თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს, სადაც წერენ, რომ 14 აგვისტოს საღამოს და ღამით, ძლიერი ნალექის შედეგად, დატბორილია მეტროსადგურები. გაზის მილის დაზიანების შედეგად კი, საბურთალოზე კორპუსის მაცხოვრებლების ევაკუაცია გახდა საჭირო.
„დედაქალაქში მოსულმა უხვმა და ინტენსიურმა ნალექმა გარკვეული პრობლემები შექმნა. ამ დროის მონაცემებით, ძლიერი წვიმის შედეგად, დაიტბორა ქუჩები, სარდაფები, მეტროსადგურები — „რუსთაველი“ და „ვაჟა-ფშაველა“.
განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ნალექი შეინიშნებოდა თამარაშვილის გამზირზე. საბურთალოს რაიონში, ჩიქოვანის ქუჩაზე დაზიანდა გაზსადენი მილი, რის გამოც მოხდა მიმდებარე კორპუსში მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია. ამ წუთებში მიმდინარეობს ქსელის აღდგენა.
საგანგებო რეჟიმში მუშაობენ თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები, ასევე, დედაქალაქის რაიონული გამგეობები. „თბილსერვის ჯგუფის“ მიერ იწმინდება გზები და წესრიგდება ქუჩები. ყველა პრობლემურ მონაკვეთზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და საპატრულო პოლიცია. ცხელ ხაზზე შემოსულ ზარებზე ხდება მყისიერი რეაგირება. საჭიროების შემთხვევაში, მოქალაქეებს შეუძლიათ ისარგებლონ თბილისის მერიის ცხელი ხაზით – 0322 722222“, — ნათქვამია განცხადებაში.
სოციალური ქსელით ვრცელდება ვიდეოები, სადაც მოქალაქეები ასახავენ ქუჩებში წვიმისგან შექმნილ მდინარეებს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 15 აგვისტოს დილამდე კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში, მათ შორის, დედაქალაქში და შემოგარენ ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ძლიერი ინტენსივობის ნალექი. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.
netgazeti