ლავროვი: სომხეთს ОДКБ-ში 2 წლის დავალიანების გამო შეზღუდვები დაუწესდება

2 days ago 4

„კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“ (კუხო/ОДКБ) საწევრო გადასახადის ორი წლის განმავლობაში გადაუხდელობის გამო, ორგანიზაცია სომხეთის მიმართ შემზღუდავ ნორმებს განიხილავს, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.

თუმცა ამ შემზღუდავ ნორმებს, სავარაუდოდ, არ ექნება ზეგავლენა სომხეთზე, რომელსაც საკუთარი გადაწყვეტილებით უკვე 2 წელია შეჩერებული აქვს კუხოში მონაწილეობა - პროტესტის ნიშნად, საგარეო კურსის დივერსიფიკაციისა და ევროკავშირთან დაახლოების ფონზე.

რა თქვა ლავროვმა

10 ივნისს, - სომხეთის არჩევნებში ნიკოლ ფაშინიანის გუნდის გამარჯვებიდან სამ დღეში, - რუსეთის ქალაქ ყაზანში, კუხოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის შემდეგ, სერგეი ლავროვმა განაცხადა:

„7 ივნისს, სომხეთში არჩევნების დღეს, ჩემმა კოლეგამ, არარატ სამველოვიჩ მირზოიანმა, როდესაც ОДКБ-ს შესახებ ჰკითხეს, განაცხადა: „ჩვენ არ ვიხდით გადასახადებს, რადგან უბრალოდ არ ვმონაწილეობთო“. ჩვენ განვიხილეთ, თუ რა უნდა გავაკეთოთ დღეს ამ სიტუაციაში“.

„სომხეთს ორ წელზე მეტია, რაც კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ბიუჯეტის წინაშე დავალიანება აქვს. ეს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წესდებით გათვალისწინებული სიტუაციაა. დღეს ჩვენ შევთანხმდით, რომ განვიხილოთ შესაბამისი მუხლის გამოყენება“, - თქვა ლავროვმა.

რას ითვალისწინებს ეს

რადიო თავისუფლების სომხური სამსახური წერს, რომ:

  • ამ საკითხს კუხოს წესდების 25-ე მუხლი არეგულირებს;
  • წესდებით, თუ წევრი სახელმწიფოები ორი წლის განმავლობაში ვერ შეასრულებენ ორგანიზაციის ბიუჯეტის წინაშე დავალიანების დაფარვის ვალდებულებებს, სობჭოს გარკვეული ზომების მიღება შეუძლია;
  • კერძოდ, საბჭო შეაჩერებს ამ სახელმწიფოს უფლება, წარადგინონ კანდიდატები ორგანიზაციაში ამა თუ იმ თანამდებობებაზე, ასევე გაუუქმებს ხმის მიცემის უფლებას;
  • შეზღუდვა ძალაში იქნება ვალის სრულად დაფარვამდე.

შესაბამისად, სომხეთის მიერ კუხოს ბოიკოტის ფონზე, ეს ზომა ერევნისთვის ბევრს არაფერს ცვლის.

სომხეთის პოზიცია

სომხეთმა 2024 წელს გამოაცხადა, რომ ყინავდა მონაწილეობას კუხოს ღონისძიებებში და მაშინვე თქვა უარი ამ ორგანიზაციის დაფინანსებისთვის საკუთარი წილის გამოყოფაზე.

ერევანი უკვე დიდი ხანია, არ მონაწილეობს ერთობლივ სამხედრო წვრთნებსა და შეხვედრებში, თუმცა ოფიციალურად არ მიუმართავს კუხოდან გასვლის პროცესის დასაწყებად.

ერევანი, მათ შორის პირადად პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, მკაცრად აკრიტიკებს ОДКБ-ს, განსაკუთრებით 2022 წელს აზერბაიჯანის ძალების მიერ სომხეთის სუვერენულ ტერიტორიაზე შეჭრის შემდეგ, - როდესაც ამ სტრუქტურამ, ერევნის ხედვით, არა მხოლოდ ვერ დაიცვა თავისი წევრი ქვეყანა, არამედ ადეკვატურად ვერც კი უპასუხა აზერბაიჯანის აგრესიას.

2026 წლის 1 აპრილს მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საკმაოდ დაძაბულ შეხვედრაზე სომხეთი-კუხოს ურთიერთობებიც განიხილეს.

პუტინმა განაცხადა, რომ ორგანიზაციასთან სომხეთის პრეტენზიების საკითხი „უნდა გადაწყდეს“.

საპასუხოდ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთმა ფაქტობრივად შეაჩერა მონაწილეობა CSTO-ს ღონისძიებებში, „რადგან ხელისუფლებას არ შეუძლია აუხსნას საზოგადოებას, თუ რატომ არ უპასუხა ორგანიზაციამ 2022 წლის მოვლენებს თავისი ვალდებულებების შესაბამისად“.

სრულად წაკითხვა