა. თავდაპირველად იქ ხელოვნების ცენტრი და მუსიკისა და დრამის თეატრი უნდა განთავსებულიყო, მოგვიანებით კი ხელმოწერები გროვდებოდა შენობაში ღვინის მუზეუმის გახსნის მოთხოვნით.
წლების შემდეგ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ მისი გაყიდვა გადაწყვიტა.