მწერალი, საფრანგეთის AFG-ს გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი ნუგზარ სულაშვილი:
გინდათ გითხრათ, როგორ გვესმის ქართველებს ერთმანეთის თანადგომა?
2010 წლიდან 2026 წლამდე საფრანგეთის ჯანდაცვის სისტემამ სამკურნალოდ უამრავი ქართველი პაციენტი მიიღო.
მათ შორის იყვნენ ბავშვები, რომლებიც საქართველოში ჩატარებული დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შემდეგ უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ბევრი მათგანი იაშვილის კლინიკის ყოფილი პაციენტი იყო. მშობლები საფრანგეთში ჩამოდიოდნენ უკანასკნელი იმედით – შეშინებულები, სასოწარკვეთილები, ზოგჯერ სიკვდილთან მებრძოლი შვილებით ხელში.
ამ საკითხზე არაერთხელ ვისაუბრე საჯაროდ. მოვითხოვდი, რომ შესაბამის სახელმწიფო უწყებებს განსაკუთრებული ზედამხედველობა დაეწესებინათ იმ სამედიცინო დაწესებულებების მიმართ, რომელთა საქმიანობასთან დაკავშირებითაც მშობლები უმძიმეს ისტორიებს ჰყვებოდნენ ჩემთან და ფრანგ ექიმებთან.
ამის პასუხად, 2017 წელს, კლინიკის ხელმძღვანელობამ რეპუტაციის შელახვისა და ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში ჩივილი გადაწყვიტა.
როდესაც სიმართლის დასაცავად მარტო აღმოვჩნდი, იძულებული გავხდი, დახმარებისთვის იმ ბავშვების მშობლებისთვის მიმემართა, რომელთა გადასარჩენადაც წლების განმავლობაში საკუთარი სიცოცხლეც კი არ დამიზოგავს.
მათგან არაფერს ვითხოვდი, გარდა სიმართლის თქმისა.
ვთხოვდი, საჯაროდ ან სასამართლოში დაეფიქსირებინათ ის, რასაც მანამდე პირად საუბრებში მიყვებოდნენ. დაედასტურებინათ საკუთარი შვილების ისტორია. არა ჩემი რეპუტაციის გადასარჩენად – არამედ იმ უამრავი ბავშვის დასაცავად, რომლებიც მომავალში იმავე საფრთხის წინაშე შეიძლებოდა აღმოჩენილიყვნენ.
მაგრამ მოხდა ის, რასაც ყველაზე ნაკლებად ველოდი.
თითქმის ყველამ უარი თქვა.
ზოგმა შიში მოიმიზეზა, ზოგმა დროის არქონა, ზოგმა ოჯახური მდგომარეობა, ზოგმაც ისეთი მიზეზი დაასახელა, რომლის მოსმენაც მხოლოდ მწარე ღიმილს იწვევდა.
ვარწმუნებდი:
თქვენი დუმილი მე კი არ მავნებს – ავნებს თქვენს შემდეგ მოსულ პაციენტებს მეთქი,
მაგრამ ჩემი სიტყვები მათ გულამდე ვეღარ მივიდა.
მათი შვილები უკვე გადარჩენილები და გამოჯანმრთელებულები იყვნენ. სხვისი შვილების მომავალი კი მათთვის, როგორც ჩანს, უკვე შორეული და უცხო პრობლემა გახდა.
იცით, რამდენჯერ მატკინეს გული?
არა იმიტომ, რომ ჩემს გვერდით არ დადგნენ.
არამედ იმიტომ, რომ საკუთარი შვილების ტკივილის დავიწყებისთანავე დაივიწყეს ის ბავშვებიც, რომლებიც ჯერ კიდევ დახმარებას ელოდნენ.
დღესაც იგივე მეორდება.
ადამიანები დახმარებას ითხოვენ, საზოგადოებას თანადგომისკენ მოუწოდებენ, სხვებისგან თავგანწირვას ელიან – მაგრამ როდესაც თავად დგება სიმართლის თქმის, პასუხისმგებლობის აღებისა და სხვის დასაცავად ხმის ამოღების დრო, უკან იხევენ.
და შემდეგ ნუ გეწყინებათ, თუ ერთ დღეს თქვენს დასახმარებლად უანგაროდ თავს აღარავინ შეიწუხებს.
რადგან თანადგომა მხოლოდ მაშინ არ უნდა გვახსოვდეს, როცა უბედურება ჩვენს კარზე აკაკუნებს.
თანადგომა არის მოვალეობა – არ დაივიწყო სხვისი შვილი მას შემდეგ, რაც შენი უკვე გადაარჩინეს.
დუმილი ყოველთვის ნეიტრალიტეტი არ არის.
ზოგჯერ დუმილი საშინელ დანაშაულში თანამონაწილეობაა.
ზოგჯერ კი – მომდევნო მსხვერპლისთვის საშინელი აღსასრული.

1 hour ago
3







English (US) ·
Georgian (GE) ·