„მდგომარეობა სტაბილურია“ - ექიმი რატიანი გორში პოლიციის მიერ ნაცემი კაცის შესახებ

2 weeks ago 12

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი ამბობს, რომ გორში პოლიციელების მიერ ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილის მდგომარეობა სტაბილურია და მას კლინიკაში დაკვირვების მიზნით ტოვებენ.

„იმყოფებოდა მიმღებ განყოფილებაში, ჩაუტარდა პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა კვლევა. კვლევა მოიცავდა თავის ტვინის ტომოგრაფიას - კეროვანი დაზიანება არ გამოვლინდა.

პაციენტის მდგომარეობა არის სტაბილური. ჩაუტარდა ყველა ბიოქიმიური კვლევა, ასევე ყველა დარგის სპეციალისტთან ჰქონდა კონსულტაცია. ნერვოლოგების მიერ შედგა კონსილიუმი“, - თქვა რატიანმა.

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ „ობიექტური მიზეზი არ არსებობს საგანგაშო დასკვნების გამოტანისთვის“:

„რაკი თვითონ აქვს სურვილი და განწყობა, გადიოდეს მკურნალობის დაკვირვებას, გამოკვლევას, ბუნებრივია, დაკმაყოფილებული იქნება როგორც მოითხოვს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ვფიქრობ, უახლოეს დღეებში მოიხსნება ნებისმიერი საკითხი მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე“, - თქვა სარჯველაძემ.

პოლიციელებმა გორში კაცზე იძალადეს

ორი დღის წინ, 27 მაისს, რეგიონულმა მედიამ, qartli.ge-მ, გაავრცელა ვიდეოკადრები, რომლებშიც ჩანდა, როგორ ძალადობდა რამდენიმე პოლიციელი გორში, „კომბინატის დასახლებაში“, პაპუნა ლოცულაშვილზე. ამ კადრების მიხედვით, პოლიცია აკავებს ორ ადამიანს.

მოგვიანებით გაირკვა, რომ კაცი ნაცემია და პოლიციელზე ძალადობას ედავებიან - მის წინააღმდეგ საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით და შინაპატიმრობა, ჯარიმა ან ორიდან ექვს წლამდე პატიმრობა ემუქრება.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ, 28 მაისს განაცხადა, რომ მოქალაქე საპოლიციო გადამოწმების მიზნით იყო შეჩერებული და ძალადობას წინ უსწრებდა მისი მხრიდან „აგრესიული ქმედება“ და „თავდასხმა“.

„იგი არ დაემორჩილა პოლიციის მოთხოვნას, გადამოწმებულიყო მისი მონაცემები, რა დროსაც გახდა აგრესიული და განახორციელა ფიზიკური თავდასხმა სამინისტროს ერთ-ერთ თანამშრომელზე. კერძოდ, ბლაგვი საგნით, ქვის გამოყენებით დაუზიანა ჯანმრთელობა“, - თქვა დარახველიძემ.

ძალადობა პოლიციის მხრიდან

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა სამართალდამცავები მოქალაქეებზე ძალადობენ. გამოუძიებელი ასეთი საქმეები არაერთია, მათ შორის 2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ, როცა პოლიცია მოქალაქეებსა და ჟურნალისტებზე ვიდეოკამერების წინ ძალადობდა.

პროკურატურამ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით. ეს მუხლი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს ძალადობით ან იარაღის გამოყენებით.

გუშინ, 28 ნოემბერს, გორში მომხდარი ძალადობის საქმეზე ექვსი პოლიციელი დააკავეს. მათ 5-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. მათ საქმეს გორის საქალაქო სასამართლო დღეს, 29 მაისს, განიხილავს.

ნაცემი კაცი დააკავეს

ნაცემი კაცი ვიდეოკადრების გავრცელებიდან რამდენიმე საათში პროკურორის დადგენილებით გაათავისუფლეს, თუმცა მის წინააღმდეგ საქმის წარმოება არ შეწყვეტილა.

პაპუნა ლოცულაშვილი 27 მაისს კლინიკა „ვივამედშიც“ იმყოფებოდა გამოკვლევებზე. მან სამედიცინო დაწესებულება რამდენიმე საათში დატოვა. პაპუნა ლოცულაშვილს ნეკნი აქვს გატეხილი.

ის 29 მაისს, გვიან ღამით კვლავ მოხვდა კლინიკაში. როგორც პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ამბობს, მისი მდგომარეობა სტაბილურია.

გამოხმაურებები

  • სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი „გმობს პოლიციელების მხრიდან ყველა სახის კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, განსაკუთრებით კი არასათანადო მოპყრობის ფაქტებს“.
  • „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის თქმით, მან ნახა გავრცელებული კადრები და „აბსოლუტურად მიუღებელი კადრებია და, რა თქმა უნდა, შესაბამის სახელმწიფო უწყებებს უნდა ჰქონდეთ და ექნებათ სათანადო რეაგირება“.
  • იურისტი ლონდა თოლორაია, რომელმაც რამდენიმე წლის განმავლობაში იმუშავა ჯერ შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტში, დირექტორის პოზიციაზე და შემდეგ იყო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სახელმწიფო ინსპექტორი, სოციალურ ქსელში წერს, რომ დანაშაულებრივი „საქმეების 99%, რომელზეც პოლიციელის მიმართ დევნა დაწყებულა (დიდი ბრძოლის შემდეგ), ზუსტად ასეთი საქმეები იყო - ვიღაცამ გადაიღო (ფოტო ან ვიდეო) ან ვიღაც მოკვდა“.
სრულად წაკითხვა