„მეათე სართულიდან რომ გადმოვარდეს, იმ დონის ტრავმები ჰქონდა. ეს არის სპეციალურად გაკეთებული პენიტენციური სამსახურის მიერ. სხვა განცდა მე არ მრჩება... ამას პატიმარი ვერ გააკეთებდა“, - თქვა შოთა გორგაძემ 5 მაისს „ტვ პირველის“ ეთერში.
შოთა გორგაძე აცხადებს, რომ ამას ამბობს, რადგან სურს, საზოგადოებას მიაპყრობინოს ყურადღება პატიმრების მდგომარეობაზე, ამასთან, ეჭვობს, რომ გარკვეულ პირებს სურთ დანაშაულის დაფარვა მის ძმასთან დაკავშირებით.
შოთა გორგაძე ასევე გამორიცხავს შურისძიების მოტივს იმ ადამიანების ოჯახის წევრებისა თუ ახლობლების მიერ, რომლებიც დაიღუპნენ 2024 წლის 24 ოქტომბერს ავტოავარიაში, რის გამოც იყო მისი ძმა პატიმრობაში.
„ჩანს, რომ უნდათ მათი დანაშაული დაფარონ და ჩემი ძმის მსგავსად ვიღაც უდანაშაულო უნდა დასაჯონ კიდე, ამიტომ ვაკეთებ ამ განცხადებას“, - თქვა დღეს გორგაძემ.
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ჯერ საპასუხო განცხადება არ გაუკეთებია, თუმცა ჯერ კიდევ 29 იანვარს უწყება „ცილისმწამებლურს“ უწოდებდა ინფორმაციას, რომლის თანახმადაც გორგაძეზე პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებმა იძალადეს.
„გვსურს, საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და მიზნად ისახავს საზოგადოების სიცრუეში შეყვანასა და პენიტენციური სამსახურის საქმიანობის დისკრედიტაციას“, - წერია უწყების 29 იანვრით დათარიღებულ განცხადებაში.
„ვივამედის“ გაცემულ ცნობაში, რომელიც ფეისბუკზე გავრცელდა და რომლის ნამდვილობაც ადვოკატმა დაგვიდასტურა, აღწერილია ის მძიმე ტრავმები, რომლებითაც პატიმარი კლინიკაში მოხვდა.
დოკუმენტში წერია, რომ პატიმარს ჰქონდა თავის ტვინის კეროვანი ტრავმა, ქალა-სარქვლის მოტეხილობა, ფუძის ძვლების მოტეხილობა, თავის ზედაპირული ტრავმა, თვალისა და თვალბუდის სხვა ტრავმები.
„პაციენტი მოყვანილია მე-8 პენიტენციური დაწესებულებიდან ჩივილებით: თავის ტკივილი, პერიოდული დეზორიენტაცია, ძილიანობა. აღენიშნება სისხლიანი გამონადენი ცხვირიდან, მარცხენა წარბის მიდამოში მცირე ზომის ნახეთქი სისხლმდენი ჭრილობა, მარცხნივ - თხემის არეში ექსკორიაციაა, კანქვეშა ჰემატომა.
როგორც თანდართული დოკუმენტაციიდან ირკვევა, პაციენტი პენიტენციური დაწესებულების ექიმის მიერ ნანახი იქნა საკანში, იატაკზე მწოლიარე მდგომარეობაში, კონტაქტში არ შემოდიოდა, დაფიქსირდა მაღალი არტერიული წნევის ციფრები...“ - წერია პატიმრის სამედიცინო დასკვნაში.
პენიტენციურ სამსახურში ამბობენ, რომ 2025 წლის 23 იანვარს პატიმრის „ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა“ და ის სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანა.