ვენსი: რუსეთი უკრაინაზე მოლაპარაკებისას ზედმეტად ბევრს ითხოვს

15 hours ago 3

უკრაინასთან კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებზე რუსეთის მოთხოვნები “ზედმეტად დიდი” აღმოჩნდა, ამის შესახებ ისაუბრა აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა 8 მაისს Fox News-თან ინტერვიუში. მისი თქმით, ვაშინგტონი მოელოდა, რომ მოსკოვი გადაჭარბებულ მოთხოვნებს წამოაყენებდა, როგორც ეს ხშირად ხდება მოლაპარაკებების საწყის ეტაპზე.

“ვიცოდით, რომ რუსეთი ძალიან ბევრს მოითხოვდა, ვინაიდან მათი აღქმაა რომ ომს იგებენ... მაგრამ რუსეთი არ უნდა მოელოდეს რომ მას იმ ტერიტორიებს მისცემენ, რომელიც ჯერ არც კი მოუგია და ეს ერთ-ერთ საკითხია, რომელიც მათ თავდაპირველ სამშვიდობო გეგმაში შეიტანეს”, - თქვა ვენსმა.

მან ასევე მნიშვნელოვან ფაქტად მოიხსენია შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებებში, რუსეთისა და უკრაინის მონაწილეობა კონკრეტული გეგმების შესახებ მათივე წინადადებებით. ვიცე-პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვაშინგტონი პროცესიდან გასვლას აპირებს, თუ გამოჩნდება, რომ რუსეთი არაკეთილსინდისიერად აწარმოებდა მოლაპარაკებებს.

„ეს ნიშნავს, რომ რუსეთიც და უკრაინაც მარტონი დარჩებიან, შეერთებული შტატების რჩევისა და შუამავლობის გარეშე“, - ხაზგასმით აღნიშნა ვენსმა. ამავდროულად, მან იმედი გამოთქვა დიპლომატიური პროგრესის მიღწევის შესახებ და აღნიშნა, რომ ვაშინგტონი გააგრძელებს მხარეების დაახლოების მცდელობას.

ვენსმა 1 მაისს გამოაცხადა აშშ-ის გეგმები რუსეთსა და უკრაინას შორის მომდევნო 100 დღის განმავლობაში მოლაპარაკებების გამართვის შესახებ. 7 მაისს, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის მიერ ორგანიზებულ სესიაზე, ვენსმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები ფსონს დებს გრძელვადიანი გადაწყვეტის პოვნაზე და არა 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე, რასაც რუსეთი ეწინააღმდეგება.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ადრე მოუწოდა საბრძოლო მოქმედებების ერთთვიანი შეჩერებისკენ, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ სააღდგომოდ და "გამარჯვების დღისთვის" ხანმოკლე ცეცხლის შეწყვეტის შემოღების საპასუხოდ.

სრულად წაკითხვა