“ივანიშვილს აცვია კარსონის შარვალი, ახურავს ტიუდორების ქუდი და ფუნჯით ხატავს ჯოკონდას…” – ლევან ჯავახიშვილი

4 hours ago 5

2

ჟურნალისტი, ლევან ჯავახიშვილი, ქართული ოცნების განათლების მინისტრის, გივი მიქანაძის განცხადებას სატირით ეხმაურება:

განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა, რომ სასკოლო სახელმძღვანელოების ყდებზე, ეროვნული ღირებულებების მატარებელი ვიზუალები” იქნება დატანილი.
აი, რა ილუსტრაციები იქნება ზოგიერთი საგნის სასკოლო სახელმძღვანელოს ყდებზე- პირველ გვერდებზე.

1.ქართული ენა და ლიტერატურა. ქართლის მეფე ფარნავაზმა და ბიძინა ივანიშვილმა, ეს ესაა დაასრულეს ქართული ანბანის შექმნა და ორივენი გახარებული სახეებით არიან სურათზე. ფონად ასომთავრულით იკითხება ႵႠႰႧႳႪႨ ႭႺႬႫႡႠ. -ქართული ოცნება.
2.საქართველოს ისტორია. ცხენებზე ამხედრებულნი, სახეზე იარებით, თუმც სახეგაბრწყინებულნი, დავით აღმაშენებელი და ბიძინა ივანიშვილი, გამარჯვებული ლაშქარს დიდგორის ბრძოლიდან მოუძღვებიან.
3.მსოფლიო ისტორია. მელიტონ ქანთარიას, მიხეილ ეგოროვს და ბიძინა ივანიშვილს რაიხსტაგზე ააქვთ საბჭოთა კავშირის დროშა. დროშა ივანიშვილს უჭირავს.
4.გეოგრაფია. ქრისტეფორე კოლუმბი და ბიძინა ივანიშვილი, „სანტა მარიას“ კიჩოდან, ჭოგრიტებით გაჰყურებენ ახალ მიწას-ამერიკის კონტინენტს.
5.მათემატიკა. ბიძინა ივანიშვილი მაგიდასთან ზის და ფულს ითვლის. ყდის თავზე წარწერაა: „მილიონს რომ ერთი კაპიკი აკლდეს, მილიონი აღარ იქნება“-ბ.ივანიშვილი
6.ფიზიკა. ბიძინა ივანიშვილს, ბაღში სეირნობისას, თავზე ეცემა ვაშლი.
7. ასტრონიმია. ნილ ამსტრონგი და ბიძინა ივანიშვილი, მსოფლიოში პირველები, ერთდროულად დგამენ ფეხს მთვარეზე. მთვარის ზედაპირზე ცოოტა უფრო ახლოს ბატონ ბიძინას ფეხია. „აპოლო 11“-ის წარმატებული მისია. სურათის ქვემოთ წარწერაა:“„ეს არის ერთი პატარა ნაბიჯი ადამიანისთვის, მაგრამ გიგანტური ნახტომი კაცობრიობისთვის“-ბ.ივანიშვილი.
8.ქიმია. დიმიტრი მენდელეევი და ბიძინა ივანიშვილი სხედან მაგიდასთან, ივანიშვილი დიდ ფურცელზე ფანქრით რაღაცას ასწორებს ქიმიური ელემენტების ცხრილში, რომელსაც მოგვიანებით „პერიოდულობის სისტემა“ ეწოდა.
9.სპორტი. ჩვ.წ. აღ-მდე 776 წელი. ძველი საბერძნეთი. ქალაქი ოლიმპია. ბიძინა ივანიშვილი, ჰაერში აწეული, მუშტებშეკრული ხელებით და საზეიმო იერით დგას და ზემოდან დაჰყურებს მის მიერ დამარცხებულ, უგონოდ ძირს განრთხმულ კორინთოელ მოკრივეს.
10.ხელოვნება. ბიძინა ივანიშვილს აცვია კარსონის შარვალი, ახურავს ტიუდორების ქუდი და ფუნჯით ხატავს ჯოკონდას.
11. მუსიკა. 1666 წელი. იტალიის ქალაქი კრემონა. იტალიური ბოტეგა, ვიოლინოების დასამზადებელი და ზოგადად, სახელოსნო. ბიძინა ივანიშვილი სამუშაო ხალათშია, რომელიც ლაქშია ამოსვრილი. ბატონ ბიძინას ლაქიან ხელებში უჭირავს მის მიერ დამზადებული პირველი ვიოლინო. სურათის კუთხეში ჩანს მისი აღტაცებული მოწაფე, ანტონიო სტრადივარიუსი.
12.მეწარმეობა. 1886 წლის 29 იანვარი. მანჰაიმი. ბადენის დიდი საჰერცოგო. ბიძინა ივანიშვილი ზის მის მიერვე შექმნილი, მსოფლიოში პირველი თანამედროვე ავტომობილის, სამთვლიანი „მერსედეს ბენცის“ საჭესთან. მანქანის უკან ჩანს ქარხნის ინჟინერი, კარლ ბენცი.
13. დებატები. ძველი რომი. რომის სენატის დარბაზი. ტრუბინაზე დგანან სახელგანთქმული სენატორი და ორატორი, ბიძინა ივანიშვილი და სენატის უცნობი და ახირებული წევრი, ცენზორი, ვინმე მარკუს ტულიუს ციცერონი და ერთმანეთს ეპაექრებიან.
14.რელიგია. ბიძინა ივანიშვილმა ააშენენა დიდი კოდობანი, რათა კაცობრიობა გადაარჩინოს. კიდობანში პირველი შედის ზებრა.
15. გარემოსდაცვითი განათლება. ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე, მამუკა მდინარაძე, შალვა პაპუაშვილი და ირაკლი ზარქუა ტყეში აგროვებენ პლასტმასის ბოთლებს.
16.ჭადრაკი. ბიძინა ივანიშვილი და ავსტრიელი მოჭადრაკე, ვილჰელმ სტეინიცი თამაშობენ ჭადრაკს. დაფაზე ჩანს, რომ ივანიშვილმა დააშამათა სტეინიცი, რის შედეგადაც გახდა პირველი მსოფლიოს ჩემპიონი ჭადრაკში.
17. უცხო ენა. წიგნის გარეკანზე, გაეროს წევრი ყველა სახელმწიფოს ენაზე სწერია 比济纳·伊万尼什维利

სრულად წაკითხვა