16 მაისს, - ბათუმის საქალაქო სასამართლოში ამაღლობელის პოლიტიკური ნიშნით გასამართლებად ფართოდ მიჩნეული მორიგი პროცესის შემდეგ, კლუნების ფონდი აცხადებს:
„მზიას საქმე გვახსენებს, რამდენად სერიოზულია საქართველოში პრესის თავისუფლების წინაშე არსებული საფრთხე“. ფონდი ასევე წერს:
- „მიმდინარე კვირაში ქართველი ჟურნალისტი მზია ამაღლობელი საკუთარ დაბადების დღეს გისოსებს მიღმა შეხვდა.
- სასამართლო სხდომაზე სასამართლომ დაბლოკა დაცვის მხარის ჩვენებები ბრალდების პოლიტიკურ მოტივებზე;
- პროკურორები ცდილობდნენ, გასაჩივრებული ადმინისტრაციული საქმის მოშველიებით დაეხატათ იგი რეციდივისტად;
- პოლიცია ამტკიცებს, რომ მათი მხრიდან დემონსტრანტების მიმართ აგრესია არ ყოფილა“.
კლუნების ფონდი მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს მონიტორინგს 16 მარტიდან უწევს.
16 მაისს ამაღლობელის სასამართლოზე იმყოფებოდა ავსტრიელი ევროპარლამენტარი ლენა შილინგი, რომელმაც განაცხადა, რომ მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს არაფერი აქვს საერთო კანონის უზენაესობასთან, ამაღლობელი კი პოლიტიკური დევნის მსვერპლია - ამავე დროს, „მთელი [საპროტესტო] მოძრაობის ხმა“.
დღესვე ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოჰკითხეს სასამართლოს ექსპერტი გივი ჩხარტიშვილი. მან 12 იანვარს ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძეს და შემდეგ მისთვის სილის გაწვნის გამო „თავდასხმაში“ ბრალდებულ მზია ამაღლობელს ჩაუტარა ექსპერტიზა. ექსპერტმა განაცხადა, რომ:
- მზია ამაღლობელს მარცხენა მხრის არეში აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები;
- ირაკლი დგებუაძეს გარეგნულად სხეულზე, ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში, მექანიზმით დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა.