კოსოვო თანახმაა "დროებით" უმასპინძლოს აშშ-იდან დეპორტირებულ მიგრანტებს

1 month ago 6

კოსოვოს მოქმედი მთავრობა გამოხატავს ნებას, „დროებით“ მიიღოს აშშ-იდან დეპორტირებული მიგრანტები, მათი მესამე ქვეყანაში განთავსების პროცედურის ფარგლებში.

კოსოვოს მოქმედი მთავრობის სპიკერმა პერპარიმ კრეზიუმ რადიო თავისუფალ ევროპა/რადიო თავისუფლებას (რთე/რთ) 11 ივნისს განუცხადა, რომ 50-მდე პირი ერთი წლის ვადით „შესაძლებელია დროებით განთავსდეს ქვეყანაში, მათი წარმომავლობის ქვეყანაში დაბრუნების ხელშეწყობის მიზნით“.

„მთავრობამ გამოხატა ნება ჩაერთოს [მიგრანტების მიღების პროცესში - რთ], შემოთავაზებული სიიდან ინდივიდების შერჩევის შესაძლებლობით, თუკი ისინი დააკმაყოფილებენ კანონის უზენაესობისა და საზოგადოებრივი წესრიგის კრიტერიუმებს“ - განაცხადა კრეზიუმ.

გასულ კვირაში აშშ-ის მთავრობამ განაცხადა, რომ ბალკანეთის ქვეყნები ჩართეს იმ საკონტაქტო სიაში, რომლებიც მოიაზრება უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ აშშ-ის ფართო სტრატეგიის განხორციელების პროცესში.

ბლუმბერგის მიერ 5 ივნისს გავრცელებული ინფორმაციით, ტრამპის ადმინისტრაცია ზეწოლას ახდენდა სერბეთსა და ბალკანეთის სხვა ქვეყნებზე, რომ მათ მიიღონ აშშ-იდან დეპორტირებული მიგრანტები.

გასულ თვეში აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ნება დართო პრეზიდენტის ადმინისტრაციას ასობით ათას მიგრანტს ვენესუელიდან, კუბიდან, ჰაიტიდან და ნიკარაგუიდან ჩამოართვას დროებითი ბინადრობის კანონიერი სტატუსი, რითაც გაამყარა რეზიდენტ დონალდ ტრამპის დეპორტაციების რაოდენობის ზრდისკენ მიმართული ძალისხმევა.

მიგრანტების განსახლება წინააღმდეგობრივი საკითხია მთლიანად ბალკანეთში და საკუთრივ კოსოვოში - ევროპის ერთ-ერთ უღარიბეს ქვეყანაში იმედოვნებენ, რომ პროცესში ჩართვა მას შემოსავლებს მოუტანთ.

კოსოვომ უკვე გამოხატა ნება გაერთიანებულ სამეფოსთან განიხილოს კოსოვოში „დაბრუნების ცენტრების“ შექმნის საკითხი თავშესაფრის იმ მაძიებლებისთვის, რომლებმაც ბრიტანეთის კუნძულებზე უარი მიიღეს.

დაბრუნების ცენტრების შექმნის შესახებ წინადადება არის გაერთიანებული სამეფოს სტრატეგიის ნაწილი, რომლითაც მას სურს გაუმკლავდეს უკანონო გზებით ჩასულ მიგრანტებს.

„ჰიუმან რაიტს უოჩმა“ გამოთქვა შეშფოთება მიგრანტების მისაღებად ბალკანეთის ქვეყნების გამოყენების იდეაზე, რადგან, ორგანიზაციის შეფასებით, ამით შეიძლება შეილახოს მიგრანტთა უფლებები და წარმოიშვას ახალი გამოწვევები მასპინძელი ქვეყნებისთვის.

კრიტიკა გამოიწვია მსგავსმა შეთანხმებამ კოსოვოსა და დანიას შორის, რომელიც 2022 წელს გაფორმდა და ქალაქ გილანში (კოსოვო) მდებარე გამოსასწორებელ დაწესებულებაში ითვალისწინებდა 300 საკნის ქირაობას უცხო ქვეყნების მოქალაქე იმ პატიმრებისთვის, რომლებიც დანიაში განსაზღვრული პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგ დეპორტაციას ექვემდებარებოდნენ.

სრულად წაკითხვა