ისრაელის თქმით, მან გასამხედროებული დაჯგუფება „ჰეზბოლას“გვირაბები გაანადგურა.
„ისრაელის ძალებმა შუაღამისას ძალიან ძლიერი აფეთქებები განახორციელეს“, კერძოდ, „ბოფორის ციხესიმაგრის არეალში“, - განაცხადა ლიბანის საინფორმაციო სააგენტომ (NNA). მძლავრი აფეთქებების ხმა დიდ ტერიტორიაზე გაისმა, რამაც ახლომდებარე სოფლებში ჩაიმსხვრა ფანჯრების მინები.
XII საუკუნეში ჯვაროსნების მიერ აგებული ციხესიმაგრე, რომელიც ლიბანში, ისრაელის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარეობს, გასულ კვირას იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების სიაში შეიტანეს.
ერთობლივ განცხადებაში, ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ და თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა განაცხადეს, რომ არმიამ „ბოფორის მიდამოებში ტერორისტული გვირაბები“ დაახლოებით 700 ტონა ასაფეთქებელი ნივთიერების გამოყენებით გაანადგურა.
ლიბანის კულტურის სამინისტრომ განაცხადა, რომ აფეთქებები „ციხის მოპირდაპირე მხარეს“ მოხდა, „აფეთქებებით გამოწვეულმა ვიბრაციებმა შესაძლოა ზიანი მიაყენა“ ციხის მიმდებარე ტერიტორიას.
სამინისტროს ტექნიკურმა ჯგუფებმა ვერ შეძლეს ადგილზე შეფასება, რადგან „რეგიონი ოკუპირებულია“.
ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ „გვირაბების ქსელი „ჰეზბოლას“ (დაჯგუფების სამხედრო ფრთა აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულადაა შერაცხილი) სამეთაურო ცენტრის ფუნქციას ასრულებდა“ და შედგებოდა „რამდენიმე მიწისქვეშა დონისგან, რომლებიც ორი ათწლეულის განმავლობაში აშენდა“.
ნეთანიაჰუმ და კაცმა განაცხადეს, რომ აფეთქებები ჰეზბოლას მიერ „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების აშკარა დარღვევას“ მოჰყვა მას შემდეგ, რაც ისრაელის არმიამ 29 ივლისს მებრძოლები სამხრეთ ლიბანში ისრაელის სამხედრო მანქანის წინააღმდეგ ასაფეთქებელი დრონის გაშვებაში დაადანაშაულა.
„ჰეზბოლას“ არცერთ თავდასხმაზე არ აუღია პასუხისმგებლობა მას შემდეგ, რაც ისრაელთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში შევიდა 20 ივნისს რეგიონული ომის შესახებ აშშ-ირანის ურთიერთგაგების მემორანდუმის შემდეგ.
მიუხედავად იმისა, რომ ლიბანში ძალადობა შემცირდა მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ და ივნისში ლიბანსა და ისრაელს ცალკე ჩარჩო შეთანხმების მიღწევის შემდეგ, ლიბანი სისტემატურად ავრცელებს ინფორმაციას ისრაელის მიერ განხორციელებული დარტყმებისა და დაბომბვის, ასევე სამხრეთ სოფლებში შენობების აფეთქებების შესახებ.
„ჰეზბოლა,“ რომელიც ირანის მხარდაჭერით სარგებლობს, ირანზე აშშ-ის და ისრაელის თებერვალში დაწყებული თავდასხმების საპასუხოდ ჩაერთო ომში 2 მარტს ისრაელზე თავდასხმებით.
ისრაელმა საპასუხოდ მასიური დაბომბვის კამპანიითა და სახმელეთო შეტევით უპასუხა, რომელმაც ლიბანის ხელისუფლების თქმით, 4300-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.
ისრაელის არმია აგრძელებს სამხრეთ ლიბანის ტერიტორიების ოკუპაციას, რომლებიც ლიბანის ტერიტორიაზე დაახლოებით 10 კილომეტრის (ექვსი მილი) მანძილზეა გადაჭიმული.
სამშაბათს, გაეროს სამშვიდობოებმა განაცხადეს, რომ ამ თვის დასაწყისში, ისრაელის ოკუპაციის ქვეშ მყოფ სამხრეთ ლიბანის სასაზღვრო სოფელში, დაახლოებით ოთხი ტონა, ძირითადად ამონიუმის ნიტრატის ასაფეთქებელი ნივთიერება აღმოაჩინეს.
საკითხთან დაკავშირებულმა წყარომ AFP-ს განუცხადა, რომ კონტეინერებზე ებრაული წარწერა იყო და „სავარაუდოდ, დანგრევისთვის გამოიყენებოდა“.
ისრაელის ჯარებმა ბოფორის ციხე-სიმაგრე და მისი სტრატეგიული ქედი დაიკავეს წელს 31 მაისს.

8 hours ago
4







English (US) ·
Georgian (GE) ·