უკრაინისა და სომხეთის ლიდერების, ნიკოლ ფაშინიანისა და ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბრიდან ორ დღეში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კიევს ეწვია.
სომხეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეებმა, ვაჰან კოსტანიანმა და ალექსანდრ მიშჩენკომ 14 აგვისტოს კიევში შეხვედრისას ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური დიალოგის გააქტიურებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოების საკითხები განიხილეს.
„სომხეთში საპარლამენტო არჩევნების წარმატებით ჩატარებისა და ქვეყნის ახალი მთავრობის ფორმირების კონტექსტში, ოლექსანდრ მიშჩენკომ იმედი გამოთქვა, რომ ერევანი გააგრძელებს პროევროპულ კურსს“, - წერს უკრაინის საგარეო უწყება.
ამავე წყაროს თანახმად, შეხვედრაზე „სომხეთის დელეგაციას მიაწოდა ინფორმაცია [უკრაინის] ევროპული ინტეგრაციის ამჟამინდელი მდგომარეობისა და პერსპექტივების შესახებ, ასევე ხაზი გაუსვა კიევის მზადყოფნას, გაუზიაროს გამოცდილება სომხეთს ამ სფეროში“.
სომხეთის საგარეო უწყების ცნობით, მხარეებმა აღნიშნეს ბოლო პერიოდში სავაჭრო ბრუნვის ზრდის დადებითი დინამიკა და ისაუბრეს მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის გაძლიერებაზე;
ასევე, განიხილეს ჰუმანიტარული საკითხები და ადამიანებს შორის კავშირების გაძლიერების მიზნით პროგრამების განხორციელების მნიშვნელობა.
უკრაინის საგარეო უწყების ცნობითვე, შეხვედრაზე მხარეებმა დაგეგმეს ორმხრივი ღონისძიებების, მათ შორის პოლიტიკური და სექტორული თანამშრომლობის ფარგლებში კონტაქტების გააქტიურება; უკრაინულმა მხარემ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო რეგიონულ უსაფრთხოებას - რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომის ფონზე.
- უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 12 აგვისტოს ტელეფონით ისაუბრეს.
- „უკრაინასა და სომხეთს შორის ურთიერთობები ახლა კიდევ უფრო კონსტრუქციული ხდება და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ უწყვეტი დიალოგი“, - დაწერა ზელენსკიმ X-ზე.
- წინა კვირას მოსკოვმა ეჭვები გამოთქვა, რომ ტრადიციული მოკავშირე სომხეთი, - რომლის ხელისუფლებაც ბოლო წლების განმავლობაში დასავლეთისკენ სვლაზე საუბრობს, - „ჭეშმარიტი მოკავშირე“ აღარ არის და არ მოსწონს მისი „კიევთან ფლირტაობა“;
- კიევთან ურთიერთობებს აღრმავებს სომხეთის მეზობელი აზერბაიჯანიც - საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი 6 აგვისტოს უკრაინის დედაქალაქ კიევს ეწვია და შეხვედრები გამართა უკრაინელ ლიდერებთან.
- ეს აზერბაიჯანის მთავრობის მაღალი რანგის წარმომადგენელთა პირველი ოფიციალური ვიზიტი იყო მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო.
radiotavisupleba ახალი ამბები