„მძიმე ღამე“ - უკრაინაზე რუსეთის მორიგი შეტევისას პოლონეთში უცნობი ობიექტი ჩამოვარდა

1 day ago 18

უკრაინაზე რუსული რაკეტებითა და დრონებით მასირებული შეტევისას, რომელსაც უკრაინის თავდაცვის ძალები იგერიებდნენ, პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა და აფეთქდა უცნობი ობიექტი.

უკრაინაზე გასული ღამის განმავლობაში მიმდინარე შეტევისას რუსეთის ჯარების ერთ-ერთი სამიზნე იყო ქალაქი ლვოვი, რომელიც პოლონეთის საზღვრიდან დაახლოებით 70-თ კილომეტრში მდებარეობს.

30 ივლისს გამთენიისას პოლონეთის ლუბლინის რაიონის სოფელ ტარნავა-კოლონიასთან ჩამოვარდა და აფეთქდა ობიექტი, რომლის წარმომავლობასაც ამჟამად პოლონეთის შესაბამისი სამსახურები იკვლევენ.

ადგილობრივი მედია პოლიციაზე დაყრდნობით წერს, რომ აფეთქების ადგილზე, რომელიც დაუსახლებელია, დაახლოებით ათი მეტრის სიგანის ორმო წარმოიშვა.

პოლონეთის შეიარაღებული ძალების სარდლობის ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის სისტემის რადიოლოკაციურმა საშუალებებმა დასავლეთ უკრაინის თავზე დააფიქსირეს რამდენიმე ათეული რაკეტა, რომელთა მიმართულება პოლონეთის საჰაერო სივრცეს საფრთხეს არ უქმნიდა.

ამასთან, სარდლობის თანახმად, 03:40 საათზე პოლონეთის საჰაერო სივრცეში აღმოაჩინეს ამოუცნობი ობიექტი, რის გამოც ინციდენტის რაიონში გაიგზავნა გამანადგურებელი F-16, თუმცა ექვს წუთში, ობიექტის იდენტიფიცირებამდე, ის რადიოლოკაციური სისტემების ეკრანიდან გაქრა.

ინციდენტის რაიონში გაგზავნეს სამხედრო ვეტმფრენი, რომელმაც ტარნავა-კოლონიასთან, დაუსახლებელ ადგილას აღმოაჩინა ობიექტის ჩამოვარდნის ადგილი. იქ სახმელეთო სამძებრო-სამაშველო ჯგუფიც გაგზავნეს.

პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა 30 ივლისს დილით სოციალურ ქსელ X-ში თავის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ პოლონეთის საჰაერო თავდაცვისა და მონიტორინგის სისტემებისთვის „უკიდურესად მძიმე ღამე“ იყო. მინისტრის ინფორმაციით, მიმდინარეობს მუშაობა იმის დასადგენად, თუ რა ობიექტი ჩამოვარდა ქვეყნის ტერიტორიაზე.

  • 24-26 ივლისის პერიოდში, უკრაინაზე რუსეთის შეტევისას უკრაინის მეზობელი რუმინეთის ტერიტორიაზე აღმოჩნდა სამი რუსული დრონი, რომლებიც რუმინეთის არმიის F-16 ტიპის გამანადგურებლებმა ჩამოაგდეს.
სრულად წაკითხვა