თურქეთიდან რუსეთისკენ მიმავალი ევროპული წარმოშობის საქონლით დატვირთული აზერბაიჯანული მანქანა საქართველოდან უკან გააბრუნეს

1 hour ago 1

საქართველოს შემოსავლების სამსახურმა 6 აგვისტოს განაცხადა, რომ აზერბაიჯანის სანომრე ნიშნების მქონე სატრანსპორტო საშუალება უკან, თურქეთში გააბრუნეს მას შემდეგ, რაც დადგინდა, რომ ტრანზიტულად თურქეთიდან რუსეთის ფედერაციის დანიშნულებით ხდებოდა ევროპული წარმოშობის საქონლის გადაზიდვა.

ავტომობილი საქართველოში სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით 24 ივლისს შემოვიდა. მართალია შემოსავლების სამსახურმა ევროპული წარმოშობის ტვირთის სახეობა არ დააკონკრეტა, მან განაცხადა, რომ აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება გაბრუნებულ იქნა უკან თურქეთის რესპუბლიკაში ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციის აღსრულების ფარგლებში.

შემოსავლების სამსახურმა განაცხადა, რომ რამდენიმე საათის შემდეგ იგივე სატრანსპორტო საშუალება კვლავ შემოვიდა საბაჟო გამშვები პუნქტი – „სარფის“ კონტროლის ზონაში და მძღოლის მიერ ზოგადი დეკლარირების მიზნით, წარმოდგენილ წარმოშობის სერტიფიკატში, ამჯერად საქონლის წარმოშობის ქვეყნად მითითებული იყო თურქეთი.

„ეჭვის საფუძველზე მებაჟე-ოფიცრების მიერ, განხორციელდა ტვირთის ნაწილობრივი ვიზუალური დათვალიერება, რის შედეგად დადგინდა, რომ ტვირთზე დატანილ ქარხნულ ეტიკეტებზე წარმოშობის ქვეყნებად მითითებული იყო გერმანია და ხორვატია“, – განაცხადა შემოსავლების სამსახურმა. „ვინაიდან გამოიკვეთა დოკუმენტის სავარაუდო გაყალბებისა და სანქცირებული ტვირთის საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით გადაზიდვის მცდელობა, საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს“.

შემოსავლების სამსახურის განცხადების გამოქვეყნებამდე რამდენიმე საათით ადრე, აზერბაიჯანულმა მედიასაშუალება Report-მა განაცხადა, რომ საქართველოს გავლით ტრანზიტულად მოძრავი რამდენიმე აზერბაიჯანელი სატვირთო მანქანის მძღოლი საქართველოს საბაჟო გამშვებ პუნქტებზე გააჩერეს ოფიციალური ახსნა-განმარტების გარეშე. „მძღოლები ამბობენ, რომ დიდი ხანია იცდიან, ძირითადად სარფისა და წითელი ხიდის სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე, ასევე თბილისის საბაჟო განბაჟების ცენტრში“, – აცხადებს გამოცემა.

იმავდროულად, საქართველოს შემოსავლების სამსახურმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რომ „ტვირთების გადაადგილება ყველა გამშვები პუნქტის მიმართულებით შეუფერხებლად ხორციელდება“ და „ამ შემთხვევას არკვევენ“.

მსგავსი ბრალდებები დეკემბერში აზერბაიჯანის მთავრობასთან დაახლოებულმა მედიასაშუალებებმაც გააკეთეს, რომლებმაც განაცხადეს, რომ საქართველო საზღვარზე აზერბაიჯანული სატვირთო მანქანების გადაადგილებას განზრახ აფერხებდა.

This post is also available in: English

სრულად წაკითხვა