WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

16 აგვისტოს ღამით, მოსკოვისა და როსტოვის ოლქებზე დრონების მასშტაბური თავდასხმების შედეგად, ხანძარი გაჩნდა რამდენიმე საწყობში. არის მსხვერპლიც.

მოსკოვის ოლქის გუბერნატორის, ანდრეი ვორობიოვის განცხადებით, ქალაქ პოდოლსკში, „კოლედინოს“ ინდუსტრიულ პარკში, დრონის დარტყმამ კომპანია Wildberries-ის საწყობში ხანძარი გამოიწვია; თუმცა ყველა თანამშრომლის ევაკუაცია დროულად მოხდა და არავინ დაშავებულა.

გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს მასშტაბური ხანძარი, რომლის ჩაქრობასაც ვერტმფრენებით ცდილობდნენ. „კოლედინოს“ ობიექტი Wildberries-ის ერთ-ერთი უდიდესი საწყობია.

ეს ობიექტი, ივლისის შუა რიცხვების შემდეგ, არაერთხელ გახდა თავდასხმის სამიზნე, რაც რუსეთის მასშტაბით Wildberries-ის საწყობების წინააღმდეგ მიმართული ფართომასშტაბიანი კამპანიის ნაწილია. ივლისის ბოლოს Reuters იტყობინებოდა, რომ სულ რაღაც რამდენიმე დღეში ონლაინგაყიდვების ამ უმსხვილესი კომპანიის მინიმუმ შვიდი საწყობი დაზიანდა, ხოლო AP-ის ცნობით, აგვისტოს დასაწყისისთვის თორმეტზე მეტ ობიექტზე მიიტანეს იერიში.

უკრაინის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ელექტრონული კომერციის კომპანიის საწყობები რუსეთის სამხედრო საჭიროებების მომარაგებაშია ჩართული. Wildberries და კრემლი ამ ბრალდებას უარყოფენ.

16 აგვისტოს, კიდევ ერთი ხანძარი აღირიცხა მედიკამენტების საწყობში, დომოდედოვოში, მოსკოვის სამხრეთით. ექსპერტებმა დაადგინეს, რომ ეს არის „ჩრდილოეთ დომოდედოვოს“ (Severnoye Domodedovo) ლოგისტიკური ცენტრის საცავი. უკრაინულმა სამონიტორინგო არხებმა ცეცხლმოკიდებული საწყობების ამსახველი მრავალი ვიდეო გამოაქვეყნეს.

ანდრეი ვორობიოვის განცხადებით, მოსკოვის ოლქის რამენსკის რაიონში, კერძო სახლზე დრონის დარტყმის შედეგად ხანდაზმული მამაკაცი დაიღუპა. დაადასტურეს ექვსი ადამიანის დაშავებაც.

ცალკე განცხადებაში, მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა აღნიშნა, რომ მოსკოვის წრიულ ავტომაგისტრალთან (MKAD) სამი ადამიანი დაშავდა. დეტალები არ დაკონკრეტებულა.

16 აგვისტო - რუსეთის დარტყმის შემდეგ, კიევში, მეტროსადგურ „პოჩაინასთან“ მდებარე წიგნების ბაზრობაზე მასშტაბური ხანძარია.

16 აგვისტო - რუსეთის დარტყმის შემდეგ, კიევში, მეტროსადგურ „პოჩაინასთან“ მდებარე წიგნების ბაზრობაზე მასშტაბური ხანძარია.

როსტოვის ოლქის გუბერნატორმა, იური სლიუსარმა განაცხადა, რომ თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა. მას არ დაუზუსტებია, თუ რომელ ობიექტზე ან ტერიტორიაზე მოხდა თავდასხმა.

ვორობიოვმა მოსკოვის ოლქზე მიტანილ თავდასხმას ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური უწოდა. სობიანინის თქმით, 15 აგვისტოს საღამოდან მოსკოვის მიმართულებით დაახლოებით 600 დრონი გაფრინდა, რომელთაგან 201 მოსკოვის ოლქის თავზე გაანადგურეს.

რუსეთის სამხედრო უწყებამ ცალკე განაცხადა, რომ ღამის განმავლობაში 822 დრონი ჩამოაგდეს, თუმცა არ დაუკონკრეტებია, თუ რამდენმა დრონმა მიაღწია მიზნამდე.

უკრაინულ მხარეს აღნიშნულ დარტყმებთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

უკრაინის ოფიციალური პირების განცხადებით, პარალელურად, ღამის განმავლობაში უკრაინაზე რუსეთის სარაკეტო და დრონებით დარტყმების შედეგად სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა და დაახლოებით 20 დაშავდა.

კრივოი როგში დაზიანდა ინდუსტრიული ობიექტი, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 13 დაშავდა.

კიევში რამდენიმე ხანძარი დაფიქსირდა, მათ შორის „პეტროვკის“ წიგნების ბაზრობაზე, რომელიც მეორედ გაჩენილი ხანძრის შედეგად მთლიანად განადგურდა. კიევში სამი ადამიანი დაშავდა, კიდევ სამი კი - კიევის მიმდებარე ოლქში. უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების განცხადებით, რუსეთმა კიევზე, კრემენჩუგსა და კრივოი როგზე იერიში რაკეტებითა და 106 დრონით მიიტანა.