მახაშვილი „MEGOBARI აქტზე“: იმედი გვაქვს, რომ ტრამპი ხელს არ მოაწერს ამ პროვოკაციულ რეზოლუციას

4 days ago 10

„ქართული ოცნების“ დეპუტატ ლევან მახაშვილს, რომელიც ასევე არის სადავო პარლამენტის ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, იმედოვნებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, „MEGOBARI აქტი“ ძალაში შესვლის შემთხვევაში, არ აამოქმედებს მას.

ასე გამოეხმაურა ის აშშ-ის კონგრესის ქვედა, წარმომადგენელთა პალატაში „საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების მობილიზებისა და გაძლიერების აქტის“ მიღებას, რომელიც ითვალისწინებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისათვის სანქციების დაწესებას. ის ამ შემთხვავშიც საუბრობს „არაფორმალურ ძალებსა“ და „დიპ სტეიტზე“.

„თეორიულად თუ იგი შევა ძალაში, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად დააზიანებს ორმხრივ ურთიერთობებს და სწორედ ესეც არის გათვლა აი, იმ არაფორმალური ძალების და გავლენების, რომლებმაც ესე ინერციით მაინც გაიტანეს ქვედა პალატაში.

საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, რამდენიმე ეტაპი არის დარჩენილი კიდევ ბოლომდე, სანამ თეორიულად შევა ძალაში, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ პრეზიდენტი ხელს არ მოაწერს ამ პროვოკაციულ რეზოლუციას და ამით შეძლებს თავისი დანაპირების შესრულებას, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში დაამარცხოს ე.წ. დიპ სტეიტი“, - თქვა ლევან მახაშვილმა.

წუხელ აშშ-ის კონგრესის ქვედა, წარმომადგენელთა პალატამ კენჭი უყარა და ორპარტიული მხარდაჭერით მიიღო „მეგობარი აქტი“ (MEGOBARI Act). კანონის მისაღებად 218 ხმა იყო საკმარისი, თუმცა დოკუმენტს მხარი 349-მა დაუჭირა, წინააღმდეგი 42 კონგრესმენი იყო.

ანალოგიური შინაარსის „მეგობარი აქტი“ წარდგენილია სენატშიც - ორპარტიული მხარდაჭერით.

ერთი მხრივ, კანონპროექტი ითვალისწინებს დემოკრატიულ უკუსვლასა და რუსეთის, ჩინეთისა და ირანის ინტერესების გატარებაზე პასუხისმგებელი პირების სანქცირებას, მეორე მხრივ კი, ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ვექტორის კორექტირების შემთხვევაში, აშშ-ის მჭიდრო თანამშრომლობის პირობას დებს.

წარმომადგენელთა პალატის შემდეგ, ჯერი კონგრესის ზედა პალატაზე, სენატზეა - სანამ კანონპროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტ დონალდ ტრამპამდე მიაღწევს, სენატმაც უნდა დაამტკიცოს.

2025 წლის 27 მარტს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მას მხარი დაუჭირა. ახლა დარჩენილია კენჭისყრა სენატის სრული შემადგენლობის წინაშე.

პალატამ კანონპროექტი მიიღო 6 მაისს, - როდესაც საქართველოში უწყვეტი პროევროპული საპროტესტო დემონსტრაციების 160-ე დღე დაიწყო.

დღევანდელ კენჭისყრას რამდენიმე საათით წინ უსწრებდა წარმომადგენელთა პალატაში დებატები „მეგობარი აქტზე“.

დებატებისას კონგრესმენმა ჯო უილსონმა, კანონპროექტის თანაავტორმა, აღნიშნა, რომ „155 დღეზე მეტია, რაც თავისუფლების მოყვარული საქართველოს ხალხი მშვიდობიანად გამოდის ქუჩებში თავისი ერის მომავლისა და სულის დასაცავად“.

სიტყვით ხუთი კონგრესმენი გამოვიდა - სამი რესპუბლიკური, ორი კი დემოკრატიული პარტიიდან.

  • ბრაიან მასტი - პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი, ფლორიდა;
  • ჯონი ოშესკი - დემოკრატი, მერილენდი;
  • ჯო უილსონი - რესპუბლიკელი, სამხრეთი კაროლინა;
  • სტივ კოენი - დემოკრატი, ტენესი;
  • უორენ დევიდსონი - რესპუბლიკელი, ოჰაიო.

ოთხმა მათგანმა სიტყვით გამოსვლაში მხარი დაუჭირა „მეგობარი აქტის“ მიღებას, ერთი კი - რესპუბლიკელი უორენ დევიდსონი - შეეწინააღმდეგა.

აქტის მხარდამჭერი კონგრესმენების თქმით, საქართველო აშშ-ის ტრადიციული მოკავშირეა, თუმცა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები შეირყა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ნაბიჯების გამო, რომლებიც „იმეორებენ რუსეთის ავტორიტარულ ტაქტიკას“ და რომლებიც ქვეყანას ჩინეთსა და ირანთან აახლოებს.

„ეს კანონპროექტი სანქციებს დაუწესებს რეჟიმის წარმომადგენლებს საქართველოს სუვერენიტეტისა და პროდასავლური ტრაექტორიის შელახვის გამო, ასევე, გადახედავს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს, მათ შორის დახმარების პროგრამებს და მოითხოვს ანგარიშის მომზადებას, რომელიც შეისწავლის რუსეთის სადაზვერვო სამსახურის ქმედებებს საქართველოში“, - განაცხადა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბრაიან მასტმა.

სრულად წაკითხვა