მოსკოვში წითელ მოედანზე 9 მაისის აღლუმი იმართება

13 hours ago 3

"დიდ სამამულო ომში გამარჯვების" 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით და უკრაინასთან ომის ფონზე მოსკოვში პომპეზური აღლუმი იმართება.

აღლუმზე სიტყვებით გამოვიდა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, მან მეორე მსოფლიო ომში გამარჯვება შეაფასა და თქვა რომ მათი "მოვალეობაა დავიცვათ წითელი არმიის ჯარისკაცებისა და მეთაურების ღირსება სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლების დიდი გმირობა, რომლებიც სამუდამოდ დარჩებიან მსოფლიო ისტორიაში, რუს ჯარისკაცებად“.

პუტინმა ისაუბრა უკრაინაში ომზე და თქვა, რომ მათ მხარესაა "სიმართლე და სამართლიანობა", და რუსეთში უმრავლესობა მხარს უჭერს "სპეციალური სამხედრო ოპერაციის მონაწილეებს და ამაყობს მათი სულისკვეთებით".

"ჩვენ ვამაყობთ მათი გამბედაობითა და მონდომებით, სულის იმ ძალით, რომელიც ყოველთვის მხოლოდ გამარჯვებას გვანიჭებდა“, - განაცხადა პუტინმა.

ამასთან ვლადიმირ პუტინის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოცხადებული ცალმხრივი სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის მეორე ღამე გავიდა. უკრაინიდან მიღებული ცნობებით, რუსეთის არმიას თითქმის არც ერთი სარაკეტო, საარტილერიო და დრონებით დარტყმა არ განუხორციელებია, თუმცა, არაერთმა უკრაინულმა მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია სუმის ოლქის ფრონტის ხაზზე მდებარე რაიონებში არაერთ სარაკეტო დარტყმის შესახებ.

მოსკოვის გარდა სამხედრო აღლუმები რუსეთის ბევრ სხვა ქალაქშიც იმართება. ამასთან, ბელგოროდის, კურსკისა და ვორონეჟის რეგიონების ხელისუფლება აცხადებს, რომ დრონებით თავდასხმის საფრთხის გამო გამოცხადებულია განგაშის რეჟმი.

მოსკოვში უსაფრთხოების სპეციალური ზომებია მიღებული, გათიშულია მობილური ინტერნეტი, ონლაინ ბანკინგი და სხვა მსგავსი სერვისები.

წითელ მოედანზე გამართულ აღლუმში რუსეთის შეიარაღებული ძალების 10 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე, ასევე კრემლის „მოკავშირე“ სხვა მრავალი სახელმწიფოს სამხედროებიც მონაწილეობენ.

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, იური უშაკოვის თქმით, მოსკოვში საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობა მსოფლიოს 29 ლიდერმა დაადასტურა; თუმცა, მოწვეულთაგან ზოგმა უარი თქვა.

ყველაზე გავლენიანი ლიდერი, რომელიც მოსკოვში ჩავიდა ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინია, ის რუსეთს ოთხდღიანი ვიზიტიც ეწვია.

სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა თქვა, რომ, შეასრულა რუსეთის პრეზიდენტისთვის მიცემული, პირობა, რომ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80 წლისთავზე მოსკოვში ჩავიდოდა. მისი სიტყვებით, პუტინთან მოლაპარაკებები და ორმხრივი ურთიერთობების განვითარება ბელგრადისთვის მნიშვნელოვანია.

მოსკოვში ჩავიდა სლოვაკეთის პრემიერი რობერტ ფიცოც.

სრულად წაკითხვა