პარიზში დანებით შეიარაღებული პირი სამ ქალს დაესხა თავს

2 hours ago 4

პარიზის ჩრდილო-დასავლეთში სამზარეულოს ორი დანით შეიარაღებულმა პირმა სამი ქალი დაჭრა. თავდასხმა მოხდა დაახლოებით 11:30 საათზე, მეტროს გაჩერება პორტ-დე-კლიშისთან. ეჭვმიტანილი ინციდენტიდან მალევე დააკავეს.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ლორან ნუნიესის თქმით, ეჭვმიტანილი დააკავა პოლიციელმა, რომელიც თადასხმის მომენტში არ ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას. სამივე დაშავებული საავადმყოფოშია მოთავსებული. ისინი 19, 24 და 36 წლის ქალები არიან.

მინისტრის განცხადებით, დაშავებულთა სიცოცხლეს არაფერი ემუქრება, თუმცა ორი ქალის ჭრილობები მძიმეა.

როგორც გამოცემა Le Monde პოლიციის წყაროზე დაყრდნობით წერს, თავდამსხმელმა ჯერ დაჭრა ქალი, რომელიც ტრამვაის ელოდებოდა, და შემდეგ დანარჩენებს დაესხა თავს. დაკავების შემდეგ ეჭვმიტანილმა თავისი სახელი თქვა, თუმცა, ნუნიესის თქმით, იგი "გაურკვევლად ლაპარაკობს".

წყაროების თქმით, თავდამსხმელი 31 წლის ფრანგია, რომელიც, წინასწარი ვარაუდით, შესაძლოა ფსიქიკურ აშლილობას განიცდიდა. სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ ვიდეოებში დაკავებული დეზორიენტირებულად გამოიყურება და ამბობს "C’est Allah qui m’a ordonné" (მე ალაჰმა მიბრძანა).

ნუნიესი გამოვიდა მოწოდებით არ მოხდეს ნაადრევი დასკვნების გამოტანა თავდასხმის მოტივების თაობაზე.

საფრანგეთის სახელმწიფო ანტიტერორისტულმა პროკურატურამ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე თვალს ადევნებს გამოძიების მიმდინარეობას, თუმცა ოფიციალურად მისი წარმოება მისთვის ჯერ არ გადაუციათ.

სრულად წაკითხვა