მისი ადვოკატების ცნობით, ამაღლობელმა 7 მაისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა ამ სამი პოლიტიკოსის მიერ სხვადასხვა დროს მედიაში ამაღლობელის შესახებ გაკეთებული განცხადებების ცილისწამებად მიჩნევა და იმავე საშუალებით აღნიშნული განცხადების უარყოფა.
კერძოდ, საუბარია შემდეგ განცხადებებზე:
- ირაკლი კობახიძე, 2025 წლის 29 იანვარს, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „იმედი LIVE“-ში: „ფაქტი იყო ასეთი. თქვენ გახსოვთ ჯერ იყო პირველი ინცინდენტი, როდესაც სტიკერებს აკრავდა პოლიციელებს ეს ადამიანი. მისი ეს სამართალდარღვევა არავითარი ფორმით არ იყო დაკავშირებული ჟურნალისტურ საქმიანობასთან, იქ ის მოქმედებდა, როგორც პარტიული აქტივისტი, აქედან გამომდინარე, მედიასთან ამ ფაქტის დაკავშირება არის აბსოლუტური სპეკულაცია... აქ არც კი გამოხატავს სინანულს, არც ის და არც მისი თანაპარტიელები კოლექტიური ნაცმოძრაობიდან“.
- სინამდვილეში, ამაღლობელი სტიკერს პოლიციელებს არ აკრავდა - მან კედელს მიაკრა სტიკერი, რის შემდეგაც დააკავეს;
- ის არ არის რომელიმე პარტიის წევრი.
- ირაკლი კობახიძე 2025 წლის 16 აპრილს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში: „უდიდესი ნაწილი იმ ადამიანების, ვინც დღეს არის საპატიმროში, არის მსხვერპლი. ამას ვერ ვიტყოდი, მაგალითად, მზია ამაღლობელზე, რომელიც მსხვერპლი არ არის, რომელიც კონკრეტულ დაკვეთას ასრულებდა, როდესაც შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელს, მისი დავალება იყო პოლიციის დაკნინება და პოლიციის ღირსების შეურაცხყოფა“.
- მამუკა მდინარაძე 2025 წლის 3 თებერვალს, სამთავრობო ბრიფინგისას: „გმირად ნუ გამოვიყვანთ ქალბატონს, რომელიც კონკრეტული დავალებით მოქმედებდა... ჯერ „სტიკერი“ დააკრა პოლიციელს - ამ დავალების შინაარსი და შედეგი უნდა იყოს ის, რომ რაც შეიძლება რეპუტაცია შეელახოს სახელმწიფო ინსტიტუტებს, პოლიციას... ეს გააკეთა ერთადერთი მიზნით, რომ შეილახოს პოლიციისა და პოლიციელის რეპუტაცია“.
- სოზარ სუბარი 2025 წლის 5 თებერვალს, ტელეკომპანია „იმედის“: „ჩვენ ვნახეთ, რომ როდესაც მან გააკრა „სტიკერი“ პოლიციელს ზურგზე და არ მგონია ეს ეხლა ნორმალური საქციელი, რა გითხრათ“...
ამაღლობელი ითხოვს, რომ ეს განცხადებები მიჩნეულ იქნეს ცილისწამებად და დაევალოთ პოლიტიკოსებს „აღნიშნული ცილისწამებლური განცხადების უარყოფა სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ორი კვირის განმავლობაში, იმავე საშუალებებით“.
11 მაისს ოთხი თვე შესრულდება მზია ამაღლობელის დაპატიმრებიდან. ის წინასწარ პატიმრობაშია ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისათვის სილის გაწვნის გამო - სილის გაწვნის გამო მას „პოლიციელზე თავდასხმას“ ედავებიან და 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტი დაკავებიდან 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა. შიმშილობის 24-ე დღეს იგი კლინიკაში გადაიყვანეს და ციხეში მხოლოდ შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ დააბრუნეს.
ამაღლობელის პატიმრობას ევროკავშირი, მისი წევრი ქვეყნების უმეტესობის მთავრობები, საერთაშორისო უფლებადაცვითი და პრესის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები, - ისევე, როგორც საქართველოში არსებული მრავალფეროვანი პროდემოკრატიული მოძრაობის წარმომადგენლები, - პოლიტიკურად მოტივირებულად და უკანონოდ მიიჩნევენ.