„იმ შემთხვევაში, თუ მშობელი მაინც გააპროტესტებს და არ ჩააცმევს ბავშვს ფორმას, იქნება განსაზღვრული, როგორც აღმზრდელობითი, ისე კონკრეტული მექანიზმები, რაც შინაგანაწესის დარღვევის შემთხვევაში შეიძლება ამოქმედდეს“, - განაცხადა მიქანაძემ 5 აგვისტოს.
მას არ დაუზუსტებია, რა „აღმზრდელობით“ და „კონკრეტულ“ მექანიზმებზე საუბრობდა.
„შევახსენებ მშობლებს, რომ ბავშვი სკოლაში შეყვანასთან ერთად ისინი ხელს აწერენ და ეთანხმებიან შინაგანაწესს, რომელიც სკოლის ფარგლებშია დადგენილი“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ შინაგანაწესით განისაზღვრება, რომ ფორმის ტარება არის სავალდებულო.
მისი თქმით, როდესაც მშობელი ამბობს, „მე არ ჩავაცმევ [ფორმას] და აი, ვნახავ, ერთი, ბავშვს როგორ არ შეუშვებენ სკოლაში“, იგი „ცალსახად მანიპულირებს ბავშვით“.
„შეგახსენებთ, საუბარი გვაქვს დაწყებით კლასებზე და ბავშვი ჯერ კიდევ კარგად ვერ ათვითცნობიერებს რაზეა საუბარი და რა თქმა უნდა, აქ მშობლის ავტორიტეტი მოქმედებს“, - თქვა მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე და მშობლებს „გარკვეული პასუხისმგებლობის გათავისებისკენ“ მოუწოდა.
იქვე განაცხადა, რომ მშობლების ეს ნაწილი „ძალიან მცირე კონტიგენტია“.
ფორმები სკოლაში სექტემბრიდან
სასკოლო ფორმების შემოღება „ქართული ოცნების“ მთავრობის „განათლების რეფორმის“ ნაწილია - ამ ცვლილებით, ფორმა სავალდებულოა პირველიდან მეექვსე კლასამდე მოსწავლეებისთვის.
განათლების სამინისტროს შპს „საგანმანათლებლო რესურსებმა“ სასკოლო ფორმების შესაძენად ხელშეკრულება გააფორმა შპს „გლორი ტექსტილი ინდასტრისთან“. კომპანიას სამკერვალო ჩინეთში აქვს.
სამინისტრომ, ჯამში, 1 801 000 ფორმა შეუკვეთა. მათი ჯამური ფასი 45 658 840 ლარია.
მიქანაძემ 5 აგვისტოსვე განაცხადა, რომ ფორმების გაყიდვა პირველი სექტემბრიდან დაიწყება „როგორც საცალო, ასევე ონლაინ გაყიდვის რეჟიმში“.
ახალი განკარგულება
3 აგვისტოს განისაზღვრა ბავშვების ის ექვსი კატეგორია, რომლებიც სასკოლო ფორმებს უფასოდ მიიღებენ. კერძოდ, ტანსაცმელი უსასყიდლოდ გადაეცემათ I-VI კლასის იმ მოსწავლეებს, რომლებიც:
- რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა 65001 ქულაზე ნაკლებია;
- ჩართულნი არიან მინდობით აღზრდის სახელმწიფო პროგრამაში;
- განთავსებულნი არიან მცირე საოჯახო ტიპის სახლებში;
- ჩართულნი არიან მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრების მომსახურებაში;
- განთავსებულნი არიან თბილისის ბავშვთა სახლში;
- 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში დაწყებული ომის გამო ვერ ახერხებენ სამშობლოში დაბრუნებას.
გადასაცემი სასკოლო ფორმაა:
- ბიჭებისთვის − 1 პიჯაკი და 2 შარვალი;
- გოგოებისთვის − 1 პიჯაკი, 1 შარვალი და 1 ქვედაბოლო.
რა ეღირება ფორმები
24 ივლისს სპეციალური ბრძანება გამოსცა განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ და განსაზღვრა სასკოლო ფორმების ფასები:
- ბიჭის პიჯაკი - 45 ლარი;
- ბიჭის შარვალი - 25 ლარი;
- გოგოს პიჯაკი - 45 ლარი;
- გოგოს შარვალი - 25 ლარი;
- გოგოს ქვედაბოლო - 25 ლარი.
ერთი ბავშვის სასკოლო ფორმა, რომელშიც შევა პიჯაკი და ორი შარვალი ან შარვალი და კაბა 95 ლარი ეღირება.
მიქანაძის ნათქვამს აკრიტიკებენ
5 აგვისტოსვე გივი მიქანაძის განცხადებას საზოგადოებისა და პოლიტიკოსების ნაწილი უკვე გამოეხმაურა - უარყოფითად.
მაგალითად, „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა, პარტია „ახალის“ ლიდერმა ნიკა გვარამიამ ფეისბუკზე დაწერა:
„დააჯარიმებენ, მშობლის უფლებას ჩამოართმევენ, თუ როგორც ყველას და ყველაფრისთვის, მშობლებსაც დაიჭერენ? [მშობელი ბავშვს ფორმას] არ ჩააცმევს, კი არა, ვერ ჩააცმევს, ვერ! არ აქვთ თქვენს მიერ გაღარიბებულ ქართველებს წყალში გადასაყრელი 200 ლარი“.

1 hour ago
3







English (US) ·
Georgian (GE) ·