
პარიზში მდებარე ცნობილი ცვილის ფიგურების მუზეუმიდან, Musée Grévin-დან, გარემოსდაცვითი ორგანიზაცია Greenpeace-ის აქტივისტებმა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ფიგურა მოიპარეს. ამის შესახებ „ლე ფიგარო“ წერს.
გავრცელებული ინფორმაციით, 2 ივნისს მუზეუმში სამი პირი შევიდა, როგორც დამთვალიერებელი, შემდეგ მათ მუზეუმის თანამშრომლის ფორმები ჩაიცვეს, მაკრონის 40 000 ევროს ღირებულების ცვილის ფიგურა ე. წ. პლედში გაახვიეს და ისე მოიპარეს. მათ შენობის დატოვება სათადარიგო გასასვლელიდან შეძლეს.
შემდეგ ცვილის ფიგურა პარიზში, რუსეთის საელჩოსთან გადაიტანეს წარწერით – „უკრაინა იწვის, ბიზნესი გრძელდება“.
„გრინფისი“ საფრანგეთის პრეზიდენტს ადანაშაულებს იმ კომპანიების ხელშეწყობაში, რომლებიც რუსეთთან საქმიან ურთიერთობას განაგრძობენ უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგაც კი. აქტივისტების ინფორმაციით, კომპანიები ყიდულობენ ბუნებრივ რესურსებს, რომლებიც კლიმატის შეცვლასაც უწყობს ხელს.
„ჩვენთვის საფრანგეთი ორმაგ თამაშს თამაშობს. ემანუელ მაკრონი გამოხატავს ამ ორმაგ კურსს: მხარს უჭერს უკრაინას, მაგრამ მოუწოდებს ფრანგულ კომპანიებს, გააგრძელონ ვაჭრობა რუსეთთან“, – განაცხადა „გრინფისის“ ერთ-ერთმა აქტივისტმა.
მაკრონის ცვილის ფიგურა რუსეთის საელჩოს ტერიტორიიდან მალევე აიღეს.
მანანა ბანძელაძე