რამდენი ვართ? – 2024 წლის აღწერის წინასწარი მონაცემები

1 month ago 9

საქსტატის მიერ ჩატარებული მოსახლეობის აღწერის წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 914 ათასი კაცი შეადგინა, საიდანაც 2078 ათასი (53%) ქალია, ხოლო 1836 ათასი (47%) – კაცი.

საქსტატის ცნობით, ქალების წილი შედარებით მაღალია თბილისსა (56%) და ქუთაისში (55%), ხოლო შედარებით დაბალი – მცხეთის (49%), ხარაგაულისა (49%) და საგარეჯოს (49%) მუნიციპალიტეტებში.

საქართველოში მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერა 2024 წლის 14 ნოემბრიდან 31 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა. აღწერამ მოიცვა ქვეყნის მთელი ტერიტორია, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა. საერთაშორისო მეთოდოლოგიის მიხედვით, აღწერას დაექვემდებარა ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები საქართველოს ყველა მოქალაქე, ასევე, ქვეყნის ტერიტორიაზე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები.

მოსახლეობის აღწერის შედეგების მიხედვით, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, 2 423 ათასი კაცი (62%) ცხოვრობს საქალაქო დასახლებებში, ხოლო 1 491 ათასი კაცი (38%) – სოფლად.

რეგიონების მიხედვით, საქალაქო დასახლებებში მცხოვრები მოსახლეობის წილი, თბილისის გარდა, მაღალია აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში (66%), რაც განპირობებულია ბათუმის მოსახლეობის მაღალი რიცხოვნობით, ხოლო შედარებით დაბალია მცხეთა-მთიანეთის (20%), კახეთის (21%), რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის (24%) რეგიონებში.

მოსახლეობის 2024 წლის აღწერის მონაცემებით, თბილისის მკვიდრია საქართველოს მთელი მოსახლეობის დაახლ. 34%. მოსახლეობის რიცხოვნობის მიხედვით მეორე და მესამე ადგილს იკავებს იმერეთისა და ქვემო ქართლის რეგიონები, სადაც, შესაბამისად, ქვეყნის მთელი მოსახლეობის 12.9% და 11.2% ცხოვრობს.

სრულად წაკითხვა