ირანმა განაცხადა, რომ შეტევა მიიტანა ამერიკულ ბაზებზე იორდანიაში, კუვეიტსა და ბაჰრეინში

3 days ago 4

ირანმა გამოაცხადა, რომ 10 ივნისს შეტევა მიიტანა რეგიონში მდებარე ამერიკულ სამხედრო ობიექტებზე. ერთი დღით ადრე შეერთებულმა შტატებმა ირანში სამხედრო ობიექტებს დაარტყა. ეს ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული ესკალაციაა მას შემდეგ, რაც აპრილის დასაწყისში აშშ და ირანი დროებით ზავს დასთანხმდნენ.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის თანახმად, ჰორმუზის სრუტის მახლობლად ირანის სამხედრო ობიექტებზე აშშ-ის დარტყმების პასუხად, 10 ივნისს დრონებით და რაკეტებით შეუტიეს ამერიკულ ბაზებს იორდანიაში, ბაჰრეინსა და კუვეიტში.

  • წინა დღეს, 9 ივნისს ამერიკელმა სამხედროებმა ირანში დაარტყეს 20-მდე სამხედრო ობიექტს. აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, ეს იყო პროპორციული პასუხი ირანის მიერ 8 ივნისს ამერიკული ვერტმფრენის, Apache-ის ჩამოგდებასა და გაუმართლებელ აგრესიაზე.

იორდანიის არმიის შტაბის ინფორმაციით, 10 ივნისს დილით ხუთი ირანული რაკეტა მოიგერიეს. საჰაერო სამიზნეთა მოგერიების შესახებ განაცხადეს ბაჰრეინმა და კუვეიტმაც.

აშშ-ის ოფიციალური პირების წინასწარი მონაცემებით, ამერიკულ ობიექტებზე მსხვერპლი ან დაზიანებები არ ყოფილა.

  • 2026 წლის 28 თებერვალს შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ დაიწყეს ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია, რომლის მიზეზად დაასახელეს ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნის შესაძლებლობით გამოწვეული საფრთხე. თეირანი ირწმუნება, რომ ბირთვულ პროგრამას სამოქალაქო მიზნები აქვს.
  • ირანმა აშშ-ისრაელის ოპერაციას უპასუხა დარტყმებით ისრაელსა და აშშ-ის მოკავშირე მეზობელ ქვეყნებზე და მსოფლიო ბაზრებისთვის ნავთობისა და გაზის მიწოდებისთვის მნიშვნელოვანი ჰორმუზის სრუტე ჩაკეტა, რამაც საწვავის მიწოდების პრობლემა და გაძვირება გამოიწვია.
  • თავის მხრივ, აშშ-მა დაბლოკა ირანის პორტები.
  • 2026 წლის 7 აპრილიდან აშშ-ისრაელსა და ირანს შორის ამოქმედდა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად მოლაპარაკებების მიზნით.
  • დროებითი ზავის გამოცხადების შემდეგ იყო არაერთი ინციდენტი, თუმცა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი მთლიანობაში შენარჩუნდა.
სრულად წაკითხვა