ირაკლი კობახიძის ბრძანებით, გრანტების სააგენტო თამარ ზოდელავას ჩაბარდა. შესაბამისი ბრძანება გუშინ, 22 აპრილს გამოიცა.
სააგენტოს ოფისი მთავრობის ადმინისტრაციაში განთავსდება.
პარლამენტმა უცხოური გრანტების მიღება საბოლოოდ 16 აპრილს აკრძალა.
კანონის თანახმად, უცხოური გრანტების მიღებას მთავრობის ან მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის თანხმობა დასჭირდება.
კანონის მიხედვით, თანხმობის გარეშე გაცემული გრანტის მიღება აკრძალული იქნება და პასუხისმგებლობის დაკისრებას გამოიწვევს. თანხმობის გარეშე გრანტის მიღება გამოიწვევს მიმღების დაჯარიმებას გრანტის ორმაგი ოდენობით.
გარდა ამისა, მთავრობის მიერ გრანტის გაცემის თაობაზე თანხმობის გაცხადებისთვის 10-დღიანი ვადა განისაზღვრება. ამასთან, მთავრობის გადაწყვეტილების გასაჩივრება მის მოქმედებას არ გააჩერებს.
კანონის მიხედვით, აკრძალული გრანტის გაცემისა და მიღების მონიტორინგს ანტიკორუფციული ბიურო განახორციელებს.
კანონი გამონაკლისებსაც ადგენს – კერძოდ, მთავრობის სავალდებულო თანხმობის წესი არ ვრცელდება საერთაშორისო სპორტული ასოციაციის, ფედერაციის და კომიტეტის მიერ გრანტის გაცემაზე, საქართველოს საზღვრებს გარეთ საშუალო და უმაღლესი განათლების მიღებისთვის და სამეცნიერო მუშაობისთვის გაცემულ ინდივიდუალურ სტიპენდიაზე, ასევე საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გრანტის მიღებაზე. კანონში ცვლილებებს “ოცნება” დაჩქარებული წესით განიხილავს.