მისი თქმით, მოსკოვი მზად არის მოლაპარაკებები უპირობოდ დაიწყოს, ხოლო ახლა ნაბიჯი კიევსა და მის დასავლელ „პატრონებზეა“, რომლებიც, პუტინის სიტყვებით, უკრაინის ხელშეწყობით რუსეთს ებრძვიან.
პუტინის განცხადებას წინ უძღოდა ოთხი მნიშვნელოვანი ევროპული ქვეყნის — გერმანიის, საფრანგეთის, პოლონეთისა და ბრიტანეთის — ლიდერების მიერ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გაკეთებული მოწოდება რუსეთის მიერ უკრაინაში მიმდინარე ომის პირობებში უპირობო 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. მათ გააფრთხილეს მოსკოვი, რომ პუტინის მხრიდან შესაძლო უარს ახალი, „მასშტაბური“ სანქციები მოჰყვება.
უკრაინის პრეზიდენტმა და მისმა საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადეს, რომ ლიდერებმა მხარი დაუჭირეს ინიციატივას ცეცხლის შეწყვეტა 12 მაისიდან ამოქმედდეს.
რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები სტამბოლში 2022 წელს სწორედ მას შემდეგ შეწყდა, რაც რუსეთის დელეგაციამ მოლაპარაკების მაგიდასთან ულტიმატუმი წამოაყენა — მოთხოვნები, რომლებიც სრულიად მიუღებელი აღმოჩნდა კიევისთვის.