34-ე რიგგარეშე კონფერენციაზე იმყოფებიან ის მოსამართლეები, რომლებმაც აქტივისტებს აღკვეთის ღონისძიებად შეუფარდეს, დაკავებულთა მხარდამჭერები სწორედ ამ მიზეზით შეიკრიბნენ იუსტიციის უმაღლესი სკოლის შენობასთან.
კონფერენციის ჩატარების შესახებ მედიასაშუალებების ნაწილი ინფორმირებული არ იყო. ინფორმაცია არ არის გამოქვეყნებული არც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პლატფორმებზე.
რადიო თავისუფლებამ მოიპოვა კონფერენციის დღის წესრიგი, რომელთა შორისაც მთავარი საკითხი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევაა. საბჭოს საქართველოს კანონმდებლობით მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს მინიჭებული - მათ გარეშე შეუძლებელია სასამართლო სისტემაში შესვლა (გამონაკლისია საკონსტიტუციო სასამართლო). საბჭო ნიშნავს და ათავისუფლებს საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მოსამართლეებს, არჩევს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს და კანდიდატურას დასამტკიცებლად უგზავნის პარლამენტს.
ხელისუფლებაში მყოფი „ქართული ოცნება“ ამტკიცებს, რომ სასამართლო სისტემა პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალია. საპირისპიროს ამბობენ ადამიანის უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები და არგუმენტად იშველიებენ სასამართლო სისტემაში მიღებულ იმ გადაწყვეტილებებს, რომელიც ხელისუფლების მიმართ ლოიალურია.