„ქართული ოცნების“ ყოფილი ლიდერი, რომელმაც პარლამენტი 2019 წელს ეკა ბესელიასთან მომხდარი კონფლიქტის შემდეგ დატოვა, ახლა საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად თანამდებობაზე დაინიშნა - ვანო ზარდიაშვილი საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის გენერალური დირექტორი გახდა. საჯარო რეესტრში სიახლე 24 აპრილს აისახა, ცვლილება ჩანს სახელმწიფო კომპანიის ვებგვერდზეც.
პარლამენტის დატოვებიდან მალევე ის შპს „ენერგოტრანსის“ დირექტორის პირველ მოადგილედ დაინიშნა, შემდეგ - 2020 წლიდან 2021 წლამდე იყო სახელმწიფო ელექტროსისტემის მმართველთა საბჭოს წევრი, 2021 წლიდან 2025 წლამდე კი იყო დირექტორი იურიდიულ, გარემოს დაცვის, სოციალურ და ნებართვების საკითხებში.
2016 წლის მოწვევის პარლამენტში ბესელიაც და ხარდიაშვილიც „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენდნენ პარლამენტში. 2019 წლის იანვარში ბესელია შეეწინააღმდეგა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შეთავაზებულ მოსამართლეთა 10-კაციან სიას, რომლებიც პარლამენტს უვადოდ უნდა დაემტკიცებინა. 12 იანვარს 10-ვე კანდიდატმა უარი თქვა და კანდიდატურა მოხსნეს „არაჯანსაღი სპეკულაციების თავიდან აცილების მიზნით“.
მოსამართლეთა მიმართ კრიტიკული დამოკიდებულების ღიად გამოხატვას დროში დაემთხვა ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ღია წყაროებში, ონლაინ სივრცეში გასაჯაროება. ამ საკითხზე ზარდიაშვილმა ბესელიას 2019 წლის 26 სექტემბერს მიანიშნა, როცა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უვადო მოსამართლეობის კანდიდატის, მირანდა ერემაძის მოსმენის დროს ახსენა სიტყვები „ბესელიას მორალი“. ბესელია ზარდიაშვილს მაშინ ხელით შეეხო. ამ ინციდენტიდან რამდენიმე კვირაში ზარდიაშვილმა დეპუტატის მანდატზე უარი თქვა.