„სანამ [სასწრაფოს] გამოვიძახებდით, საპირფარეშოში წასვლის დროს წაბარბაცდა და შეუძლოდ გახდა - დავაწვინეთ საწოლში. ორი თუ სამი საათის შემდეგ ისევ შეუძლოდ გახდა. ექიმი როგორც ამბობს, მიზეზი ტკივილი იყო... ტკივილი ჰქონდა თავის, ხელის, ფეხის არეში. იძახდა, რომ ძალიან სტკიოდა, გამაყუჩებელიც მივეცით...“ - უთხრა „TV პირველს“ პაპუნა ლოცულაშვილის ძმამ, გიგლა ლოცულაშვილმა.
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გადაუდებელი დახმარების მორიგე ექიმმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ დაშავებულს გამოკვლევებს უტარებენ:
„პაციენტი იმყოფებოდა „ვივამედის“ კლინიკაში, სადაც მას ჩაუტარდა კვლევები, მაგრამ პაციენტმა უარი განაცხადა სტაციონარში დარჩენაზე, გაეწერა ბინაზე. ბინაზე ყოფნისას მისი მდგომარეობა შედარებით გაუარესდა“.
პოლიციელებმა გორში კაცზე იძალადეს
ორი დღის წინ, 27 მაისს, რეგიონულმა მედიამ, qartli.ge-მ, გაავრცელა ვიდეოკადრები, რომლებშიც ჩანდა, როგორ ძალადობდა რამდენიმე პოლიციელი გორში, „კომბინატის დასახლებაში“, პაპუნა ლოცულაშვილზე. ამ კადრების მიხედვით, პოლიცია აკავებს ორ ადამიანს.
მოგვიანებით გაირკვა, რომ კაცი ნაცემია და პოლიციელზე ძალადობას ედავებიან - მის წინააღმდეგ საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით და შინაპატიმრობა, ჯარიმა ან ორიდან ექვს წლამდე პატიმრობა ემუქრება.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ, 28 მაისს განაცხადა, რომ მოქალაქე საპოლიციო გადამოწმების მიზნით იყო შეჩერებული და ძალადობას წინ უსწრებდა მისი მხრიდან „აგრესიული ქმედება“ და „თავდასხმა“.
„იგი არ დაემორჩილა პოლიციის მოთხოვნას, გადამოწმებულიყო მისი მონაცემები, რა დროსაც გახდა აგრესიული და განახორციელა ფიზიკური თავდასხმა სამინისტროს ერთ-ერთ თანამშრომელზე. კერძოდ, ბლაგვი საგნით, ქვის გამოყენებით დაუზიანა ჯანმრთელობა“, - თქვა დარახველიძემ.
ძალადობა პოლიციის მხრიდან
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა სამართალდამცავები მოქალაქეებზე ძალადობენ. გამოუძიებელი ასეთი საქმეები არაერთია, მათ შორის 2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ, როცა პოლიცია მოქალაქეებსა და ჟურნალისტებზე ვიდეოკამერების წინ ძალადობდა.
პროკურატურამ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით. ეს მუხლი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს ძალადობით ან იარაღის გამოყენებით.
გუშინ, 28 ნოემბერს, გორში მომხდარი ძალადობის საქმეზე ექვსი პოლიციელი დააკავეს. მათ 5-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. მათ საქმეს გორის საქალაქო სასამართლო დღეს, 29 მაისს, განიხილავს.
ნაცემი კაცი დააკავეს
ნაცემი კაცი ვიდეოკადრების გავრცელებიდან რამდენიმე საათში პროკურორის დადგენილებით გაათავისუფლეს, თუმცა მის წინააღმდეგ საქმის წარმოება არ შეწყვეტილა.
პაპუნა ლოცულაშვილი 27 მაისს კლინიკა „ვივამედშიც“ იმყოფებოდა გამოკვლევებზე. მან სამედიცინო დაწესებულება რამდენიმე საათში დატოვა. პაპუნა ლოცულაშვილს ნეკნი აქვს გატეხილი.
ის 29 მაისს, გვიან ღამით კვლავ მოხვდა კლინიკაში.
გამოხმაურებები
- სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი „გმობს პოლიციელების მხრიდან ყველა სახის კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, განსაკუთრებით კი არასათანადო მოპყრობის ფაქტებს“.
- „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის თქმით, მან ნახა გავრცელებული კადრები და „აბსოლუტურად მიუღებელი კადრებია და, რა თქმა უნდა, შესაბამის სახელმწიფო უწყებებს უნდა ჰქონდეთ და ექნებათ სათანადო რეაგირება“.
- იურისტი ლონდა თოლორაია, რომელმაც რამდენიმე წლის განმავლობაში იმუშავა ჯერ შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტში, დირექტორის პოზიციაზე და შემდეგ იყო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სახელმწიფო ინსპექტორი, სოციალურ ქსელში წერს, რომ დანაშაულებრივი „საქმეების 99%, რომელზეც პოლიციელის მიმართ დევნა დაწყებულა (დიდი ბრძოლის შემდეგ), ზუსტად ასეთი საქმეები იყო - ვიღაცამ გადაიღო (ფოტო ან ვიდეო) ან ვიღაც მოკვდა“.

2 weeks ago
12







English (US) ·
Georgian (GE) ·