31 ივლისს აფეთქებები იყო რუსეთის ქალაქ ვოლგოგრადში. ადგილობრივმა ხელისუფლებამ უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებით მასირებული შეტევის შესახებ განაცხადა. უკრაინული და რუსული წყაროების თანახმად, დარტყმა იყო ვოლგოგრადის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და ონლაინ-გაყიდვების კომპანია Wildberries-ის საწყობებზე.
ვოლგოგრადის ოლქის გუბერნატორ ანდრეი ბოჩაროვის ტელეგრამ-არხზე 31 ივლისს გამთენიისას გამოქვეყნებული ინფორმაციით, ქალაქ ვოლგოგრადის ორ რაიონში დაზიანებულია ერთი მრავალბინიანი და ერთი კერძო სახლი და ხანძრები გაჩნდა „საწვავ-ენერგეტიკული კომპლექსის სამრეწველო საწარმოსა“ და ვოლგოგრადის ძერჟინსკის რაიონში მდებარე საწყობებში. ბოჩაროვის თანახმად, დაშავდა ხუთი ადამიანი, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გუბერნატორს არ დაუსახელებია არც კონკრეტული საწარმო და არც საწყობების მფლობელი.
მონიტორინგის უკრაინული არხის, Exilenova+-ის ინფორმაციით, ვოლგოგრადში დრონებით შეტევა იყო კომპანია „ლუკოილის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და ონლაინ-გაყიდვების კომპანია Wildberries-ის ლოგისტიკის ცენტრზე, რომელიც გუბერნატორის მიერ ნახსენებ ძერჟინსკის რაიონში მდებარეობს.
Wildberries-ის საწყობებზე შეტევა და ხანძარი თვითმხილველთა მიერ გადაღებული ფოტო და ვიდეოკადრების ანალიზის საფუძველზე დაადასტურა დამოუკიდებელმა რუსულმა გამოცემა ASTRA-მაც. მისი წინასწარი ანალიზი ადასტურებს „ლუკოილის“ ქარხანაზე დარტყმასაც.
- ვოლგოგრადის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა რუსეთის ამ რეგიონში უმსხვილესია და წელიწადში 15 მილიონ ტონაზე მეტი ნავთობის გადამუშავება შეუძლია.
- უკრაინის თავდაცვის ძალებმა „ლუკოილის“ ამ ქარხანას 2026 წლის მაისის ბოლოსაც დაარტყეს. შეტევის შემდეგ სააგენტო Reuters-ს ინფორმირებულმა წყაროებმა აცნობეს, რომ ქარხანამ ნავთობის გადამუშავება შეაჩერა.
- უკრაინის თავდაცვის ძალებმა ონლაინ-გაყიდვების უმსხვილესი რუსული კომპანიის, Wildberries-ის ლოგისტიკის ცენტრებზე შეტევა 2026 წლის ივლისის მეორე ნახევრიდან დაიწყეს.
- 18-30 ივლისის პერიოდში კომპანიის საწყობებზე დარტყმები იყო მოსკოვის და ტამბოვის ოლქებში, კრასნოდარის და სტავროპოლის მხარეებში, ვორონეჟში, სანქტ-პეტერბურგში, ლენინგრადის ოლქში, ანექსირებული ყირიმის ქალაქ სიმფეროპოლში, რიაზანში, პენზასა და უდმურტეთის რესპუბლიკაში.
- რუსეთის ხელისუფლება „ტერორისტულს“ უწოდებს უკრაინის თავდაცვის ძალების შეტევებს სხვადასხვა ობიექტზე რუსეთის ტერიტორიასა და ანექსირებულ ყირიმში.
- უკრაინის ხელისუფლებისთვის ეს არის „სამართლიანი პასუხი“ უკრაინასა და მის მოსახლეობაზე რუსეთის ყოველდღიურ დარტყმებზე. პრეზიდენტმა ზელენსკიმ არაერთხელ განაცხადა, რომ მოსკოვის მიერ გაჩაღებული ომის შედეგები რუსეთშიც უნდა იგრძნონ და მას ომის დასრულება უნდა აიძულონ.

20 hours ago
8







English (US) ·
Georgian (GE) ·