მარშის მონაწილეები ნინო ჩხეიძის ქუჩაზე, გერმანიის საელჩოსთან შეიკრიბნენ და მსვლელობით წავიდნენ საქართველოს პარლამენტის სასახლისკენ.
აქციის მონაწილეებმა მადლიერება გამოხატეს გერმანიისა და გერმანიის ელჩისადმი საქართველოს პროდასავლური კურსის მხარდაჭერის გამო.
მათი პოზიციით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან პეტერ ფიშერის მიმართ გაკეთებული განცხადებები წარმოადგენს „თავდასხმას არამხოლოდ ელჩზე, არამედ ქართულ-გერმანულ მეგობრობაზე“.
„გერმანია არის საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი. მისი აქტიური მხარდაჭერით, უკვე მრავალი წელია ჩვენი ქვეყნაში მიმდინარეობს ინსტიტუტების გაძლიერება, ინფრასტრუქტურული განვითარება თუ ახალგაზრდებისთვის ახალი, მრავალფეროვანი შესაძლებლობების შექმნა.
გერმანიის ელჩი საქართველოში არის ამ პარტნიორობის სიმბოლო. მისი ღია მხარდაჭერა დემოკრატიის, სამართლის უზენაესობისა და ევროპული ინტეგრაციისათვის წარმოადგენს იმ ღირებულებებს, რომლებიც აერთიანებს საქართველოსა და გერმანიას“, - აცხადებდნენ ორგანიზატორები.
აქცია ნაწილი იყო უკვე 305 დღის განმავლობაში მიმდინარე საპროტესტო დემონსტრაციებისა, რომლის ფარგლებშიც საზოგადოება ითხოვს ახალი, სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას და აქციების დაპატიმრებული მონაწილეების უპირობოდ გათავისუფლებას.
აქციას წინ უღძოდა „ქართული ოცნების“ მთავრობის საგარეო საქმეთა სამინისტროში ელჩი ფიშერის დაბარება.
24 სექტემბერს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „კატეგორიულად დაგმო“ ეს ფაქტი.
„ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან აგრესიულ რიტორიკას საქართველოში გერმანიის ელჩის მიმართ და მის დღევანდელ უსაფუძვლო დაბარებას“, - წერია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს გავრცელებულ განცხადებაში.
განცხადებაში ასევე წერია, რომ ელჩი „წარმოადგენს ფედერალური მთავრობის პოზიციას და მოქმედებს ვენის კონვენციის სრული დაცვით“.
ეს იყო პირველი შემთხვევა გერმანიისა და თანამედროვე საქართველოს ურთიერთობის ისტორიაში, როდესაც გერმანელი ელჩი სამინისტროში დაიბარეს.
პეტერ ფიშერს შეხვდა მაკა ბოჭორიშვილის პირველი მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი.