"ვიცავთ მედიას, ვიცავთ თავისუფლებას!"- კომუნიკაციების კომისიასთან აქცია იმართება

1 month ago 6

მედიის სოლიდარობისთვის ჟურნალისტები და მოქალაქეების თბილისში მეტროს სადგურ "ავლაბრის" მიმდებარედ შეიკრიბნენ და მსვლელობით გაემართნენ კომუნიკაციების კომისიისკენ, სადაც განიხილება სამი ტელეკომპანიის წინააღმდეგ მმართველი პარტიის "ქართული ოცნების" საჩივარი.

"ქართულმა ოცნებამ“ ტელეკომპანიებს „პირველს“, "მთავარსა" და "ფორმულას" კომუნიკაციების კომისიაში უჩივლა სხვადასხვა ტერმინის - „რეჟიმი“, „ოლიგარქის რეჟიმი“, „არალეგიტიმური ხელისუფლება“ და ა.შ. - გამოყენების გამო.

"თავისუფალი სიტყვა და თავისუფალი მედია არის დემოკრატიის საწყისი და საფუძველი ამიტომ ებრძვის ბიძინა ივანიშვილის და ცდილობს პირველ რიგში თქვენს გაჩუმებას", - თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

"ჭეშმარიტების სამინისტრომ თავისუფლების სახელით დაადგინა რომ რაღაც სიტყვები არ უნდა გამოვიყენოთ, არ ვიცი რაზე ფიქრობენ [კომუნიკაციების] კომისიის წვერები რომლებიც რაღაც გადაწყვეტილებას მიიღებენ, მაგრამ ეს ხომ დარჩება ისტორიას", - თქვა აქციის მონაწილე ქალმა.

რადიო თავისუფლებასთან საუბარში ონლაინ გამოცემა "პუბლიკის" რედაქტორმა ლიკა ზაკაშვილმა მარეგულირებელ კომისიას მოუწოდა "არ ჩაერიოს მედიის რეგულირების სფეროში"

"მედია უნდა იყოს უკეთესი, მაგრამ ამაზე უნდა იმსჯელოს მედიამ და მომხმარებლებმა არამც და არამც სახელმწიფოს ხელში არ უნდა იყოს ასეთი ბერკეტი, განსაკუთრებით ისეთი მთავრობის, როგორიც "ოცნებაა". კომისიას მოვუწოდებთ არ გამოიყენოს სასჯელი, სანქცია ის რაზეც მსჯელობს არ არის მისი მსჯელობის პრეროგატივა, ნუ ზღუდავთ მედიას , გაუმჯობესების საკითხი დაგვიტოვეთ ჩვენ", - თქვა ლიკა ზაკაშვილმა.

"ქართული ოცნების" საჩივარს მედიის წარმომადგენლები „რეპრესიების კიდევ ერთი სერიის დასაწყისს" უწოდებენ "კრიტიკული მედიის წინააღმდეგ“.

„ქართული ოცნების“ იურისტის თანახმად, ეს ტერმინები არის „პირადი შეფასებები/ბრალდებები, რომლებიც ფაქტებისგან გამიჯნული არ არის“, რის შემდეგაც იგი საჩივარში წერს:

პარტიის წარმომადგენელი მიუთითებს, რომ მაუწყებლობის კანონის თანახმად, მაუწყებელს პასუხისმგებლობა ეკისრება სოციალურ ქსელში ინფორმაციის განთავსების გამოც.

პარტია კომუნიკაციების კომისიას სთხოვს, “მაუწყებლობის შესახებ” კანონით განსაზღვრული ახალი ნორმების დარღვევისთვის ამ ტელეკომპანიებს პასუხისმგებლობა დაეკისროთ და ამოქმედდეს სანქცირების აღსრულების დროებითი წესი.

სრულად წაკითხვა