მაკა ბოჭორიშვილი არ მიუწვევიათ ლუქსემბურგში შავი ზღვის ქვეყნების საგარეო მინისტრების შეკრებაზე

1 week ago 5

საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი არ მიუწვევიათ შავი ზღვის აუზის ქვეყნების მონაწილეობით ევროკავშირის ორგანიზებულ საგარეო საქმეთა მინისტრების შეკრებაზე, - წყაროებზე დაყრდნობით იუწყება რადიო თავისუფლების ევროპის საკითხების რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი.

შეხვედრას, რომელიც 2025 წლის 20 ოქტომბერსაა ლუქსემბურგში დაგეგმილი, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მინისტრების გარდა, დაესწრებიან ცენტრალური აზიისა და შავი ზღვის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები.

თუმცა, როგორც რიკარდ იოზვიაკი წერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისათვის, მაკა ბოჭორიშვილისათვის მსგავსი მიწვევა არ გაუგზავნიათ - თბილისი მხოლოდ ელჩის დონეზე იქნება წარმოდგენილი.

იოზვიაკი ამის მიზეზად ასახელებს ევროკავშირის გადაწყვეტილებას საქართველოს მაღალი რანგის ოფიციალურ პირებთან კონტაქტების დაქვეითების შესახებ - „ქართული ოცნების“ ანტიდემოკრატიულ და ანტიდასავლურ ნაბიჯებზე პასუხად ევროკომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

განახლება: საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა რადიო თავისუფლებას დაუდასტურდა, რომ შეკრებაზე არ იქნება მაკა ბოჭორიშვილი. დამატებით, უწყება აღნიშნავს, რომ საქართველო უარს ამბობს ელჩის დონეზე მონაწილეობაზე.

გარდა მაღალი რანგის კონტაქტების შეწყვეტისა, დემოკრატიის „სერიოზული უკუსვლის“ საპასუხოდ ევროკომისია უვიზო მიმოსვლის შეჩერებასაც განიხილავს.

ამ შედეგის თავიდან ასაცილებლად კომისიამ რეკომენდაციები გასცა და შესრულების ვადად აგვისტოს ბოლო დაასახელა.

ევროკომისიის მიგრაციის და საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელმა ბეატე გმინდერმა საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს 14 ივლისს გაუგზავნა წერილი.

წერილს თან ერთოდა რეკომენდაციების რვაპუნქტიანი სია.

  • „ქართული ოცნების“ მთავრობამ ზუსტად 31 აგვისტოს - დადგენილი ვადის ბოლო დღეს - წარუდგინა ევროკომისიას ანგარიში.
  • ხელისუფლება 55-გვერდიან პასუხში ამტკიცებს, რომ ის „მტკიცე ერთგულებას ავლენს ევროინტეგრაციისადმი“.
  • რადიო თავისუფლებას ბრიუსელში წყარომ კონფიდენციალურობის დაცვის პირობით უთხრა, რომ მიღებული პასუხები „დაუსაბუთებელია“ და სათანადოდ ვერ უპასუხებს ევროკომისიის შეშფოთებას.
სრულად წაკითხვა